ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობრივი პროტესტი - ამერიკის 3 ქალაქი ფედერალური დახმარების დაკარგვის რისკის ქვეშ


ამერიკის 3 ქალაქს - ნიუ-იორკს, პორტლენდს, და სიეტლს შესაძლოა ფედერალური დახმარება შეუმცირდეს ან შეუწყდეს, მიზეზი ძალადობრივი საპროტესტო აქციებია. განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე ქალაქმა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო წესრიგის დამყარება და პროცესი მუდმივად დაძაბული და კრიტიკულია.

"როდესაც სახელმწიფო და ადგილობრივი ლიდერები ხელს უშლიან თავიანთ სამართალდამცავ ორგანოებს გამართულ მუშაობაში, ეს საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მოქალაქეებს, რომლებიც დაცვას იმსახურებენ. ძალადობრივი ქმედებები ხელს უშლის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სურთ შეიკრიბონ და მშვიდად გააპროტესტონ ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ ქმედება,"- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები რამდენიმე შტატში მასშტაბურ მსვლელობებში გადაიზარდა, თუმცა, ვითარება ნიუ-იორკში, ორეგონში და სიეტლში რამდენჯერმე კრიტიკულად მძიმე იყო და აქციის მონაწილეთა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააზიანეს და გადაწვეს შენობები, შედიოდნენ დაპირისპირებაში პოლიციურ ძალებთან და იყო შემთხვევები როდესაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ ამერიკის მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ეს უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამივე ქალაქი- ნიუ-იორკი, პორტლენდი და სიეტლი ფედერალურ დახმარებას დაკარგავენ.

"ჩვენ არ შეგვიძლია ფედერალური თანხების გაფლანგვა როდესაც მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ არის. იმედი მაქვს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებული ქალაქები ნიუ-იორკი, პორტლენდი და სიეტლი შეცვლიან ქალაქებში არსებულ მდგომარეობას და დაიწყებენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას,"- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უილიამ ბარი.

პროკურორის განცხადებას ერთობლივი წერილით უპასუხეს ნიუ-იორკის მერმა ბლაზიომ, პორტლენდის მერმა ვილერმა და სიეტლის მერმა დურკანმა.

"ეს არის საფუძვლიანად პოლიტიკური და არაკონსტიტუციური ქმედება. პრეზიდენტი თამაშობს იაფ პოლიტიკურ თამაშებს კონგრესის ფულადი სახსრებით,"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს ბილ დე ბლაზიო, ტედ ვილერი და ჯენი დუნკანი აწერენ.

ამავე წერილში, სამი ქალაქის მერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში ადანაშაულებენ.

"ის ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს და სხვაზე გადიტანოს პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაზე, რათა გადაფაროს საკუთარი წარუმატებლობა.

25 მაისის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით ამ პერიოდში ნიუ-იორკში სროლების რაოდენობა 177% გაიზარდა, პორტლენდში 140%, სიეტლში კი ყველაზე რთული ვითარებაა-იქ სროლები 525%-ით გაიზარდა.

გაზრდილი კრიმინალის გამო არ არის გამორიცხული, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ქალაქების სიას, რომლებმაც შესაძლოა ფედერალური დახმარება დაკარგონ, სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG