ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთ ევროპაში წყალდიდობას 110 ადამიანი ემსხვერპლა


დასავლეთ გერმანიასა და ბელგიის ზგიერთ ნაწილში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად, მინიმუმ 110 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

გერმანიის დასავლეთ მხარის, რაინლანდ-პფალცის იადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 60 გარდაცვლილს შორის 12 შშმ პირთა საცხოვრებელი დაწესებულების ბენეფიციარია. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ მხარეში ამ დროისთვის 43 ადამიანია დაღუპული და წყალდიდობის მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

გერმანიის პრეზიდენტი, ფნაკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია მომხდარით, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მხარდაჭერას მათ, ვინც სტიქიური უბედურებით დაზარალდა.

„გაჭირვების ჟამს, ჩვენი ქვეყანა ერთად დგას. მნიშვნელოვანია სოლიდარობა ვაჩვენოთ მათ, ვისაც წყალდიდობამ ყველაფერი წაართვა“ - აცხადებს შტაინმაიერი.

გერმანიის ხელისუფლება, ხუთშაბათს აცხადებდა, რომ სტიქიური უბედურების გამო 1300 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ოფიციალიური პირები განმარტავდნენ, რომ დაკარგულთა მაღალი რიცხვი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით ყოფილიყო განპირობებული - დუბლირებული შეტყობინებებით, სატელეფონო კავშირის პრობლემით, ან ხალხთან მისასვლელი გზების სირთულეებით.

ამასთან, ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

წინასწარი დათვლებით, ბელგიაში, სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, 5 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულთა უმეტესობა ლიეჟის მიდამოებში იპოვეს, სადაც სტიქია განსაკუთრებით მძვინვარებდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ბუნებრივი კატასტროფები, კლიმატური ცვლილებების გამო, შესაძლოა კიდევ უფრო გახშირდეს.

„დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, ორ დღეში იმდენივე ნალექი მოვიდა, რამდენიც 2 თვის განმავლობაში უნდა მოსულიყო“ - აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სპიკერი, კლერი ნულისი.

ნულისი მიიჩნევს, რომ კლიმატური ცხვლილებები უკვე ზრდის ექსტრემალური მოვლენების სიხშირეს და მომავალში, გლობალური დათბობის შედეგად, ამ მოვლენების სიმძმე კიდევ უფრო გაუარესდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG