ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური მედია არჩევნებს ეხმაურება


უცხოელი ჟურნალისტები საპრეზიდენტო არჩევნების მიმოხილვის დროს ყურადღებას ივანიშვილის და სააკაშვილის მომავალზე ამახვილებენ

უცხოური მედია საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი ყურადღებით აშუქებს. უცხოური პრესის მომიხილვა ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა მოამზადა.

ამერიკული „ნიუ იორკ თაიმსი“ სათაურით „საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია, თუმცა რეალური ძალაუფლება მომავალი პრემიერ-მინისტრის ხელშია“ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. დევიდ ჰერსზენჰონის სტატიაში, ყურადღება გამახვილებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის თაობაზე, რომლის შესახებაც ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე საუბრობდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მარგველაშვილის წარმატება გარკვეულწილად ივანიშვილმა განსაზღვრა, რომელმაც ჟურნალისტის კომენტარით, გასულ წელს ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოვიდა. „მათი მთავარი მიზანი პრეზიდენტ სააკაშვილის დამარცხება იყო , კოალიციის გამარჯვება კი იმ ვიდეო-მასალამ მოიტანა, სადაც საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტები იყო ასახული“, აღნიშნავს ავტორი.

ამერიკული „ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოს ახალ არჩეულ პრეზიდენტს ნაკლებად დინამიურს უწოდებს, რომელიც საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების დროს წინა კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახლა უფრო შეზღუდული იქნება. „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ასევე საუბარია ივანიშვილის წარსულზე, მის მოღვაწეობაზე რუსეთში, და მისი პრემიერობის პერიოდში მოსკოვთან დამთბარ ურთიერთობებზე. „10-წლიანი მმართველობის მანძილზე სააკაშვილმა ქვეყანა დემოკრატიის გზაზე დააყენა, მაგრამ ბოლო წლებში მისი მმართველობის პერიოდში მომხდარმა ექსცესებმა ხალხის განწყობა მის მიმართ შეცვალა. არანაკლებ საინტერესოა სააკაშვილის ბედი და ის, სურს თუ არა მისი ხილვა ციხეში ივანიშვილს. თუმცა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას დასავლეთთან სურს კარგი ურთიერთობა, და ამიტომაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის ემზადება“, აღნიშნავს სტატიის ავტორი ვილ ენგლანდი.

ბრიტანული გარდიანი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს ეგზითპოლების გამოქვეყნების შემდეგ გამოეხმაურა. „მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელიც ეგზითპოლების მიხედვით მარგველაშვილის მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს იყო, დამარცხებას აღიარებს და მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს“, აღნიშნავს გარდიანი. სტატიაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს „დიქტატორს“ და „მატყუარას“ უწოდებდა, და საუბრობდა იმაზეც, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს მისი მმართველობის პერიოდში ხელისუფლების წევრების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების გამო.

„როიტერი“ ევროპელი დამკვირვებლების შეფასებებს გვაცნობს, რომლებმაც ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს „ გამჭირვალე და პოზიტიური“ არჩევნები უწოდეს, რაც პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაში დემოკრატიის გაძლიერებაზე მეტყველებს. სააგენტოს ასევე მოჰყავს ეუთოს დამკვირვებელთა მისის ხელმძღვანელის ჯო სორესის კომენტარი. მისი განცხადებით, „ეს იყო სუფთა არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი გაიზარდა“ .

„ალჯაზირა“ ვრცელ, ანალიტიკურ სტატიას უძღვნის 27 ოქტომბრის არჩევნებს. „ბაქრაძემ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია და მარგველაშვილის კონკურენტი იყო არჩევნებში, დამარცხება მალევე აღიარა და მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა.“ სტატიის ავტორის აზრით, მთავარი საკითხი „ქართული ოცნების“ არის ბიძინა ივანიშვილის წინასწარი განცხადებები სააკაშვილის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რამდენად მოსალოდნელია რომ ყოფილი პრეზიდენტი საკანში აღმოჩნდეს.

„ასევე პროკურორებმა 2005 წელს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ძიება ისევ განაახლეს, რომელიც სააკაშვილის მთავრობის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, წერს“ ალჯაზირა“.

„საქართველოს პრეზიდენტი პლატონის თაყვანისმცემელი მარგველაშვილი გახდა“ -ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა „იზვესტია“, რომელიც თბილისის ქუჩებში გუშინ გამოსული ადამიანების ემოციას გადმოსცემს: „ გაუმარჯოს საქართველოს მიშას გარეშე. დიქტატურა დასრულებულია“, სკანდირებდნენ „ქართული ოცნების წარმომადგენლები“. სტატიაში ასევე გამახვილებულია ყურადღება გიორგი მარგველაშვილის კარიერაზე, მის პირად ცხოვრებაზე. აღნიშნულია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალების მოკრებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აპირებს.

არჩევნების დასრულების შემდეგ კვირადღეს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა: „ არჩევნები შედგა, ქართველმა ერმა თავის პრეზიდენტი აირჩია“ , განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის ამ მიმართვით იწყება რადიო „ეხო-მოსკვის“ ბლოგი, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, სადაც გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია მოცემული. სტატია ვებ-გვერდზე არჩევნების დასრულებიდან მოკლე დროში გამოქვეყნდა და ეყრდნობა ეგზითპოლის შედეგებს, რომლიც მიხედვითაც კოალიციის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 65 % მოიპოვა.

არჩევნებს კიდევ ერთი რუსული გამოცემა, “ პრავდაც“ ეხმაურება. საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კანონის თანახმად, არჩევნებიდან მესამე კვირას, 17 ნოემბერს გაიმართება. „საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთა უპრეცედენტო რაოდენობა, 23 პრეტენდენტი იღებდა მონაწილეობას „, აღნიშნავს „პრავდა“.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად 84 უცხოური მედიის 228 წარმომადგენელი იმყოფება.
XS
SM
MD
LG