ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 რამ, რაც "ფაიზერის" კორონავირუსის ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ


სიახლე იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჰორიზონტზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოჩნდა, აჩენს იმედს, რომ შესაძლოა მალე “კოვიდ-19” პანდემიის დასასრულიც გამოჩნდეს.

ორშაბათს “ფაიზერმა” და პარტნიორმა ფირმა “ბიონტექმა” გამოაცხადეს, რომ კლინიკური გამოცდების პირველადი შეფასებით, მათი ვაქცინის ეფექტურობა 90 პროცენტს აჭარბებს. ეს სიახლე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით პირბადეები არ უნდა გადავყაროთ.

იმედისმომცემი, მაგრამ ჯერ მხოლოდ წინასწარი

ექსპერტები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ მონაცემები სხვა მეცნიერებს არ გადაუმოწმებიათ. შედეგები სწორიც რომ აღმოჩნდეს, შესაძლოა ვაქცინამ რეალურ გარემოში ისე არ იმოქმედოს, როგორც ეს კლინიკური გამოცდის კონტროლირებულ გარემოში ჩანდა.

მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მთლიანობაში შედეგები ძალიან იმედისმომცემია. ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვაქცინის 90-პროცენტიანი ეფექტურობის დადგენა “უბრალოდ არაჩვეულებრივია”. მან თქვა: “ბევრი არ ელოდა, რომ მას ასეთი მაღალი მაჩვენებელი ექნებოდა”.

უპასუხო კითხვები

“ფაიზერს” უსაფრთხოების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.კომპანია ამბობს, რომ ეს მონაცემები ნოემბრის ბოლოსთვის იქნება, პაციენტების უმრავლესობის მიერ მეორე დოზის მიღებიდან ორი თვის შემდეგ.

გამოცდის ადრეულ ეტაპზე, ზოგად თანმხლებ სიმპტომებს შორის იყო ხელების ტკივილი, სიცხე, ციება და დაღლილობა, მაგრამ - არაფერი მძიმე.

იმ დროს, როდესაც პირველადი შედეგები თავისთავად კარგი სიახლეა, რამდენიმე საკვანძო კითხვა უპასუხოდ რჩება:

დაცვა რამდენ ხანს გასტანს?

შეუძლია ვაქცინას თავიდან აგვაცილოს მწვავე დაავადება და გართულებები?

შეუძლიათ თუ არა აცრილ ადამიანებს იყვნენ ვირუსის მატარებელი და ის გაავრცელონ?

რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინა ასაკოვანი ადამიანებისთვის? ასაკოვანი ადამიანები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, მაგრამ მათი იმუნურ სისტემას ვაქცინებზე ხშირად ისეთი კარგი რეაქცია არ აქვს.

სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში ის უკეთ მუშაობს თუ უარესად? ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. “ფაიზერი” ამბობს, რომ გამოცდის მონაწილეთა 42 პროცენტი რასობრივად მრავალფეროვან ჯგუფს წარმოადგენს.

ლოდინის პერიოდი

მოსალოდნელია, რომ ნოემბრის ბოლოსთვის, როდესაც უსაფრთხოების პირველადი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი, “ფაიზერი” შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას საგანგებო გამოყენების ნებართვას სთხოვს. ადმინისტრაციას მონაცემების შესამოწმებლად რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ფაუჩიმ თქვა, რომ მოსალოდნელია პირველმა პაციენტებმა ვაქცინა ამ წლის ბოლოსთვის მიიღონ. თუმცა, ის ყველასთვის საკმარისი არ იქნება. “ფაიზერმა” განაცხადა, რომ ამ წელს 50 მილიონი დოზის დამზადებას ვარაუდობს, რაც 25 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი. კომპანია ბრიტანეთს 10 მილიონ დოზას დაპირდა.

შეერთებულ შტატებში უპირატესობა სავარაუდოდ მიენიჭება პაციენტებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს, საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს და მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს. ექსპერტები არ მოელიან, რომ ფართო გავრცელება მომავალი წლის შუა თვეებამდე მოხდეს.

ვაქცინის მთელ მსოფლიოში განაწილების სიმარტივეს არასდროს მოელოდნენ, მაგრამ ასეთი ტიპის ვაქცინა დამატებით სიძნელეებს ქმნის.

დოზები ცელსიუსით მინუს 70 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. ეს ბევრად უფრო დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე ჩვეულებრივ საყინულეებში გვხვდება. “ფაიზერმა” შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანის დროს ვაქცინა ცივად დარჩეს. მაგრამ მოშორებულ და სპეციალური საყინულეების არმქონე ადგილებში, ამ ვაქცინის მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის.

ამ ტიპის პირველი ვაქცინა

“ფაიზერის” ვაქცინა, კორონავირუსთან საბრძოლველად იმუნური სისტემის გააქტიურებისთვის, ახალ მიდგომას იყენებს.

ვაქცინების უმრავლესობას ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი ვირუსი, ან მისი ნაწილი შეჰყავს, რაც იმუნურ სისტემას ნამდვილ ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს.

“ფაიზერის” ინექციას კი კორონავირუსის ნაწილისთვის გენეტიკური ინსტრუქცია შეჰყავს. პაციენტის ხელში შეყვანისას, კუნთის უჯრედები ვირუსის ნაწილებს თვითონ წარმოქმნიან.

“ფაიზერმა” ეს ტექნოლოგია თავისი გერმანელი პარტნიორის, “ბიონტექ”-ისგან შეიძინა. ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია “მოდერნას” აქვს მსგავსი ვაქცინა, რომლის კლინიკური გამოცდებიც დასასრულს უახლოვდება.

კორონავირუსის ვაქცინა ამ ტიპის ინექციის პირველი საცდელი ნიმუშია, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ის ბევრი სხვა დაავადებისთვისაც პერსპექტიულია. გენეტიკური კოდის შექმნა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მთელი ვირუსის ან ვირუსის ნაწილის შექმნა, რომელიც არამდგრად ცოცხალ სისტემებში უნდა გაიზარდოს. ვირუსის მუტაციის შემთხვევაში კი შესაძლოა კოდი მარტივად შეიცვალოს.

პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტი ვაქცინაა

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლოს არ შეუძლია მთელი მოსახლეობის აცრის საქმეში, მხოლოდ”ფაიზერზე” იყოს დამოკიდებული. კომპანია მოელის, რომ მომავალ წელს 1.3 მილიარდ დოზას დამზადებს, მაგრამ ეს გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არაა.

თუმცა სხვა კომპანიებიც მას ძალიან არ ჩამორჩებიან.

“მოდერნას” კლინიკური გამოცდების შედეგებს ამ თვის ბოლოსთვის ელოდებიან. “ასტრა ზენეკამ” და “ჯონსონ და ჯონსონმა” განაცხადეს, რომ მონაცემები წლის ბოლომდე ექნებათ. “მოდერნა” ერთ გამოცდას 2021 წლის დასაწყისში ბრიტანეთში დაასრულებს, მეორეს კი შეერთებულ შტატებში, ამ წლის ბოლოს დაიწყებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ “ფაიზერის” შედეგები სხვა ვაქცინებისთვისაც წამახალისებელია. თითოეული მათგანის სამიზნე ცილის წაწვეტებაა, რომელსაც ვირუსი უჯრედში შესაღწევად იყენებს და ინფექციას იწვევს.

ჩინური კომპანიებს: “სანსინო ბიოლოჯიკს”, “სინოფარმს” და “სინოვაკ ბიოტექს", ვაქცინები რამდენიმე ქვეყანაში გამოცდების ბოლო საფეხურზე აქვთ. ჩინეთის მთავრობამ ”სანსინოს” და “სინოვაკს” ჩინეთში შეზღუდულად გამოყენების ნება დართო. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა კი “სინოფარმის” ვაქცინა ჯანდაცვის მუშაკებისთვის დაუშვა.

ინდურმა “ბჰარათ ბიოტექმა” თავისი ვაქცინის გამოცდის ბოლო ფაზა ოქტომბერში დაიწყო. გამოცდის კანდიდატი რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს.

ჯანმოს მონაცემებით, ადამიანზე გამოცდის სხვადახხვა ეტაპზე ვაქცინის 47 კანდიდატი არსებობს, ლაბორატორიულ შეფასებას კი 155 გადის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG