ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის სამშვიდობო შეთანხმება ისრაელთან


ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების დაცვას აპირებს

ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი ისრაელთნ სამშვიდობო შეთანხმების დაცვას აპირებს.
მიუხედავად ამისა დასავლეთში შიშობენ, რომ ისლამისტი პრეზიდენტი რეგიონში შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე აღარ იქნება.
30 წლის განმავლობაში ვაშინგტონი ეგვიპტეს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევდა, რომელიც ძირითადად ისრაელის ინტერესების დაცვას ემსახურება.
ახლა, როდესაც ეგვიპტის სათავეში ისლამისტი ლიდერი მოვიდა, ისრაელთან სტრატეგიული ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
მუჰამედ მორსის წარმომადგენლის გეჰად ელ ჰადადის განცხადებით:“ ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ისრაელთან დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ისევე როგორც წარსულში მიღწეულ სხვა შეთანხმებებს, არა აქვს მნიშვნელობა ეს სადათის დროს მოხდა, თუ მუბარაქის პრეზიდენტობისას.“
ელ ჰადადის თქმით ხელშეკრულებების შესრულება ისლამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, თუმცა რაში მდგომარეობს ისლამური რელიგიის პრინციპები ბევრისთვის გაურკვეველია, თუ იმასაც გავითავალისწინებთ, რომ მუჰამედ მორსიმ დატოვა მუსლიმთა საძმოს რიგები.
“ ეგვიპტის სახელმწიფო ინსტიტუტები, უშიშროების სამსახური და სამხედროები არ არიან დაინტერესებულნი ვინმესთან დაპირისპირებით. ეს არ არის სისუსტე. უბრალოდ მათ სხვა მიზნები აქვთ.“
საიდ სადეკი


ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ მუსლიმთა საძმოს ერთ-ერთმა ლიდერმა ესამ ელ ერიანმა სატელევიზიო ინტერვიუში ასე განაცხადა:“ ამასთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გვაქვს. ჩვენ ამ ხელშეკრულების წინააღმდეგნი ვიყავით მისი ხელმოწერის დღიდანვე.“
ელ ერიანის განცხადებით ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, რომელშიც უმრავლესობა მუსლიმთა საძმოს ჰქონდა. მათი აზრით არ არის გამორიცხული რეფერენდუმის ჩატარებაც.
ისრაელთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად ყველაზე დიდ სარგებელს ეგვიპტელი სამხედროები იღებენ, რაც ყოველწლიურად მიალიარდობით დოლარის ამერიკულ დახმარებაში გამოიხატება. ამავე დროს ეგვიპტელთა უმრავლესობა საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს.
კიდევ ერთი სადაო საკითხია ღაზას სექტორში, ბლოკადაში მცხოვრებ პალესტინელებთან ურთიერთობა. როგორც ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის წარმომადგენელი ელ ჰადადი აცხადებს:“ როდესაც ღაზას მაცხოვრებლებზე ვლაპარაკობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ადამიანები არიან და მათაც უნდათ თავისუფლად ცხოვრება.“
ღაზასთან დაკავშირებით პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, რადგან საზღვრის გახსნა და მუბარაქის მთავრობის მიერ დაწესებული რეჟიმის შეცვლა არც მუსლიმთა საძმოს სურს. ეგვიპტეს უმუშევრობა და თავისი ეკონომიკური პრობლემები აწუხებს და ღაზადან ლტოლვილების ნაკადის მიღება ნამდვილად არ შედის ქაიროს ინტერესებში.
ეგვიპტის საგარეო პოლიტიკას, ომის და მშვიდობის საკითხებს, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა განსაზღვრავს. როგორც ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტოლოგი საიდ სადეკი აცხადებს: “ ეგვიპტის სახელმწიფო ინსტიტუტები, უშიშროების სამსახური და სამხედროები არ არიან დაინტერესებულნი ვინმესთან დაპირისპირებით. ეს არ არის სისუსტე. უბრალოდ მათ სხვა მიზნები აქვთ.“
საიდ სადეკი მიიჩნევს, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი შეიცვლება იმ შემთხვევაშიც კი, მთელი ძალაუფლება მუჰამედ მორსიმ, რომ ჩაიგდოს ხელში.
მისი თქმით:“ ვერავინ დაიწყებს ომს იმიტომ, რომ ხალხს ეს გაუხარდება. ამით ხალხი ვერ გააბედნიერდება. ეგვიპტელებს ისრაელთან მშვიდობის შენარჩუნება სურთ. ხალხს კარგი ცხოვრება უნდა. ამიტომ მნიშვნელოვანია სიღარიბესთან და კორუფციასთან ბრძოლა და არა მეზობლებთან დაპირისპირება.“
ბატონი სადეკის განცხადებით, წარსულში ისრაელთან კონფლიქტების შედეგად მიღებული მწარე გამოცდილების გამო, ამ ქვეყანასთან ომი ეგვიპტელების ინტერესებში არ შედის.
XS
SM
MD
LG