ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული პოლიციის სააგენტოს ცნობით, სამშაბათს მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული კიბერთავდასხმა ერთი თვის წინ მომხდარ ამავე ტიპის თავდასხმას ჰგავდა, თუმცა გაცილებით უფრო ყოველისმომცველი იყო.

მაისში ამოქმედებულმა კომპიუტერულმა ვირუსმა "ვონაქრაიმ" განსაკუთრებით ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა დააზარალა.

ევროპოლის დირექტორმა რობ უეინვრაიტმა მომხდარს "კიდევ ერთი სერიოზული თაღლითური თავდასხმა" უწოდა. მისი თქმით, ახალი ვირუსი ჰგავს მის წინამორბედს - WannaCry-ის, მაგრამ ის გაცილებით რთული და მრავალმხრივი იყო, რადგან გაცილებით მეტი სისტემა აღმოჩნდა მის მიმართ მოწყვლადი და მან მეტი ზიანის მიყენება შეძლო.

ვირუსი WannaCry მაისში ბრიტანეთის ჰოსპიტალების და სასწრაფო დახმარების სისტემაში ამოქმედდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და სამედიცინო პროცედურების, მათ შორის ქირურგიული ოპერაციების გადადება-გაუქმება გამოიწვია. ვირუსი კომპიუტერებში დაცულ მონაცემებს მანამდე ბლოკავს, სანამ მომხმარებელი კონკრეტული რაოდენობის თანხას არ გადაიხდის. მართალია სპეციალისტებმა ჰაკერების ჩანაფიქრი ამოხსნეს და მისგან გათავისუფლების გზაც იპოვეს, მაგრამ ამ დროისთვის დაახლოებით 300-მდე ადამიანს უკვე ჰქონდა ეს თანხა გადარიცხული.

სამშაბათს განხოციელებული კიბერ-იერიშის სამიზნე 64 სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში მოქმედი კომპანიები და სამთავრობო სტრუქტურები გახდნენ. მათ შორის ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "მერქი", რუსეთის ნავთობგიგანტი "როსნეფტი", ბრიტანეთის უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო WPP და ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფი Saint-Gobain.

კიბერიერიშმა განსაკუთრებით დააზარალა უკრაინა, სადაც გაითიშა მინისტრთა კაბინეტის სამუშაო კომპიუტერები, შეფერხდა ბანკების, კიევის საერთაშორისო აეროპორტის, ფოსტისა და ბენზინგასამართი სადგურების, ასევე მეტროსა და სატელეფონო კომპანიების მუშაობა. ოთხშაბათს შეზღუდული იყო ინდოეთის უდიდესი სატვირთო პორტის მუშაობაც. განსაკუთრებული პრობლემები მუმბაის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პორტის იმ ტერმინალში შეიქმნა, რომელსაც დანიური გადამზიდავი კომპანია A.P. Moller-Maersk აკონტროლებს. კომპანიამ გუშინვე გაავრცელა განცხადება, რომ მათ სისტემასა და ოპერაციებს პრობლემები შეექმნა არაერთ პორტში ევროპისა და ამერიკის მიღმაც.

ავსტრალიიის კიბერუსაფრთხოების მინისტრმა დენ ტეჰანმა ჟურნალისტებს დღეს უთხრა, რომ ჯერ დადასტურებული არაა კავშირი ამ ვირუსსა და იმ პრობლემებს შორის, რომლებიც ორ ავსტრალიურ კომპანიას შეექმნა, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ეს დიდი ალბათობით ამავე ვირუსს უკავშირდება.

ევროპოლი მოუწოდებს ყველა მოქალაქესა და კომპანიას, რომ არსებული პრობლემების შემთხვევაში, ვირუსის შესახებ პოლიციას აცნობოს და არ გადაიხადოს თანხა, რომელსაც მათგან კომპიუტერული ვირუსი მოითხოვს.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და სხვა სააგენტოებთან ერთად ქვეყნაში და მის ფარგლებს გარეთ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობს, რათა ვირუსისგან თავდასაცავად და ზიანის გამოსასწორებლად შესაბამისი ღონისძიებები გამოიყენონ.

ვირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასიათასობით კომპიუტერი დააზარალა შეიცავს კოდს - Eternal Blue - რომელიც თავდაპირველად სწორედ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტომ შექმნა, თუმცა შემდეგ ის ჰაკერების ხელში აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG