ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასას სიახლეები


გრაფიკოსის მიერ შექმნილი პლანეტის კონცეფცია
გრაფიკოსის მიერ შექმნილი პლანეტის კონცეფცია

რუბრიკა "გალილეო" ნასას სიახლეებზე მოგითხრობთ: ახალი გიგანტური დედამიწისმაგვარი პლანეტა; დედამიწელებმა შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძურონ; მფრინავი თეფში მარსზე

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:04 0:00
ბმული

2 ივნისს ნასამ და ჰარვარდ-სმითსონიანის ასტროფიზიკის ცენტრმა განცხადება გიგანტური დედამიწისმაგვარი პლანეტის აღმოჩენის შესახებ გააკეთეს. კეპლერ-10-სი ბევრად უფრო ადრე იპოვეს, მაგრამ თავიდან არ იყო ცნობილი, გაზის პლანეტა იყო ის, თუ ქვიანი. შემდეგ კი, როცა მისი წონა დაზუსტდა, აღმოჩნდა, რომ მას სენსაციური სიმძიმე გააჩნია და ამ ფაქტმა ასტროფიზიკოსების დიდი ყურადღება მიიქცია.

აქამდე ითვლებოდა, რომ ასეთი მეგა-პლანეტები ძირითადად გაზისგან შედგებოდა, ისევე როგორც იუპიტერი და ნეპტუნი. მას შემდეგ, რაც კეპლერ-10-სის წონა დადგინდა, გარკვეული დროის მანძილზე მოწმდებოდა ისიც, კარგავდა თუ არა პლანეტა პერიოდულად ატმოსფეროს ნაწილს. აღმოჩნდა, რომ - არა. გიგანტური დედამიწისმაგვარი პლანეტა იმაზე მყარი და იმაზე ძველია, ვიდრე ამის წარმოდგენა აქამდე შეიძლებოდა.

დრაკოს თანავარსკვლავედში მყოფი კეპლერ-10-სი დედამიწაზე ზომით 2.3-ჯერ მეტია, მაგრამ წონით, ჩვენს მშობლიურ პლანეტას 17-ჯერ აღემატება. საკუთარ მზისმაგვარი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნვას ის 45 დღეს ანდომებს. დედამიწიდან კი 560 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, დიმიტარ სასელოვი ახლადაღმოჩენილ გიგანტს დედამიწის ანალოგებში „გოძილა-პლანეტას“ უწოდებს, თუმცა კინოგმირისგან განსხვავებით, კეპლერ-10-სი სიცოცხლის რაიმე ფორმით არსებობისთვის ბევრად უფრო კეთილგანწყობილ თვისებებს ავლენს, აღნიშნავს მეცნიერი. ამასთან, პლანეტა თავისი სიძველითაც სენსაციურია, დაახლოებით 11 მილიარდი წლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ, ის ამგვარი ფორმით დაახლოებით 3 მილიარდი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. აღნიშნული ინფორმაციის პრეზენტაცია 2 ივნისს ამერიკის ასტრონომიის საზოგადოების პრესკონფერენციაზე მოხდა.

* * *
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ნასასგან: შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის სააგენტო შიშობს, რომ დედამიწელებმა შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძურონ. დიდი ხანია პოპულარული წიგნების თუ კინოფილმების სიუჟეტები ძირითადად უცხოპლანეტელების დედამიწაზე შემოჭრის იდეის ირგვლივ ვითარდება. თუმცა, იმაზე ალბათ ბევრს არც უფიქრია, რომ ჩვენ, დედამიწელებიც შეიძლება ვიყოთ ერთგვარი თავდამსხმელები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წითელ პლანეტაზე მოხეტიალე რობოტმა -კურიოზითიმ- შესაძლოა მარსზე ბაქტერიები ჩაიტანა. მათი აზრით, ზოგიერთ ორგანიზმს გადარჩენის მეტი უნარი აქვს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. ისინი კოსმოსში ხანგრძლივ გადაფრენასაც უძლებენ და მარსის მკაცრ ატმოსფერულ პირობებსაც. სიმულაციურ ტესტებში ზოგიერთი ბაცილის სპორებმა არამარტო რადიაციის მაღალ დონეს გაუძლეს, არამედ მარსის ატმოსფეროსმაგვარ პირობებში 30 წუთის მანძილზე იცოცხლეს, მაშინ როცა სხვები 30 წამის მანძილზე იღუპებიან.

მარსის მკვლევარები შიშობენ, რომ ეს ფაქტორი მათ მუშაობას საკმაოდ გაართულებს და ისინი ვერ შეძლებენ იმის დაზუსტებას, ცოცხალი ორგანიზმები მანამდე არსებობდნენ სხვა პლანეტებზე, თუ ისინი იქ ადამიანის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიამ ჩაიტანა. დედამიწაზე ჩატარებულმა სიმულაციურმა ტესტებმა გამოავლინა, რომ ორგანიზმების სპორების თითქმის 50 პროცენტს გადარჩენის უნარი აქვს.

* * *
და რაკი საუბარი მარსზე ჩამოვარდა, ბარემ ამერიკის ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის სააგენტოს კიდევ ერთ სიახლეს გაგაცნობთ. ნასა მარსზე გასაშვებად ახალ საფრენ აპარატს ცდის, რომელიც ე.წ. მფრინავ თეფშს გავს. ტრადიციული რაკეტებისგან განსხვავებით, ლამბაქის ფორმის კოსმოსური ხომალდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ბევრად უფრო მძიმე ტვირთის გადატანის უნარი გააჩნია. „მომავლის რობოტული მისიები და ადამიანთა მიერ განხორციელებული კვლევები ბევრად უფრო მასიური ტვირთის გადაზიდვას მოითხოვს წითელი პლანეტის ზედაპირზე“ - ნათქვამია ნასას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახალ ხომალდს შემოკლებით „ელ-დი-ეს-დის“ უწოდებენ. შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც დაბალი სიხშირის ზებგერითი დესელერატორი (LDSD – Low Density Supersonic Decelerator).

რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ინჟინრებს იდეა თევზის, ჰავაური პაფერისგან მოუვიდათ. თევზს უცნაური უნარი აქვს: როცა ის საფრთხეს გრძნობს, ძალიან სწრაფად ბურთივით იბერება. ნასას ინჟინრები ფიქრობენ, რომ ახალი მფრინავი თეფში მარსის ატმოსფეროში შესვლის შემდეგ, მძიმე ტვირთით პლანეტის ზედაპირზე დაშვებისას ასევე შეძლებს გაბერვას. მფრინავი თეფში ზებგერითი პარაშუტითაა აღჭურვილი, რომელიც ოკეანის ზედაპირზე დაშვებასაც ბევრად უფრო გააიოლებს.
XS
SM
MD
LG