ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო კიბერ-თავდაცვას აძლიერებს


როდესაც ნათურების მწკრივები წითლად ციმციმს იწყებს და სირენები ახმაურდება, კიბერ-თავდაცვის სპეციალისტთა ჯგუფები მოქმედებას იწყებენ, რადგან ამ დროს ელექტროენერგიის ქსელები და წყლის საწმენდი სადგურები თავდასხმას განიცდიან. ისინი თავის სფეროში საუკეთესონი არიან და ამ ვარჯიშის დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ოპერაცია „გადაჯვარედინებული ფარები“, ეგრეთწოდებული, „საბრძოლო ვაზნებით“ ჩატარებული კიბერ ვარჯიში, რომელსაც ნატოს კოოპერატიული კიბერ-თავდაცვის ცენტრი ყოველწლიურად ესტონეთში ატარებს, იმისთვის არის გამიზნული, რომ შემოწმდეს წევრების და მოკავშირეების შესაძლებლობები, აღმოაჩინონ უკანასკნელი ჰაკები, მავნე პროგრამები და კიბერ-ჩარევა.

ცენტრის უფროსი მკვლევარი სიიმ ალატალუ ამბობს: „ეს მეგობრული პაექრობაა, მაგრამ ის, რაც მას მსოფლიოში უდიდესად აქცევს, პირველ რიგში იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლებსაც ამაში წვლილი შეაქვთ. ყველა ქვეყნის „ნაღებს“ ერთად ვკრიბავთ, რათა ერთმანეთს შეეჯიბრონ და ამავე დროს ერთმანეთთან თანამშრომლობასაც ვსწავლობთ“.

ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2007 წელს, ფართო მასშტაბიანი კიბერ-თავდასხმა განიცადა და ექსპერტთა უმრავლესობა ამბობს, რომ ამაში დამნაშავე რუსეთი იყო. ბალტიის ქვეყანა ახლა ნატოს კიბერ-თავდაცვის ძალისხმევის წინა ხაზზეა. ამ ოპერაციის გლობალური რეპუტაციის ზრდის ერთი მაჩვენებელია, რომ ცოტა ხნის წინ მას იაპონია იმ იმედით შეუერთდა, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების კიბერ-თავდასხმებისგან დასაცავად, ფასეულ უნარებს დააგროვებს.

ოპერაცია „გადაჯვარედინებული ფარები“ სავარჯიშოდ ტარდება, მაგრამ საშიშროება ნამდვილია, ამბობს ალატალუ. „ყველაფერი ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ყველაფრის ჰაკერული გატეხვა არის შესაძლებელი.

2015 და 2016 წლების ზამთარში, უკრაინამ ელექტროქსელზე თავდასხმა განიცადა, რამაც რამდენიმე საათით ქსელის გათიშვა გამოიწვია. კიევმა ეს რუსეთს დააბრალა, რაც მოსკოვმა უარყო.

ჰაკერულ თავდასხმებთან ერთად, მთავრობები დეზინფორმაციის მზარდი პრობლემის წინაშეც დგანან, როდესაც ინტერნეტს დემოკრატიების წინააღმდეგ იყენებენ. ანალიტიკოსი ბენ ნიმო, ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო კვლევის ლაბორატორიიდან, წინა კვირაში ჩატარებული სამიტის დროს „ამერიკის ხმას“ ესაუბრა.

ნიმომ თქვა: „თუ თქვენ შეერთებულ შტატებში რუსეთის ჩარევის ოპერაციას დააკვირდებით, რამდენადაც ვიცით, ის 2014 წლის აპრილში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გრძელდებოდა. მათი ოპერაცია სამნახევარ წელიწადს გრძელდებოდა, რომელიც, როგორც იუწყებოდნენ, ას ადამიანს, სოციალური მედიის რამდენიმე ათას ანგარიშს და 50 ათასზე მეტ ბოტ ანგარიშს მოიცავდა, რომელიც ამას აძლიერებდა. ეს დიდი, დიდი ოპერაცია იყო, რომელსაც სახელმწიფო პროპაგანდა, როგორიცაა „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“, თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებდა.“

აკეთებს ნატო ამ საფრთხეების საპირწონედ საკმარისს?

ნიმომ თქვა: „ორი წლის წინანდელთან შედარებით, მათ მეტად აღიარეს პრობლემა და ეს სამიტის დეკლარაციიდანაც ჩანს. ის დეზინფორმაციას, როგორც კონკრეტულ საფრთხეს და ჰიბრიდული ომის დიდი სურათის ნაწილს, პირველად მოიხსენიებს“.

2014 წლიდან, ნატოს ერთობლივი თავდაცვის ძირეული პრინციპი, მეხუთე პარაგრაფი, შესაძლოა ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთ წევრზე კიბერ-თავდასხმა მოხდება. პასუხი შეიძლება შეიცავდეს სანქციებს, კიბერ-გამოპასუხებას და ტრადიციული ძალების გამოყენებასაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება, ნატოს გენერალურმა მდივანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ კიბერ-თავდსხმა შესაძლოა ისეთივე დამანგრეველი იყოს, როგორც ტრადიციული სამხედრო თავდასხმა.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG