ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში ძლიერი ხანძრების ლოკალიზებას ამინდი დაეხმარა


ხანძარი ესპანეთში
ხანძარი ესპანეთში

ესპანეთში და პორტუგალიაში მძვინვარე ხანძრებთან ბრძოლაში მეხანძრეებს წვიმამ და ტემპერატურის დაცემამ მოუსწრო. ევროპის რამდენიმე რეგიონში ქარიშხალ "ოფელიას" შემდეგ, თითქმის ერთდროულად გაჩენილ მასშტაბურ ხანძრებში 40 ადამიანი დაიღუპა.

პორტუგალიაში დღეს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. დაღუპულთა გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ესპანეთში ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ჯერჯერობით არ ხერხდება. ტყეებზე მოდებული ცეცხლი საფრთხეს დასახლებულ ადგილებსაც უქმნის.

წინასწარი მონაცემებით, ორივე ქვეყანაში ცეცხლი ადამიანთა ხელით მოწყობილი დანაშაულის გამო გაჩნდა. "ეს აბსოლუტურად იდენტური ხანძრებია, წინასწარ დაგეგმილი, იმ ადამიანების მიერ მოწყობილი, ვინც იცოდა, რას სჩადიოდა" - თქვა ხუან იგნასიო ზოიდომ, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". მან მოსახლეობას მოუწოდა, შეატყობინონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მათი აზრით, გამოძიების მსვლელობას წაადგება.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ კლიმატური ცვლილებების გამო, რეგიონში წელს ხანძრების სახიფათო სეზონი ორიდან ხუთ თვემდე გაიზარდა. პორტუგალიაში ივნისში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი შეეწირა, 150 კი დაშავდა. პატრიცია გასპერი, პორტუგალიის საჯარო დაცვის სააგენტოს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ხანძრების დიდ ფართობზე გავრცელებას "საშუალოზე მაღალი ტემპერატურის და გვალვების კომბინაციამ" შეუწყო ხელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG