ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან 22 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაა მოსალოდნელი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავების და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო.

ევროკავშირის 27 ქვეყნის წამყვანი დიპლომატები ბრიუსელში იკრიბებიან და რუსი თანამდებობის პირების და ორგანიზაციების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სავიზო შეზღუდვების და აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებას მიიღებენ. სანქციები ახალი კანონმდებლობის გამოყენებით დაწესდება, რომელიც ადამიანის უფლებების დამრღვევებისთვის სადამსჯელო ზომებს ითვალისწინებს.

2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირმა ექვსი რუსი ოფიციალური პირი შავ სიაში შეიყვანა ნავალნის ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო.

შეხვედრის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, ევროპელ კოლეგებს მოუწოდა მწვანე შუქი მისცენ რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დაწესებს.

„მე ვემხრობი დამატებითი სანქციებისთვის მზადების დაწყებას“, - განაცხადა მან. „ამავე დროს ჩვენ გვჭირდება ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა“, - თქვა მან.

გასულ უქმეებზე, რუსულმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწვეტილება, რომლითაც ნავალნის 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა პირობითი სასჯელის წესების დარღვევის გამო. მეორე საქმეში, ასევე ნავალნის წინააღმდეგ, მას ჯარიმის გადახდა დააკისრეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის „შეურაცხყოფის“ გამო. ორივე სასამართლო პროცესი აღქმულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ევროკავშირი სანქციებს აწესებს მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, მისი მთავარი დიპლომატი რუსეთს სტუმრობდა. ჯოსეფ ბორელი მოსკოვში თებერვლის დასაწყისში ჩავიდა, მისი ვიზიტის დროს მოსკოვმა ქვეყნიდან ევროკავშირის დიპლომატები გააძევა. საპასუხო ნაბიჯი გადადგა გაერთიანებამაც.

21 თებერვალს, ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფას, რომელმაც ამ უკანასკნელს მოუწოდა ნავალნის გათავისუფლებისკენ. მოსკოვი კი ამას მის შიდა ჩაქმეებში ჩარევას უწოდებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი, მათ შორის, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ხაზის გატარებას და ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვენ. ხოლო საფრანგეთი და გერმანია ცალკეულ პირებზე შეზღუდვების დაწესებას ემხრობიან.

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტამდე, მათ ნაწილს და ელჩებს ნავალნის ორი მოკავშირე შეხვდა.

ერთ-ერთმა მათგანმა, ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა თქვა, რომ შეხვედრაზე „პუტინის ახლო მოკავშირეების პირადი სანქციების შესახებ“ ისაუბრეს. შეხვედრის ორგანიზატორი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

სანქციების დაწესება ევროკავშირში ყველა წევრის თანხმობით ხდება. ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა მოსკოვს სანქციები, 2014 წელს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამო დაუწესეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG