ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორსის ინაუგურაცია შაბათს გაიმართება


პრეზიდენტის ინაუგურაცია საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ შედგება

ეგვიპტის დროებითი ხელისუფლების, სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ შედგება. ახლადარჩეული მუჰამედ მორსი კი აცხადებს, რომ ფიცის დადება შაბათს ეგვიპტის პარლამენტთან უნდა მოხდეს. იმ პარლამენტთან, რომელიც სამხედრო საბჭომ არაბული გაზაფხულის შემდეგ დაშალა.

წესით, სამხედრო საბჭომ ქვეყნის მმართველობა პრეზიდენტს შემდეგი კვირიდან უნდა გადააბაროს. მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უთანხმოება ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია.

რანია ალ-მალკი, ელექტრონული ახალი ამბების სამსახურის რედაქტორი, თვლის, რომ ინაუგურაციის ადგილს ეგვიპტელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს:

„თუკი მორსი პარლამენტის შენობის წინ ინაუგურაციის საკითხზე უკან არ დაიხევს, ეს მის პოლიტიკას ძლიერ ტონს თავიდანვე მისცემს“ - ამბობს ქალბატონი ალ-მალკი.

ის მიიჩნევს, რომ სამხედრო საბჭოსთან ურთიერთობა მორსის მმართველობის პირველი ხანისთვის მთავარი გამოწვევა იქნება. მას ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქისდროინდელ ძალებთანაც მოუწევს ჭიდილი.

„მმართველობა ძალზე მტრულ გარემოში მოუწევს. წინა რეჟიმის ძალაუფლების განშტოებები სახელმწიფო ბიუროკრატიის მანქანას თითქმის მთლიანად აკონტროლებს. მასთან გამკლავება მორსის ძალიან გაუჭირდება,“ - აღნიშნავს ის.

პოლიტიკური აქტივისტი და ბლოგის ავტორი, ვაელ ხალილი თვლის, რომ ახალმა პრეზიდენტმა კარგად იცის, თუ რა წინააღმდეგობები ელის და მათთან საბრძოლველად მზად არის.

ხელისუფლებაში მოსვლა ავტომატურად ძველი პოლიტიკური სისტემისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. არ არსებობს გასაღები, რომელიც ყველა ბნელი ოთახის კარს გააღებს“ - ამბობს ის.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ძირითად საკითხებზე მორსის ძველი სისტემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა მოუწევს. თუმცა, მოსახლეობის მოლოდინი საკმაოდ დიდია და მორსის სწრაფად მოქმედების გარდა სხვა არჩევანი პრაქტიკულად არ რჩება.

რეალური გამოწვევა არსებული პრობლემების მოსინჯვა და გაუმჯობესებისკენ სწრაფი ნაბიჯების გადადგმა იქნება. ძირითადად არა პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ ეგვიპტელები, რომელთაც აქამდე ვერანაირი ცვლილება ვერ დაინახეს, დარწმუნდნენ, რომ რევოლუციას აზრი ჰქონდა,“ - აღნიშნავს პოლიტიკური ბლოგის ავტორი.

ინაუგურაციის წინ ეგვიპტის ახალ პრეზიდენტს საკმაოდ მოუწესრიგებელი პოლიტიკური რეალობა ელის. ეს არის გაურკვეველი სახელმწიფო ძალაუფლება, რომელშიც სამხედრო მმართველობის ტრადიციაა დამკვიდრებული და ელექტორატი, რომლის ნაწილს ძალზე დიდი მოლოდინი აქვს, ნაწილი კი მუჰამედ მორსის მიმართ უკიდურესი სკეპტიციზმით არის განწყობილი.
XS
SM
MD
LG