ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეული უკრაინას ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება


შვიდი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები შეთანხმდნენ კოორდინაციის მექანიზმის აუცილებლობაზე, რომელიც დაეხმარება უკრაინას აღადგინოს და დაიცვას თავისი კრიტიკული ენერგეტიკის და სხვა ინფრასტრუქტურა რუსეთის თავდასხმებისგან, განაცხადა პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

დიდი შვიდეულის ქვეყნები დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, ამ კვირაში შეიკრიბნენ. განსახილველ საკითხებს შორის იყო, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ირანის სამხედრო კავშირების გაღრმავება მოსკოვთან და ასევე - ჩინეთის მზარდი საფრთხე.

დიდი შვიდეულის წევრებმა ასევე განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და ის, თუ რა სახის იარაღს მიაწვდიან კიევს. ყურადღება გამახვილდა იმ ტიპის დახმარებაზე, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებული თავდასხმებისგან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ამ საკითხებზე, ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით ისაუბრა.

„მათ განიხილეს, რა საჭიროებების წინაშე დგას უკრაინა ზამთრის წინ და შეთანხმდნენ, რომ უნდა არსებობდეს დიდი შვიდეულის კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც დაეხმარება უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში“, - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

„ეს არის ის, რაც იქნება ამ ჯგუფის ძირითადი აქცენტი მომდევნო დღეებსა და კვირებში, ”- თქვა მან.

დიდი შვიდეულის დისკუსიას ვირტუალურად შეუერთდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთმა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე. კიევში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ენერგოსისტემის 40%-მდე. უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის საათობრივი გამორთვა.

დიდი შვიდეულის დახმარება, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს თავი დაიცვას, საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „იყო დისკუსია იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ ცალკეული სისტემები და მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას უკეთ დაიცვას თავი ამ უპილოტო და სარაკეტო თავდასხმებისგან“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მოსკოვმა აღიარა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება, მაგრამ უარყოფს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.

უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ადანაშაულებენ ირანს რუსეთისთვის "კამიკაძე" უპილოტო საფრენი აპარატეები გადაცემაში. ირანი ბრალდებას უარყოფს.

ნატომ პირობა დადო, რომ გააძლიერებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, სექტემბერში გაზსადენებზე, ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2-ზე მომხდარი ინციდენტების შემდეგ. მილსადენის აფეთქების მიზეზებს ამ დრომდე იძიებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG