ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანქანები ერთმანეთთან ისაუბრებენ


რუბრიკა "გალილეო": ამერიკაში სამიოდე წელიწადში ავტომობილის მწარმოებლებს ავტო-საკომუნიკაციო სისტემის „ვი-თუ-ვის“ დაყენებას მოსთხოვენ

სულ რაღაც სამიოდე წელიწადში ავტომობილები ერთმანეთთან ისაუბრებენ და ერთმანეთს სიჩქარის, დამუხრუჭების თუ მოძრაობის მიმართულების შესახებ შეატყობინებენ. შეერთებული შტატების კანონმდებლები უახლეს წლებში საგზაო მოძრაობის ახალ სტანდარტს დაამტკიცებენ, რომელსაც ყველა ავტომწარმოებელი დაემორჩილება. რუბრიკა „გალილეოში“ დღეს ჩვენ ახალ ტექნოლოგიაზე მოგითხრობთ, რომელიც სავარაუდოდ საგზაო ავარიების რაოდენობასაც შეამცირებს.

ახალ სისტემას „ვი-თუ-ვი“ (V2V – Vehicle to Vehicle) ქვია. ეს ახლო მანძილზე გათვლილი საკომუნიკაციო სისტემაა, რომელიც მანქანებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია წამში 10-ჯერ მიაწოდონ. საუბარია მდებარეობაზე, სიჩქარეზე, დამუხრუჭებაზე, აჩქარების მაჩვენებელზე და სხვა მონაცემებზე. მანქანები რისკის საფრთხეს 300 მეტრის მანძილზე გათვლიან და მძღოლს ან გააფრთხილებენ, ან შესაძლოა თავად მიიღონ ავარიის თავიდან აცილების ზომები. გამაფრთხილებელ სიგნალს მძღოლები დაინახავენ, მოისმენენ და ვიბრაციით იგრძნობენ კიდეც.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00
ბმული

შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ახალი სისტემა ავტოავარიების შემთხვევებს 80 პროცენტით შეამცირებს. მითუმეტეს მაშინ, როცა ალკოჰოლი ფაქტორი არ იქნება. ადმინისტრაციის წარმომადგენელი გრეგ უინფრი ამბობს, რომ ახალი სისტემის ავტოწარმოებაში დანერგვით, გზებზე სიტუაცია დრამატულად შეიცვლება.

„საკითხს ასე უნდა შევხედოთ: ტრანსპორტის უსაფრთხოებაში პირველი 50 წელი მთავარი პრობლემა ავტოავარიებში ადამიანის გადარჩენა იყო. მომავალში გვექნება ტექნოლოგია, რომელიც ავარიების პრევენციას მოახდენს“ - აღნიშნავს ის.

კრიტიკოსები აღიარებენ, რომ „ვი-თუ-ვი“ რევოლუციური ტექნოლოგიაა. თუმცა იმ უსადენო კომუნიკაციის ბადეზეც შიშობენ, რომელსაც ავტომობილები ერთმანეთთან დაკავშირების დროს იყენებენ. მათ შორისაა სკოტ ბელჩერი საადვოკატო კომპანიიდან - ამერიკის ინტელეტუალური სატრანსპორტო საზოგადოება.

„რაკი ჩვენ ეს სიხშირე საზიაროდ გვაქვს, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა მანქანა შემოიჭრა და ავარიული მდგომარეობა შექმნა. შესაძლოა ავარიის თავიდან აცილება ვეღარ შევძლოთ იმის გამო, რომ საკომუნიკაციო სიხშირეს სხვებიც იყენებენ“- ამბობს ბელჩერი.

მისი თქმით, საზოგადოების შეშფოთებას კერძო ინფორმაციის დაუცველობაც გამოიწვევს. სისტემა ხომ ინდივიდუალური მძღოლების გადაადგილების და მათი ქცევის მონიტორინგის საშუალებასაც იძლევა.

სამთავრობო სააგენტოებმა, თუ კერძო კომპანიებმა პროექტთან დაკავშირებულ კვლევებში უკვე მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია ჩადეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა სავალდებულო გახდება და „ვი-თუ-ვი“ ამერიკაში გასაყიდად გამოშვებულ ყველა ახალ მანქანას სავარაუდოდ, უკვე 2017 წელს ექნება.
XS
SM
MD
LG