ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მფრინავი ტაქსიდან ჰიპერლუპამდე - სატრანსპორტო ტექნოლოგიური სიახლეები რუბრიკაში “გალილეო”


იაპონია: 6 წუთში დამუხტული ბატარეით მანქანა 320 კილომეტრს გაივლის

ელექტრო მანქანებისთვის შექმნილი ბატარეების წარმოება თანდათან იხვეწება. იაპონურმა კორპორაციამ “ტოშიბა” 3 ოქტომბერს განცხადება ახალი ბატარეის SCiBTM წარმოებაში ჩაშვების თაობაზე გააკეთა, რომელიც ერთჯერადი დამუხტვით განვლილ მანძილს სამჯერ გაზრდის. ელექტრო ბატარეა სულ 6 წუთში ისე დაიმუხტება, რომ მანქანამ 320 კილომეტრი დაფაროს. დაბალ ტემპერატურაზე, მაგალითად, მინუს 10 გრადუსში, ბატარეის დამუხტვას ოდნავ მეტი, 10 წუთი დასჭირდება.

“ძალიან ვართ აღფრთოვანებული ახალი ბატარეის პოტენციალით” - ამბობს ოსამუ ჰორი, კორპორატიული კვლევის და განვითარების ცენტრის დირექტორი “ტოშიბაში”. მისი თქმით, ამგვარი განვითარება ელექტრო მანქანების წარმოების ინდუსტრიაში გარდატეხას შეიტანს და თამაშის წესებს მთლიანად შეცვლის. სიახლის დანერგვა 2019-ში, ფისკალური წლის დასაწყისიდან იგეგმება.

დუბაი: პირველი მფრინავი ტაქსის გამოცდა წარმატებით დასრულდა

25 სექტემბერს დუბაიში პირველი მფრინავი ტაქსი გამოსცადეს, რომელსაც ველომფრენსაც უწოდებენ. ორადგილიანი უპილოტო დრონის AAT გამოცდას, რომელიც ტაქსის ფუნქციას შეასრულებს, არაბთა გაერთიანებული საემიროს ტახტის მემკვიდრე შეიხ ჰამდან ბინ მოჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმი ესწრებოდა.

ველომფრენი უპილოტო ორადგილიანი საფრენი აპარატია, რომელიც აფრენას და დაფრენას ვერტიკალურად ახორციელებს. ფრენის დრო ჯერჯერობით 30 წუთითაა ლიმიტირებული. ველომფრენის სიჩქარე საათში 50 კილომეტრს უდრის, რაც მოკლე ურბანული გადაფრენებისთვის შეიძლება იდეალურიც კი იყოს. ეკოლოგიურად სუფთა და უხმაურო დრონის მწარმოებელია გერმანული კომპანია “ველოკოპტერი”. მოდელი AAT სიმაღლეში 2 მეტრამდეა, როტორის დიამეტრი კი 7 მეტრს აღწევს.

აშშ: მილიარდზე მეტი ვიდეოთვალი ამერიკის ქუჩებზე

კორპორაცია “ენვიდია” აცხადებს, რომ 2020 წლისთვის ამერიკის ქალაქების ქუჩებზე მილიარდზე მეტი ვიდეოთვალი იქნება დამონტაჟებული. მათი მომსახურების გამოყენების საშუალება ყველას გვექნება. მნიშვნელოვნად მოგვარდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა საცობები, შეტყობინებები საგანგებო შემთხვევების შესახებ, თუ დაკარგული ადამიანების პოვნა - თქვა 25 სექტემბერს პეკინში გამართულ პრეზენტაციაზე კორპორაციის ხელმძღვანელმა ჯენსენ უანგმა. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი მალე რევოლუციურ გადატრიალებას მოახდენს და მომავლის ქალაქების დაგეგმარება სულ სხვაგვარად მოხდება.

უანგმა უპილოტო მანქანებისთვის საგანგებოდ შექმნილი ახალი კომპიუტერული პლატფორმაც წარმოადგინა, სახელწოდებით “დრაივი” და ასევე მსოფლიოში პირველი პროცესორი უპილოტო მანქანებისთვის “ხავიერი”. ორივე სიახლე მსურველებისთვის ხელმისაწვდომი 2018 წლის პირველი კვარტლიდან გახდება.

მექსიკა: პირველი ჰიპერლუპი მეხიკოს გვადალახარასთან დააკავშირებს

ელონ მასკის მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს წარმოდგენილი ჰიპერლუპის პროექტის განხორციელება, როგორც ჩანს, პირველად მექსიკაში დაიწყება. სიტყვიერი შეთანხმება არსებობს მისი ამერიკაში, ნიუ-იორკს და ვაშინგტონს შორის აგების თაობაზე და მოლაპარაკება მიმდინარეობს ინდოეთთანაც. თუმცა, პროექტის რეალიზებასთან ყველაზე ახლოს დღეს “მექსლუპია”, რომელიც მეხიკოს და გვადალახარას შორის მანძილს 6 საათიდან 45 წუთამდე შეამცირებს. სადგურები გაიხსნება აეროპორტებთან, სარკინიგზო კვანძებთან და მეტროს დატვირთულ გაჩერებებთან. “მექსლუპი” ვარაუდობს, რომ 2020 წლამდე 68 მილიონ ადამიანს მოემსახურება.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჰიპერლუპი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულიად ახალი სახე გახდება. პროექტის მიხედვით, ეს არის ჰაერში, ან მიწისქვეშ დამონტაჟებული მილის ფორმის გაყვანილობა, რომელშიც მატარებელი შეკუმშული ჰაერის და ვაკუუმის საშუალებით გადაადგილდება. პნევმატური ენერგიის ამ გზით გამოყენებით, მატარებელი თვითმფრინავზე სწრაფი გახდება. ჰიპერლუპის მიერ გამოცხადებულ 10 პოტენციურ მარშრუტს შორისაა: ჩიკაგო-კოლუმბუსი-პიტსბურგი (აშშ); მაიამი-ორლანდო (აშშ); ტორონტო-მონრეალი (კანადა); ლონდონი-ედინბურგი (ბრიტანეთი); გლაზგო-ლივერპული (ბრიტანეთი).

გერმანია: “პორშეს” პირველი ელექტრო მანქანა Mission E 2019-ში გამოვა

როგორც კომპანია “პორშეს” ხელმძღვანელი, ოლივერ ბლუმი აცხადებს, მათი პირველი ელექტრო მანქანა Mission E ბაზარზე დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 2019 წელს გამოვა. ოთხკარიანი სპორტული მოდელის სიმაღლე 1.3 მეტრი იქნება და დაახლოებით 80 ათასი ამერიკული დოლარი ეღირება.

“პორშე” აცხადებს, რომ მათი ელექტრო მანქანა 96 კილომეტრს საათში 3.5 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს. მოდელის Mission E სიჩქარის ლიმიტი 249 კმ/სთ იქნება. სპეციალისტების შეფასებით, სიძვირის გამო ის მასობრივ წარმოებაში “ტესლას” კონკურენტი ვერ გახდება. თუმცა, მაღალი ხარისხით გამორჩეულ “პორშეს” მომხმარებლები არ აკლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG