ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები დონეცკში


კრასნოარმეისკის საარჩევნო უბანი
კრასნოარმეისკის საარჩევნო უბანი

საპრეზიდენტო არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკის რეგიონში ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობით გამოირჩეოდა

სეპარატისტების მხრიდან გავრცელებული მუქარის და დამცირების მიუხედავად, კვირას არჩევნები დონეცკის რეგიონში მართალია, ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობით, მაგრამ მაინც ჩატარდა. საუბარია აღმოსავლეთ უკრაინის იმ ქალაქებზე, რომელთაც ხელისუფლება სრულად აკონტროლებს.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
ბმული

კრასნოარმეისკს უკრაინის არმია და პოლიცია იცავდა. ქალაქში რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნა, თუმცა შუადღემდე იქ ამომრჩეველთა მხოლოდ 10 პროცენტი გამოცხადდა. რუსლან ტოვჩუკი, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ელექტორატის დაბალი აქტიურობა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.

„ჩემი აზრით, დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ ხალხი იმ კანდიდატს ვერ ხედავს, რომლისთვისაც ხმის მიცემა შეიძლება და რომელიც ქვეყანას რეალურად კრიზისიდან გამოიყვანს. ეს ერთი მიზეზია და არსებობს კიდევ მეორეც: ისინი საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და ხმის მისაცემად ამიტომ არ მოდიან“.

საარჩევნო უბნის ხელმძღვანელს ყველა არ ეთანხმება. ზოგი თვლის, რომ ამომრჩეველთა ნაკლები აქტიურობა ორი კვირის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგმაც განაპირობა. მათი აზრით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაბალი აქტიურობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს უკრაინისგან გამოყოფა სურთ.

კრასნოარმეისკელი გრიგორი ამბობს, რომ „რეფერენდუმზე დილის 9 საათიდან დღის 3 საათამდე ამ პატარა ქალაქში 2 500-ზე მეტი მოქალაქე გამოვიდა... ამ არჩევნებზე კი ხალხი იმიტომ არ მოვიდა, რომ ისინი უბრალოდ ნაძირლებში ვერ ერკვევიან“.

უკრაინაში მიმდინარე არეულობის ფონზე ფიქრობდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რთულად წარიმართებოდა. თუმცა, კრასნოაერმეისკის ერთ-ერთ უბანზე ხმის მისაცემად მისული იგორ ივემიჩი თვლის, რომ ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა არ შეიძლება არც უსაფრთხოების გამო არსებული შიშით აიხსნას და არც ღირსეული კანდიდატის არყოლით.

„როცა ახალ მანქანას ვყიდულობთ, მაშინაც მსგავს არჩევანს ვაკეთებთ. არც ისე ცუდს და არც ისე ძვირს ვირჩევთ. გვინდა, რომ ცოტა ფული დავზოგოთ მომავალში მისი შეკეთებისთვის, თუ ცოლისთვის ახალი ჩექმების საყიდლად. ასე ხდება საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ოპტიმალურ ვარიანტს ვირჩევთ, რადგან იდეალური კანდიდატი არ არსებობს“ - ამბობს იგორი.

რაც შეეხება თავად ქალაქ დონეცკს, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, იქ არცერთი საარჩევნო უბანი არ გახსნილა. პრორუსული განწყობების მქონე ჯგუფებმა ყველა უბანი დახურეს და საარჩევნო ბიულეტენები და ყუთები დემონსტრატიულად მათ მიერ დაკავებული ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ გამოფინეს. მთლიანად დონეცკის რეგიონში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მოქალაქეთა დაბალი აქტიურობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უახლოეს მომავალში კონსენსუსის მიღწევა რეგიონში რთული საქმე იქნება.
XS
SM
MD
LG