ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის კრიზისი ინვესტორების შეშფოთებას იწვევს


ეგვიპტის კრიზისი ინვესტორების შეშფოთებას იწვევს
ეგვიპტის კრიზისი ინვესტორების შეშფოთებას იწვევს

სამშაბათს ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა რადგან ინვესტორები ეგვიპტეში უპრეცედენტო ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების შედეგს ელოდნენ. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც გასულ კვირას ქაიროში არეულობა დაიწყო მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა.

მართალია ეგვიპტე ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა როდია, სუეცის არხით ყოველდღიურად დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნავთობი გადის.

ნავთობით მოვაჭრე ტიმ ჯენინგსი აღნიშნავს, რომ თუ სუეცის არხით ნავთობის ტრანსპორტირება შეფერხდა, ამას მთელი მსოფლიო იგრძნობს.

„ვფიქრობ აქ მთავარი მოკლევადიანი სარისკო ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ, თუ რაიმე მიზეზის გამო სუეცის არხით ნავთობის ტრანსპორტირება შეფერხდა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ტანკერების მოძრაობა სუეცის არხით შეწყდა, მაშინ ეს მსოფლიოში ნავთობის წარმოებაზე, განაწილებასა და მიწოდებაზე უდავოდ გავლენას მოახდენს,“ აღნიშნა ჯენინგსმა.

ეგვიპტეში მზარდი დესტაბილიზაციის ფონზე და სუეცის არხით ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლო შეფერხების გამო გასული კვირიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ორშაბათს პირველად 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ნავთობის ბარელის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა.

ენერგომატარებლებით მოვაჭრე აირა ეკსტეინი ნავთობის ფასების ზრდას საინფორმაციო საშუალებებში აგორებულ პანიკას უკავშირებს და არა მოთხოვნას.

„გასული კვირის სამთავრობო მონაცემებს რომ გადავხედოთ, საწვავის მარაგსა და ბაზარზე ნავთობის მოწოდებაში მოულოდნელი გადაჭარბება შეინიშნებოდა. ხოლო გასულ ოთხშაბათს რვა კვირის მანძილზე ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. ყველაფერი სწრაფად იცვლება, მაგრამ ვიდრე ეგვიპტეში არეულობა დაიწყებოდა, ფასის ვარდნის ტენდენცია შეინიშნებოდა,“ აღნიშნავს აირა ეკსტეინი.

მართალია, როგორც მოსალოდნელია, ნავთობის ფასი ალბათ კიდევ გაიზრდება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სუეცის არხის მწყობრიდან გამოსვლა ნაკლებად მოსალოდნელია რადგან რეგიონი ენერგომატარებლების ექსპორტზე ძალიან დამოკიდებულია.

თუმცა ეკსტეინი აღნიშნავს, რომ დღეს-დღეობით რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია.

„გადაკეტავენ თუ არა ისინი სუეცის არხს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ თუ არხი მართლაც გადაკეტეს, მაშინ მათ აფრიკის ირგვლივ წასვლა მოუხდებათ, რაც შეერთებულ შტატებში ნავთობის ტრანსპორტირების ხანგრძლივობას 10 დღით გაიზრდის, ხოლო ევროპაში კი 18 დღით. ასეა თუ ისე, ეს ბევრ პრობლემას გამოიწვევს,“ დასძენს ეკსტეინი.

უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს ის შესაძლებლობა, რომ ეგვიპტეში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება სპარსეთის ყურის ნავთობის მწამროებელ ქვეყნებს მოედება. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის გაძვირებამ გლობალურ ეკონომიკურ გამოცოცხლებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას რადგან მომხმარებლები გაძვირებული საწვავის გამო დანახარჯებს შეამცირებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG