ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში არჩევნები დაიწყო


უკრაინელები კიევსა და დასავლეთის რეგიონებში არჩევნებში იღებენ მონაწილეობას.

ამ პროცესში წვლილის შეტანის საშუალება არ აქვს ელექტორატის 15 პროცენტს ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. იქ საარჩევნო უბნები პრო-რუსმა სეპარატისტებმა დაბლოკეს.

დონეცკის რეგიონულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგიონის 2,430 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 426 გაიხსნა და რომ არცერთი მათგანი ქალაქ დონეცკში არ მდებარეობს. დონეცკის მოსახლეობა ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს.

კენჭისყრა არ ჩატარდა ლუგანსკშიც, თუმცა ლუგანსკის მხარეში რამდენიმე საარჩევნო უბანი თითქმის ფუნქციონირებდა, როგორც ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა სააგენტო “ ასოშეიტედ პრესს” უთხრეს.

კვირას არ დაფიქსირებულა შეტაკებები, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ დააფიქსირა საარჩევნო თანამშრომლების დაშინება-წერს სააგენტო “როიტერი.”

“ლუგანსკსა და დონეცკში, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები შეიარაღებულნი გამოცხადდნენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ, ამსხვრევდნენ კომპიუტერებს, და გაიტაცეს საარჩევნო დოკუმენტები,”-“როიტერზე” დაყრდნობით თქვა საარჩევნო კომისიის წევრმა კონსტანტინ ჰივრიენკომ.

კანდიდატები

48 წლის პეტრო პოროშენკო ბევრად უსწრებს წინ 20 სხვა კანდიდატს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა მას არ ექნება არჩევნების პირველ ტურში, რაც კანდიდატს გამარჯვებას მოუტანდა. არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელია, რომ 15 ივნისს ჩატარდება.

“პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინის ყველა მოქალაქისთვის,”-თქვა პოროშენკომ, მას შემდეგ რაც დღეს კიევში ხმა მისცა და დასძინა, რომ შეიარაღებულმა ადამიანებმა ქალაქებისა და დაბების ქუჩები უნდა დატოვონ.

დასავლეთი, უკრაინაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს გადამწყვეტ ნაბიჯად აფასებს ქვეყნის სამომავლო დეზინტეგრაციის თავიდან ასაცილებლად.

პოროშენკომ, ამასთან, “პირდაპირი დიალოგისკენ” მოუწოდა დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებთან.

ბევრი ამომრჩეველი პოროშენკოს, მისი პრაგმატული მიდგომებისა და კომპრომისზე წასვლის სურვილის გამო იწონებს, რაც მას, სავარაუდოდ, სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს. პოროშენკო მხარს უჭერს მტკიცე კავშირს ევროკავშირთან, თუმცა ასევე საუბრობს ურთიერთობების ნორმალიზაციაზე რუსეთთან.
XS
SM
MD
LG