ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო "ეკონომისტის" ანგარიშში - "დემოკრატიის ინდექსი"


საპროტესტო აქცია ტაილანდში
საპროტესტო აქცია ტაილანდში

დემოკრატიულ სისტემებში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 45.7% ცხოვრობს. ახალ მონაცემებს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ აქვეყნებს. სხვადასხვა ხარისხის დემოკრატიულ სისტემებში მცხოვრებთა რაოდენობა 2020 წელს უფრო მეტი - 49.4% იყო. ანალიტიკოსების მიერ გამოკვლეული 167 ტერიტორიიდან მხოლოდ 21 იყო კლასიფიცირებული, როგორც სრული დემოკრატია. ეს კი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 6.4%-ს შეადგენს. მაშინ, როდესაც მოსახლეობის 53% „ხარვეზიანი დემოკრატიების“ პირობებში ცხოვრობს.

გამოცემა ყოველწლიურ „დემოკრატიის ინდექსს“ 2006 წლის შემდეგ აქვეყნებს. იკვლევენ 165 ქვეყანასა და ორ ტერიტორიას. ეს მსოფლიოს თითქმის სრულ მოსახლეობას და სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობას მოიცავს. ინდექსი ხუთი ძირითადი კატეგორიის მიხედვით ითვლება: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო უფლებები. ამ კატეგორიების მიხედვით, ქვეყნები დემოკრატიის ხარისხის 4 კატეგორიაში ერთიანდებიან: „სრული დემოკრატია“ „ხარვეზიანი დემოკრატია“, „ჰიბრიდული რეჟიმი“ ან „ავტორიტარული რეჟიმი“.

საქართველო და რეგიონი

5.12 ქულით საქართველო მსოფლიოში 91-ე, რეგიონში კი მე-19 ადგილს იკავებს და „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია. ყველაზე მაღალი - 7.42 ქულით შეფასებულია საარჩევნო პროცესები და პლურალიზმი. ყველაზე დაბალი - 3.57 ქულით კი „მთავრობის ფუნქციონირება“. საქართველოს პოზიციები ამ ანგარიშში 2020 წელთან შედარებით გაუარესებულია, თუმცა პოზიცია ლიბიასა და ჰონდურასს შორის შენარჩუნებულია. 2020 წელს მას 5.31 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპის „ჰიბრიდული დემოკრატიის“ ქვეყნებიდან ორში - სომხეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინაში გაუმჯობესება დაფიქსირდა, საქართველოსა და უკრაინის შეფასებები კი გაუარესდა. უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპის იმავე კატეგორიის ქვეყნებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა და ის ახლა 86-ე ადგილზეა მექსიკასთან ერთად მაშინ, როცა 2020 წელს ის 97-ე ადგილს იკავებდა. მკვლევრები ამ კლებას რუსული აგრესიის პირისპირ ყოფნას უკავშირებენ და ამბობენ, რომ სამხედრო აგრესიის რისკები და დაძაბულობა ხშირად იწვევს ზოგიერთი დემოკრატიული პროცესის შეზღუდვას, განსაკუთრებით ძალაუფლების ცენტრალიზაციის კუთხით.

კონკრეტულად საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე ტურბულენტურმა მოვლენამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეაფერხა. დაძაბულობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ექსპრეზიდენტის დაკავების კულმინაციით დასრულდა. ადგილობრივ არჩევნებში კი, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და დააპატიმრეს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს. ანგარიშში განმარტებულია, რომ მმართველ პარტიას საგულისხმო ფინანსური და ფუნქციური უპირატესობები აქვს, რაც საარჩევნო კონკურენციისა და გამჭვირვალობას კიდევ უფრო აფერხებს. გამწვავებულმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ კი გასულ წელს კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური დაყოფა.

2021 წელს აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციები 13-მა ქვეყანამ გაიუმჯობესა. მათ შორის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მოხდა მოლდოვასა და მონტენეგროში. 11 ქვეყანაში ქულები გაუარესდა, მათ შორის ყველაზე მეტად - ყირგიზეთში. რეგიონში კვლავ არცერთი „სრული დემოკრატიის“ ქვეყანა არაა. 28 გამოკვლეული ქვეყნიდან 16 „ხარვეზიანი დემოკრატიაა“, 4 – „ჰიბრიდული რეჟიმი“ (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა) და 8 „ავტორიტარული რეჟიმი“ (აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო).

უმაღლესი მაჩვენებლების მქონე ქვეყნები

გლობალურად დემოკრატიების სიის სათავეში ნორვეგია, ახალი ზელანდია და ფინეთი არიან. ბრიტანეთი მე-18 ადგილს იკავებს, ამერიკა კი, რომელიც წელს „ნაკლოვანი დემოკრატიების“ კატეგორიაში მოხვდა, წინა წელთან შედარებით, ერთი საფეხურით დაბლაა და 26-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო რეგიონებს შორის ვითარება ყველაზე მეტადაა გაუარესებული სამხრეთ ამერიკაში. რეგიონში 7 ქვეყნის პოზიციები გაუარესდა. აზიაში კი სამი ქვეყანა სრული დემოკრატიების კატეგორიაში - იაპონია, სამხრეთ კორეა და ტაივანი.

10 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა „ეკონომისტის“ თანახმად, არის: ნორვეგია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია, დანია, ირლანდია, ტაივანი, ავსტრალია, შვეიცარია. ყველაზე უარესი დემოკრატიის ქვეყნებს შორის კი ლიდერობენ: ავღანეთი, მიანმარი, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, ჩინეთი, კამბოჯა, ვიეტნამი, პაკისტანი, ნეპალი, ჰონგ კონგი.

გაუარესების შესაძლო მიზეზები

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ეს შედეგები გლობალურად კოვიდ-19-ის პანდემიის უარყოფით და გრძელვადიან გავლენას ასახავს. მათი განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკეთილდღეოდ მიღებული ზოგიერთო შეზღუდვა ამა თუ იმ მთავრობამ სამოქალაქო უფლებების შესაზღუდადაც გამოიყენა და მოქალაქეთა ნაწილისთვის პანდემიურ ვითარებაში ამ სიტუაციის - საგანგებო ძალების და ვითარების ზედმეტად გამოყენების, სახელმწიფოს უფლებამოსილების საჯარო და პირადი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტზე ზედმეტი გავრცელების და სხვა კუთხით - ერთგვარი ნორმალიზებაც კი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG