ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება "ფეისბუქის" დაშიფრულ გზავნილებზე წვდომას ითხოვს


შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და ავსტრალიის მთავრობებმა „ფეისბუქს“ დაშიფრულ გზავნილებზე წვდომა სთხოვეს.

„ფეისბუქის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგისადმი ღია წერილში, შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა უილიამ ბარმა, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა პრიტი პატელმა და ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პიტერ დატონმა სოციალური მედიის პოპულარულ პლატფორმას მოუწოდეს, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავებს „შინაარსის გასაგები და გამოყენებადი ფორმატით“ ნახვის საშუალება მისცეს.

4 ოქტომბრით დათარიღებულ და ხელმოწერილ წერილში ნათქვამია: „მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფეისბუქმა“ არ დაიწყოს იმ გეგმის შესრულება, რომლითაც მის საკომუნიკაციო სერვისებში, მომხმარებლებს შორის პირდაპირი გზავნილების დაშიფვრა დაინერგება... ისეთი შესაძლებლობის გარეშე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, შინაარსზე კანონიერ წვდომას უზრუნველყოფს“.

ეს წერილი, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი მცდელობაა, დაიყოლიოს ტექნოლოგიური კომპანიები, რომ სამართალდამცავი სააგენტოების თხოვნის შემთხვევაში, დაშიფვრა შეასუსტონ ან მოხსნან.

„ფეისბუქმა“ თავისი გადაწყვეტილება დაიცვა და ამბობს, რომ ადამიანებს ინტერნეტით დაცული პირადი კომუნიკაციის უფლება აქვთ და იქვე ამატებს, რომ დასაბუთებული კანონიერი თხოვნების შემთხვევაში, კომპანიებს უკვე შეუძლიათ სამთავრობო სააგენტოებს პასუხი გასცენ.

„ფეისბუქის“ მფლობელობაში მყოფი „ვოთსაპი“ უკვე იყენებს ე.წ. მომხმარებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დაშიფვრას, რაც იმას ნიშნავს, რომ გზავნილის ნახვა მხოლოდ გამგზავნს და მიმღებს შეუძლია და მისი ნახვა „ფეისბუქსაც“ არ შეეძლება. „ფეისბუქი“ ასეთი დაცვის გადატანას „მესინჯერზე“ და „ინსტაგრამ დირექთზეც“ გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG