ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები არჩევნების წინ კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებაზე ზრუნავს


ამერიკული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიბერ-უსაფრთხოების საკითხი ამ დარგის ექსპერტების და კანონმდებლების შეშფოთების საგნად რჩება.

ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ცოტა ხნის წინ გამართულ ღონისძიებაზე, დემოკრატმა სენატორმა ვან ჰოლენმა აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსული ჩარევის შედეგები 50-ივე შტატმა იგრძნო.

სენატორმა თქვა: “როგორ სარგებლობს რუსეთი ან ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩარევას ახდენს? ის ქვეყნის შიგნით დაყოფას აღწევს. აშკარაა, რომ თუ რომელიმე კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ჩაერევიან , ამას არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.”

ვან ჰოლენმა და პანელის წევრმა ექსპერტებმა მიანიშნეს, რომ კიბერ-თავდასხმებით კარგად ცნობილი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, საკუთარი ტექნიკის დახვეწას აგრძელებენ.

ჟურნალ “ვაიარდ”-ის ჟურნალისტმა ენდი გრინბერგმა თქვა, რომ 2015 წელს, უკრაინაში ჰაკერების მიერ ელექტროენერგიის პირველად გათიშვა, რუსეთის მიერ წარმოებული კიბერ-ომის ნაწილი იყო და უკრაინას კიბერ-ომის ტექნიკის საცდელ ლაბორატორიად იყენებდნენ. უკრაინაში მომხდარი იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს მსოფლიოში სხვაგანაც მოხდებოდა და სწორედ ასეც მოხდა.

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ალექს ქროუერმა თქვა, რომ რუსეთი კიბერ-სივრცეში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიურობდა. 2007 წელს, ესტონეთს დაესხნენ თავს, 2008 წელს - საქართველოს. ახლა სამიზნე შეერთებული შტატებია. მისი თქმით, რუსები კიბერ-ჩარევას ე.წ. “რუხ ზონაში” ისე ახდენენ, რომ რადარებზე არ გამოჩნდნენ. ეს ზონა, საომარი მოქმედების სტანდარტის ქვედა ზღვრამდეა.

ენდი გრიბერგის აზრით, ამასთან გამკლავების საუკეთესი გზა, მსოფლიო საზოგადოების გაერთიანება და საერთაშორისო სტანდარტების შექმნაა, რომელიც კიბერ-ჩარევას აღკვეთს.

გრინბერგმა თქვა:” საჭიროა ვცადოთ და შევაკავოთ ერთმანეთი, გვჭირდება ვიყოთ გლობალური საზოგადოება, რომელსაც გარკვეული სტანდარტები გააჩნია, კიბერ-თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ არ გამოვიყენოთ და ოდესღაც დაგვჭირდება მუშაობა იმ მიმართულებით, რომ კიბერ-ომისთვის რამე ჟენევის კონვენციის მსგავსი შევქმნათ, როგორც “ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელმა ჯოშ კორმანმა უწოდა - “აკრძალული საჰაერო ზონა” კიბერ-ომისთვის, სადაც შეგიძლია თავს დაესხა სამხედრო სამიზნეებს, მაგრამ თუ კიბერ-თავდასხმას საავადმყოფოს წინააღმდეგ მოახდენ, ეს ომის დანაშაულია და ჰააგაში პასუხისგება მოგიწევს.”

ალექს ქროუერს მიაჩნია, რომ სწავლაც უსაფრთხო ინტერნეტის ერთ-ერთი გასაღებია. მან თქვა, რო წარმატებული კიბერ-თავდასხმების 90 პროცენტი “ფიშინგით” იწყება და ინფორმაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიის პასუხისმგებლობით გამოყენება, ნამდვილად მნიშვნელოვანია.

მაგრამ პრობლემა არ ქრება. კერძო და საჯარო სექტორის მიერ კიბერ-უსაფრთხოებაზე გაწული ხარჯები, ბოლო 15 წლის განმავლობაში 3500 პროცენტით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მისი ზრდა გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG