ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლო ტრამპის ადმინისტრაციის და ტექნოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ - რუბრიკა “გალილეო”


პოლიციის მიერ ჩამორთმეული უკანონო პლატმასის იარაღის გამოფენა იაპონიაში

“სამგანზომილებიანი იარაღის ეპოქა ფორმალურად იწყება” - აცხადებს ვებგვერდი, რომლის სახელწოდება შეიძლება ითარგმნოს, როგორც თავდაცვის დისტრიბუცია (Defense Distributed). ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო დავის შემდეგ, ორგანიზაციამ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს პროცესი მოუგო და ამ ხნის მანძილზე გაუქმებული ვებგვერდი ფინანსური კომპენსაციის შემდეგ, თავიდან აამოქმედა.

ვებგვერდი, რომელიც მომხმარებლებს სამგანზომილებიანი ბეჭდვისთვის იარაღის გამზადებულ პროექტებს სთავაზობს, წესით 1 აგვისტოს უნდა გააქტიურებულიყო. თუმცა, დამფუძნებლებმა ის 4 დღით ადრე, პარასკევს ჩართეს. იარაღის პროექტები უკვე ათასობით მომხმარებელმა შეიძინა და ჩამოტვირთა.

1 აგვისტოს დადგომამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ გვერდის ამოქმედება ისევ დროებით შეაჩერა. მოსამართლე რობერტ ლასნიკის განმარტებით, სასამართლოში მომდევნო განხილვის თარიღად 10 აგვისტო ჩაინიშნეს.

ამასობაში, ბოლო ოთხი დღის მანძილზე ვებგვერდზე იდო 9 სხვადასხვა იარაღის დეტალური ნახაზების შემცველი პროექტი. მათ შორის რამდენიმე ისეთი პოპულარული იარაღია, როგორიცაა ბერეტა M-9, ან ნახევრად ავტომატური AR-15. ეს უკანასკნელი დამნაშავეებმა ამერიკულ სკოლებში მომხდარ, არაერთ მასობრივ მკვლელობაში გამოიყენეს.

დამფუძნებელი ტექნოლოგიური კომპანიის ვებგვერდი ღია წყაროს პრინციპით მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვებგვერდზე მომხმარებლებს თავადაც შეუძლიათ ატვირთონ მათ მიერ შექმნილი, თუ უკვე არსებული პოპულარული იარაღის პროტოტიპების, ტყვიის და ამუნიციის პროექტები.

სამგანზომილებიან, ე.წ. 3D პრინტერზე დაბეჭდილ იარაღებს მეტსახელად “იარაღი-მოჩვენება” შეარქვეს. ეს იმიტომ, რომ მათ არც ნომერი აქვს და იდენტიფიცირების არც სხვა რაიმე საშუალება. პლასტმასი, რომლითაც იარაღს ასხამენ, იგივე შემადგენლობისაა, რაც სათამაშოების კომპანია “ლეგოს” ასაგები ბლოკები. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ იარაღის მასობრივი გავრცელების შემდეგ, ამ იარაღით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სამართალდამცავებისთვის ურთულესი პრობლემა გახდება და პროცესი შეიძლება უმართავი გახდეს.

იარაღის ამ გზით წარმოებას და გავრცელებას ამერიკის რამდენიმე შტატი ინდივიდუალურად ებრძვის. ორშაბათს, 30 ივლისს, ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ის გაუძღვება 7 შტატის და კოლუმბიის ოლქისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც მათ იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე სამგანზომილებიანი იარაღის ჩამოტვირთვის და ჩამოსხმის აკრძალვას შეეცდება.

“ეს ჩამოსატვირთად მზა იარაღი არ არის დარეგისტრირებული, ძალიან რთულია მისი მეტალ-დეტექტორებით დაფიქსირებადა ის იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ასაკის, ფსიქიკური სიჯანსაღის, ან კრიმინალური ისტორიის მიუხედავად” - აცხადებს ვაშინგტონის შტატის გენერალური პროკურორი. სწორედ მის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე მოხდა ამჯერად ვებგვერდის ოფიციალურად ამოქმედებამდე შეჩერება.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ქალაქ სიეტლის ფედერალური სასამართლო წარმართავს. კოლუმბიის ოლქთან ერთად, ჯგუფში ერთიანდებიან პენსილვანიის, ორეგონის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, მერილენდის და კონექტიკუტის შტატების გენერალური პროკურორები.

პარალელურად, 21 დემოკრატიული შტატის გენერალურმა პროკურორებმა მოწოდებით მიმართეს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსს, რათა სახელმწიფო დეპარტამენტი სასამართლო გარიგებიდან სასწრაფოდ გამოვიდეს. “შეთავაზებული გარიგების პირობები ძალზე სახიფათოა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე შესაძლოა უპრეცედენტო გავლენა იქონიოს” - ნათქვამია მათ ერთობლივ მიმართვაში.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, სამგანზომილებიანი პრინტერის შესაძლებლობებით მოხიბლული, 25 წლის ახალგაზრდა ბიჭის სურვილით, თავად ჩამოესხა პლასტმასის იარაღი. კოდი უილსონმა, იურიდიული ფაკულტეტის ყოფილმა სტუდენტმა განაცხადა, რომ ანარქისტი გახდა და იურისტობა აღარ სურს.

სწორედ უილსონმა დააფუძნა ტეხასის შტატში ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიური კომპანია, ღია წყაროს პრინციპის ვებგვერდი, რომლის ბევრი წევრი დღემდე უცნობი რჩება და კვლავ ანონიმურობის შენარჩუნებას ამჯობინებს. 2013 წელს უილსონმა “იუ-თუბზე” ვიდეო ატვირთა, რომელშიც მან მსოფლიოს პირველი, სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი იარაღი წარუდგინა.

ვიდეომ მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა. პირველი იარაღის პროექტი ვებგვერდიდან ასობით ათასმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ამ ფაქტმა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, სახელმწიფო დეპარტამენტი აიძულა ვებგვერდის დახურვა და ინტერნეტიდან იარაღის შექმნის ინსტრუქციების მოხსნა მოეთხოვა. კოდი უილსონმა საკუთარი უფლებების დაცვა გადაწყვიტა და იარაღით ვაჭრობის ადვოკატ ცნობილ ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლა.

სასამართლო დავა 4 წლის მანძილზე გრძელდებოდა. პროცესი ერთი თვის წინ მოულოდნელად დასრულდა. საგარეო უწყებამ პოზიციები დათმო. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით და მათი განმარტებითვე, ამერიკელებს აქვთ სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი, პლასტმასის იარაღის წარმოების უფლება, მათ ტექნიკურ მონაცემებზე “ხელმისაწვდომობის, დისკუსიის, გამოყენების და რეპროდუქციის” უფლებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, სასამართლოს გარიგება წინააღმდეგობაში არ მოდის შეერთებული შტატების უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან. უწყება აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

იარაღით ვაჭრობის ცნობილი და დიდი ძალაუფლების მქონე ადვოკატი ორგანიზაციები გამყიდველის უფლებას იცავენ და აცხადებენ, რომ საფრთხე გადაჭარბებულად არის აღქმული. მათი მტკიცებით, სამგანზომილებიანი იარაღის გავრცელებით შექმნილი პანიკაც გაზვიადებულია, რადგან პრინტერი ძვირია, პლასტმასით დამზადებული იარაღი კი - არც ისე საიმედო.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ეს ყოველივე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. დღეს გარკვეულ საფასურად უკვე შესაძლებელი ხდება იარაღის პროექტის პერსონალურ კომპიუტერზე შენახვა და შემდეგ სამგანზომილებიანი პრინტერით პლასტმასის იარაღის ჩამოსხმა. ამისთვის მხოლოდ ინსტრუქციების გულდასმით მიყოლაა აუცილებელი.

აქვე უნდა ითქვას, რომ თავად სამგანზომილებიანი პრინტერი (საბეჭდი მანქანა) იაფი არ არის, ის რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ამის გამო, პრინტერის შეძენა ყველას არ შეუძლია. თუმცა, თვითნაკეთ იარაღზე ხელმისაწვდომობა დღევანდელი მოცემულობით, უკვე გაზრდილია. ნახაზები ასობით ათას ადამიანს აქვს და მათი კიდევ უფრო მეტად გავრცელებაა მოსალოდნელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG