უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჩარლზ კრაუტჰამერის სტატიით სათაურით „სისუსტის ნაყოფი,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ 21 მაისის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ირანის ურანის ექსპორტთან დაკავშირებული გარიგების ნამდვილი შინაარსი იმაში მდგომარეობას, რომ ბრაზილიამ და თურქეთმა მოლების ბირთვული ამბციები დაიცვეს და განგებ ძირი გამოუთხარეს შეერთებული შტატების მცდელობას, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ცდილობს.
ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ოფიციალური ფოტო, რომელიც თურქეთ-ბრაზილიის ირანთან გარიგების განცხადებას მოჰყვა: ლათინურ ამერიკაში ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირის ბრაზილიის პრეზიდენტი და ნახევარი საუკუნის მანძილზე ნატოს მუსლიმანი მოკავშირის - თურქეთის პრემიერ მინისტრი მსოფლიოში ყველაზე ანტი-ამერიკულად განწყობილ ლიდერთან პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან ერთად საზეიმო ვითარებაში გვერდიგვერდ დგანან.
ეს ფოტოსურათი ობამას საგარეო პოლიტიკის გამანადგურებელ ვერდიქტს წარმოადგენს. მასში აისახება ის, რომ მზარდი გავლენის მქონე სახელმწიფოებმა ისევე როგორც ამერიკის ტრადიციულმა მოკავშირეებმა თვალნათლივ დაინახეს, რომ ამერიკის მტრების მხარდაჭერას არ მოჰყვება რაიმე მნიშვნელოვანი საფასური ისევერ როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მოკავშირეობა არ უკავშირდება რაიმე უპირატესობას, რადგან ვაშინგტონი ბოდიშებითა და კომპრომისებით არის დაკავებული.
ამ სახელმწიფოებმა დაინახეს, რომ ამერიკა უსიტყვოდ დათანხმდა რუსეთის გავლენის გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპაში. როგორც ცნობილია, რუსეთმა გასულ თვეს აიძულა უკრაინა დათანხმებულიყო სევასტოპოლში შავი ზღვის საზღვაო ბაზის 25 წლით გამოყენებას. ხოლო საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსია რუსეთის მიერ, როგორც ჩანს, აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკისთვის.
ამ სახელმწიფოებმა უთუოდ შენიშნეს ის, რომ ობამას ადმინისტრაციამ შეურაცხყოფა მიაყენა ბრიტანეთს ფალკლენდის კუნძულების გამო, ისრაელი აბუჩად აიგდო, ძირი გამოუთხარა ჩეხეთსა და პოლონეთს, და უგულვებელყო საქართველო და ლიბანი. ლათინურ ამერიკაში ისინი ხედავენ შეერთებული შტატების პასიურობას უგო ჩავესის მიმართ, რომელიც ქმნის ანტი-ამერიკულ „ბოლივარულ“ კოალიციას და აღრმავებს სამხედრო და სავაჭრო კავშირებს ირანსა და რუსეთთან.
ყოველივე ეს არა მხოლოდ ამერიკის დაკნინების მანიშნებელია არამედ ამერიკის უკან დახევის. უკან დახევისა, რომლის დროსაც ამერიკა ღიად აღიარებს საკუთარ დაკნინებას და სხვა სახელმწიფოებს შექმნილი ვაკუუმის შევსებას მოუწოდებს.“
უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ რონალდ ასმუსის სტატიით სათაურით „ნატოს განმტკიცება: სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი,“ რომელიც შეერთებული შტატების მარშალის ფონდის ვებ გვერდზე 21 მაისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„გასული კვირის დასაწყისში ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დანიშნა და რომელსაც შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი უძღვება, ბრიუსელში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ალიანსის განვითარების ახალი სტრატეგიული კონცეფცია წარადგინა. ხსენებულ ჯგუფს ახალი სტრატეგიული დოქტრინის შემუშავება დაევალა მაშინ როცა ალიანსის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა სუფევს.
ექსპერტთა მოხსენება ცდილობს ერთდროულად გაამხნევოს ის მოკავშირეები, რომლებსაც რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო მუქარის ფონზე ალიანსის წესდების მეხუთე სტატიის შესრულებაში ეჭვი ეპარებათ და ის წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც მოსკოვთან უფრო აქტიური ურთიერთობის განვითარებას ემხრობიან. ექსპერტთა ჯგუფი 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე სტატიის ცენტრალურ მნიშვნელობას ხაზგამსით აღნიშნავს. როგორც ცნობილია, ამ სტატიის თანახმად ალიანსი დაიცავს წევრ-სახელმწიფოს იმ შემთხვევაში თუ მის ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდა. იმავდროულად, ექსპერტებმა შეისწავლეს ალიანსის ისტორია და მოიშველიეს 1967 წლის ჰარმელის მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირთან მიმართებაში ალიანსში არსებული უთანხმოების გადასალახად გამოყენებულ უნდა იქნას ორმაგი მიდგომა. ექსპერტთა ჯგუფი რუსეთის მიმართ მსგავსი მიდგომის გამოყენების მომხრეა, რომელიც ერთის მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვთან თანამშრომლობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადრე მიცემული მაგრამ დღემდე შეუსრულებელი დაპირება ახალ წევრ-სახელმწიფოებში შესაბამისი სამხედრო ზომების მიღებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული დაგეგმარების, სამხედრო მანევრებისა და თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნის ჩათვლით, როგორც იქნა, შესრულდება. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ შედეგად ალიანსში უფრო მყარი კონსენსუსი შეიქმნება მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებისთვის. ამას გარდა ხსენებული ზომები შევა ალიანსის საგანგებო მდომარეობათა მართვის სისტემაში, რომლითაც გაძლიერდება ნატოს მიერ ალიანსის საზღვრებს გარეთ ახალი კრიზისული სიტუაციების ამოცნობა, შეფასება და მათზე რეაგირება.“
უცხოური პრესის მიმოხილვის დასასრულს მიმოვიხილავთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს სტატიას სათაურით „თურქეთის ნულოვანი პრობლემების საგარეო პოლიტიკა,“ რომელიც ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ 20 მაისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ამჟამად თურქეთზე მზარდი ზეგავლენა შეინიშნება, რათა ანკარამ მნიშვნელოვანი რეგიონალური როლი შეასრულოს, რის გამოც იქმნება დაძაბულობა არსებულ სტრატეგიულ ალიანსებსა და ახალ რეგიონალურ ვალდებულებებს შორის. ამ ურთიერთობებით წარმოქმნილ გამოწვევასთან გამკლავება განსკუთრებით მწვავედ იგრძნობა ამ ბოლო დროს მომხდარ რეგიონალურ კრიზისებში კავკასიაში, ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. თურქეთი კვლავინდებურად ცდილობს მიაღწიოს ჰარმონიას მის არსებულ სტრატეგიულ ალიანსებში, მეზობელ სახელმწიფოებსა და რეგიონებს შორის.
თურქეთის უნიკალური დემოგრაფიული რეალობა აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში. მაგალითად თურქეთში უფრო მეტი ბოსნიელია ამჟამად ვიდრე ბოსნია-ჰერცეგოვინაში. იგივე შეიძლება ითქვას ალბანელებსა და ჩეჩნებზე. თურქეთში უფრო მეტი აფხაზია ვიდრე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. თურქეთში აზერბაიჯანელებისა და ქართველების რიცხვი აგრეთვე მნიშვნელოვანია. ამას გარდა თურქეთში ცხოვრობს ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფი მეზობელი რეგიონებიდან. ამდენად ხსენებული კონფლიქტების გავლენა მოსახლეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს თურქეთის შიდა პოლიტიკაზე.
ამ გარემოების გამო თურქეთი განიცდის რეგიონალურ დაძაბულობას ქვეყნის შიგნით და მთავრობის მიმართ იზრდება საზოგადოებრივი მოთხოვნები რათა ანკარამ აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსი შეიმუშავოს ამ ეთნიკური ჯგუფების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამ მხრივ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შედეგს წარმოადგენს და მასში მისი მოქალაქეების პრიორიტეტები და დამოკიდებულება აისახება. თურქეთის დემოკრატიზაცია მოითხოვს მოსახლეობის მოთხოვნების ინტეგრაციას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ისევე როგორც ეს სხვა უფრო განვითარებულ დემოკრატიებში ხდება.“