ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავლის თვითმფრინავები


2030 წლისთვის ნასას სურს, რომ თვითმფრინავებმა 60-70 პროცენტით ნაკლები საწვავი დაწვან, გარემო ნაკლებად დააბინძურონ და ბევრად უფრო ჩუმი და მსუბუქი იყონ. მეცნიერები თვლიან, რომ ამ მიზნების მიღწევა შეცვლილი მოდელით, უფრო მსუბუქი მასალით, უკეთესი აეროდინამიკით და განსხვავებული საწვავით, სავსებით შესაძლებელია.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00
ბმული

ნასას უზარმაზარ ლაბორატორიაში, რომელიც ვირჯინიის შტატის ქალაქ ჰემპტონში მდებარეობს, ინჟინრები თვითმფრინავის ფრთების ახალ დიზაინს ცდიან, რომელიც ბევრად უფრო მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული, ვიდრე სტანდარტული ალუმინის შენადნობი. უფროსი ავიაინჟინერი რობერტ სკოტი ამბობს, რომ მომავალში თვითმფრინავის ფრთები სავარაუდოდ, მსგავსი, მსუბუქი მასალით დამზადდება.

„გაუმჯობესებული მასალის გამოყენებას, დიზაინის სრულყოფას, თუ ძვირადღირებული საწვავის დაზოგვის სურვილს ბევრად უფრო მსუბუქი მოდელების შექმნისკენ მივყავართ“ - აღნიშნავს ინჟინერი სკოტი.

ერთ-ერთი დიზაინი კრონშტეინით გამაგრებული შედარებით გრძელი ფრთაა, ამბობს მეცნიერი რიჩარდ უოლსი:

„წინაღობის შესამცირებლად ფრთები თხელი რჩება, თუმცა ის უფრო გრძელი და მტკიცეა“.

და თუკი ვინმე ამ მოწინავე იდეებს ავიაციაში დანერგავს, ნასა მზად არის მათ ტესტირების შედეგები გაუზიაროს.

იქვე ახლოს, იმავე ცენტრში, ოღონდ სხვა ლაბორატორიაში კომპოზიტი ნივთიერებების წარმოების ახალ გზებს ცდიან. ბოჭკოების სწორხაზოვანი, პარალელური განლაგების ნაცვლად, ბოჭკოები მძიმე დატვირთვის წერტილის გარშემო ყალიბდება, გვიხსნის ინჟინერი კარენ თამინგერი.

„ეს საშუალებას იძლევა, რომ ბოჭკოებმა სიმძიმის ტარება მთელ სიგრძეზე გააგრძელონ, იმის ნაცვლად, რომ წყვეტა მოხდეს“ - აცხადებს მკვლევარი.

სტრუქტურული დიზაინის შეცვლა მისი თქმით, თვითმფრინავს არამარტო უფრო მსუბუქს გახდის, არამედ საწვავის დაზოგვის საშუალებასაც მისცემს. ნასას მკვლევარები მაქსიმალურად ზრუნავენ იმაზე, რომ მომავლის თვითმფრინავებმა გარემო ნაკლებად დააზიანონ - აღნიშნავს ფეი კოლიერი, საავიაციო პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც გარემოს დაცვისადმი მეტ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ალტერნატიული საწვავი უნდა გამოვიყენოთ და წვის კამერის დიზაინიც უნდა დავხვეწოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები გამონაბოლქვი გამოიყოს, მათ შორის აზოტის ჟანგი“ - ამბობს ის.

ამ ეტაპზე ინჟინრები ნავთში სხვადასხვა რაოდენობით ალტერნატიულ საწვავს ურევენ და თვითმფრინავებს ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ. თვითმფრინავზე დამაგრებული სენსორი გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერების პროცენტულობას აკონტროლებს. პროექტის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, რიჩარდ უოლსის თქმით, ნასა ავიაციის რევოლუციური გარდაქმნის გზებს ეძებს.

„იმედი გვაქვს ისეთ ტექნოლოგიებს მივაგნებთ, რომელიც ამ მიზნის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. მანამდე კი გამოგონებათა ეტაპობრივ დანერგვას დავიწყებთ. რევოლუციური გარდაქმნა სულ მცირე 20-30 წელი მაინც არ მოხდება“ - ამბობს უოლსი.

მანამდე კი ნასას მკვლევარები ტექნოლოგიების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე ზრუნვას აგრძელებენ, რათა ავიაკომპანიებს უფრო უსაფრთხო და ეკონომიური თვითმფრინავები ჰყავდეთ.
XS
SM
MD
LG