ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვაპსუხობს


გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვაპსუხობს
გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვაპსუხობს

22-25 ივლისს თბილისში საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობაში კონტექსტუალური საზაფხულო ხელოვნების პროექტი გაიმართა

ივლისის მიწურულს თბილისში საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობაში უჩვეულო ღონისძიება გაიმართა სათაურით „გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს.“ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ამ პროექტის ერთ-ერთ კურატორს ქართველ ხელოვნებათმცოდნეს ნინო ფალავანდიშვილსა და პროექტზე მოწვეულ ეგრეთწოდებულ „პარტიზან მებაღეს“ ბრიტანელ რიჩარდ რეინოლდსს.

აი რა მოგივთხრო ამჟამად გერმანიის ქალაქ ლაიპციგის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ გალერეაში მოღვაწე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ, დიზაინერმა და ორგანიზავია GeoAIR-ის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ფალავანდიშვილმა პროექტ „გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვაპსუხობს“ შესახებ:

„ამ პროექტის მთავარი ამოსავალი და ინტერესი იყო 1975 წელს თბილისში აშენებული ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტრო, რომელმაც 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფუნქცია დაკარგა. ჩვენ ეს ნაგებობა საგამოფენო სივრცედ გამოვიყენეთ როგორც ერთ-ერთი უნიკალური არქიტექტურის ნიმუში და ასევე მთავარ თემად. იმიტომ რომ მთელი პროექტი ძირითადად გვიანი მოდერნიზმისა და საბჭოთა მოდერნიზმის თემას, უტოპიურ აზროვნებას, იმ დროის არქიტექტურას, პრეზერვაციას მიეძღვნა.“

პროექტში მონაწილეობა მიიღო ეგრეთწოდებულმა „პარტიზანმა მებაღემ“ ბრიტანელმა ხელოვანმა რიჩარდ რეინოლდსმა. ნინომ მისი მონაწილეობა პროექტში ამგვარად დაახასიათა:

„რიჩარდი ჩვენი მოწვევით ჩამოვიდა რათა შეესწავლა ამ შენობის მცენარეული საფარი. როგორც იცით, ამ შენობის მთავარი ამოსავალი წერტილი ბუნება იყო. მის გარშემო ძალიან უხვად გაშენებული მცენარეული საფარია. რიჩარდმა აქცენტები დასვა იმაზე თუ რა არის იქ მნიშვნელოვანი, როგორი მცენარეული საფარი ხარობს, და არიან თუ არა ეს მცენარეები დამანგრეველი შენობისთვის.“

ხოლო ვებ გვერდ „პარტიზანული მებაღეობის“ ავტორმა რიჩარდ რეინოლდსმა შემდეგნაირად განმარტა თავისი როლი თბილისში გამართულ პროექტში:

„მე ამ პროექტს ჩემი პერსპექტივა შევმატე. ეს კი გახლავთ საზოგადოებრივი ადვილების გაუმჯობესება მებაღეობის მეოხებით. ის რაც მე ამ შენობაში აღმოვაჩინე გახლდათ ის, რომ გარემოსა და შენობას შორის კონფლიქტი მიმდინარეობს. მაგრამ იმავდროულად ჩემთვის ნათელი გახდა ამ უნიკალური ნაგებობის შემქმნელთა ორიგინალური ხედვა, რომელიც გარემოსთან შერწყმას ითვალისწინებდა, და ის თუ რა მოუვიდა ამ შენობას მას შემდეგ რაც მიატოვეს.“

რეინოლდსმა გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ:

„მე ვიცი, რომ ბიო მრავალფეროვნების კუთხით საქართველო უაღრესად მდიდარი ქვეყანაა და ყოველივე ეს თბილისში აისახება. ეს მწვანე და ძალზედ მომხიბვლელი ქალაქია. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მებაღეობის თვალსაზრისით.“

ინტერვიუს დასასრულს ნინომ ორგანიზაცია GeoAIR-ის საქმიანობის შესახებ მოგვითხრო:

„GeoAIR-ი არის ორგანიზაცია რომელიც 2003 წელს თბილისში დაარსდა. ძირითადად GeoAIR-ი ან თვითონ არის ინიციატორი საერთაშორისო პროექტებისა ან არის თანაორგანიზატორი, როგორც ამ შემთხვევაში ‘გაყინული მომენტების’ დროს იყო. ჩვენი მთავარი ინტერესია სოციალურად აქტუალური თემების განხილვა, და წინა პლანზე წამოწევა. ასევე არაკონვენციურ სივრცეებში მუშაობა. ჩვენ ძირითადად ყოველთვის ვიყენებთ მიტოვებულ შენობებს ჩვენ საგამოფენო სივრცედ. გარდა ამისა, 2010 წლიდან GeoAIR-მა დაიწყო რეზიდენცია კურატორებისთვის და ხელოვანებისთვის, რომელიც ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს, და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საქართველოში თანამედროვე ხელოვნების დისკურსის ხელშეწყობა და გაღვივება.“

XS
SM
MD
LG