ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი და პუტინი უკრაინისა და მარცვლეულის შეთანხმების საკითხებს განიხილავენ


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაეპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ანკარაში შეხვედრისას, უკრაინისა და მარცვლეულის შეთანხმების საკითხებს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ავრცელებს.

მინისტრს არ განუმარტავს ზუსტად როდის აპირებენ პრეზიდენტები შეხვედრას. ეს პუტინისთვის პირველი მოგზაურობაა, ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ომი დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინი თურქეთში 12 თებერვალს ჩავა.

ერდოღანი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ დაარწმუნოს პუტინი რუსეთის შავი ზღვის შეთანხმებაში დაბრუნების მნიშვნელობაში. შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიაღწიეს, რუსეთმა გასული წლის ზაფხულში დატოვა.

მალტაში გამართულ პრეკსონფერენციაზე საუბრისას, ფიდანმა თქვა, რომ თურქეთი მუშაობს უკრაინასა და რუსეთთან ერთად, შეთანხმების აღდგენაზე.

მან განაცხადა, რომ ანკარა აფასებს "მიმდინარე, რეგულარულ" დიალოგს მოსკოვთან ერთად, რომელიც ენერგო სფეროდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული, რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს.

არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტები უკრაინის გარდა, ასევე განიხილავენ სირიაში, ლიბიასა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას.

"ჩვენ ყოველთვის ვიდექით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარეს და ასეც განვაგრძობთ, მაგრამ ომის დესტრუქციული გავლენაც როგორმე უნდა დასრულდეს",- განაცხადა თურქეთის საგარე საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG