ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძეგლები სამსჯავროზე


ანტირასისტული საპროტესტო ტალღა, რომელიც ამერიკიდან დაიწყო და თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელდა, რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. მათ შორის, ბრძოლა გაჩაღდა კოლონიური ეპოქის პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწეების და სხვა ისტორიული ფიგურების ძეგლების წინააღმდეგ.

უნდა განვსაჯოთ თუ არა ისტორიული ფიგურები, თანამედროვე მორალური სტანდარტებით და რამდენად სამათლიანი შეიძლება იყოს ეს? ამ საკითხზე ისტორიკოსები, პოლტიკისოები, აქტივისტები იქამდეც მსჯელობდნენ, ვიდრე ანტირასისტული დემონსტრაციის მონაწილეები, ჩერჩილს რასიზმსში დასდებდნენ ბრალს და მის ძეგლს დააზიანებდნენ. ბრიტანეთის მთავრობას კი სერ უინსტონ ჩერჩილის ძეგლის დასაცავად, დროებით, მისი რიკინის კონსტრუქციებში ჩასმა მოუწევდა.

ამ სიახლეების ფონზე, ალბათ, რთული იქნება საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაზრდილი ადამიანის პოვნა, რომელსაც 70-იან წლებში გადაღებული საბჭოთა რუსული ფილმიდან, „იღბლიანი ჯენტლმენები“, ერთ-ერთი დიალოგი არ გაახსენდებოდა.

ძეგლი ზის?
რა?
ზის?
ვინ?
ეგ შენი კაცი..
აი, სოფლელი! ვინ ჩასვამს მას?! ის ხომ ძეგლია?!

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ადამიანებსა და ძეგლებს თავისი ისტორია აქვს.

ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენების ფონზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში და თავად რუსეთში, დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორია ძეგლებად შემორჩენილი საბჭოთა ლიდერებისა და ზოგადად, საბჭოთა წარსულის მიმართ, საზოგადოებაში არსებული განწყობები.

მოსკოვის ადამიანის უფლებათა ცენტრის მკლევარისთვის, ქვეყანაში ვერმომხდარი დეკომუნიზაციის თვალსაჩინო ნიშანი, სწორედ, საბჭოთა ძეგლებია.

„სამწუხაროდ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები არც სახელმწიფო, არც საზოგადოებრივ დონეზე არ დაგმობილა. დეკომუნიზაცია არ მომხდარა,“ - აცხადებს ალექსანდრა პოლივანოვა.

მკვლევარი საუბრობს საბჭოთა ნომენკლატურისა და ბელადების შესახებ, რომელთა მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ჯეროვნად, არათუ მსოფლიო, არამედ თავად პოსტსაბჭოთა საზოგადებაშიც კი, არ შეფასებულა. რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნების ზოგიერთ ქალაქში, კვლავ შეხვდებით, მაგალითად, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პირველი ხელმძღვანელისა და საიდუმლო პოლიციის დამფუძნებლის, ფელიქს ძერჟინსკის ძეგლს. და, რა თქმა უნდა, თავად იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მონუმენტებს, რომელიც მილიონობით ადამიანის გადასახლებასა და დახვერეტაზეა პასუხისმგებელი.

ლენინის ძეგლი, თბილისი, ყოფილი ლენინის მოედანი
ლენინის ძეგლი, თბილისი, ყოფილი ლენინის მოედანი

საქართველოს გამოცდილება

1990 წლის 29 აგვისტოს, ღამის 1 საათსა და 20 წუთზე, თბილისში, ლენინის მოედანზე, ლენინის ძეგლი დაამხეს. გაცილებით გვიან, ლენინის ძეგლის დემონტაჟიდან 20 წელში და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან ორ წელში, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სტალინის მშობლიური ქალაქის, გორის ცენტრიდან საბჭოთა ბელადის ძეგლი აიღეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საზოგადოების ზოგიერთ ჯგუფებში, უკმაყოფილება მოჰყვა.

უკრაინის გამოცდილება

ლენინის ძეგლის დემონტაჟი, კიევი, უკრაინა
ლენინის ძეგლის დემონტაჟი, კიევი, უკრაინა

მოგვიანებით, 2014 წელს, კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ვლადიმირ ილიას ძე ლენინის ძეგლი დაამხეს. პოლიტიკური ანატლიტიკოსები და კომენტატორები ფიქრობენ, უკრაინაში შემორჩენილი საბჭოთა ძეგლები, პრეზიდენტ იანუკოვიჩის კრემლთან ურთიერთობის ერთგვარი განსახიერება იყო.

ალექსანდრა პოლივანოვა იხსენებს, როგორ გამოეხმაურა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მწერალი, ვლადიმირ სოროკინი. ის ამბობდა, რომ უკრაინელები, ცვლილებების მოლოდინში, გულხელდაკრეფილნი არ სხედან. ისინი უბრალოდ მიდიან და ლენინის მონუმენტებს ამხობენ. სოროკინი ამბობდა, რომ რუსეთში ეს პროცესები, სამწუხაროდ, არ დასრულებულა. პოლივანოვას მიაჩნია, რომ პროცესები არათუ არ დასრულებულა, არც კი დაწყებულა.

რა ხდება ამერიკაში? ნიუ-იორკის მაგალითი...

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ბუნებათმცოდნეობის მუზეუმის წინ აღმართულ, ამერიკის 26-ე პრეზიდენტის ძეგლს ჩამოხსნიან. იდეის მომხრეთა და ძეგლის დემონტაჟის ინიციატორების აზრით, თეოდორ რუზველტის ეს ქანდაკება კოლონიალიზმს და თეთრი რასის უპირატესობას გამოხატავს. ქანდაკების კომპოზიციაში, ცხენზე ამხედრებული რუზველტის უკან, მკვიდრი ამერიკელი და აფრო-ამერიკელი მამაკაცი დგანან.

რუზველტის ძეგლი ერთადერთი არ იყო, რომლის დემონტაჟსაც აქტივისტები ითხოვენ. მათ შორისაა ქრისტეფორე კოლუმბიც. აქტივისტი ჯაბელ ელ ტარიკი ამბობს, რომ ეს ისტორიული ფიგურები ისეთ ამერიკას არ წარმოაჩენენ, როგორიც ის იყო. ამბობს, რომ კუნძულს, სადაც მანჰეტენია გაშენებული, ევროპელების მოსვლამდე მანა-ჰატა ერქვა.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამერიკის აღმოჩენის და მისი, როგორც ქვეყნის შექმნის ისტორია, ადამიანებში განსხვავებულ განწყობებს ქმნის.

„ბევრი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია წარმოდგენა, რომ ჩვენ ეს ქვეყანა აღმოვაჩინეთ - აქ მანამდე, ათასობით წლის განმავლობაში, ცხოვრობდნენ ადამიანები. ასე რომ, ჩვენ მიწა კი არ აღმოვაჩინეთ, არამედ მივითვისეთ,“ - ამბობს ბრაისონ უორენი.

კოლუმბის ძეგლის დემონტაჟის შესახებ, აქტივისტების მოთხოვნებს არ იზიარებს კარგად ცნობილი ნიუ-იორკელი იტალიური ოჯახის წარმომადგენელი, ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო.

„მესმის კოლუმბის მიმართ არსებული განწყობები და ასევე ისიც, რომ მის ზოგიერთ ქმედებას არავინ უჭერს მხარს. მაგრამ, ძეგლი ნათლად განასახიერებს იტალიელი ამერიკელების კონტრიბუციას ნიუ-იორკში, ამიტომ, არ ვემხრობი მის დემონტაჟს,“ - აცხადებს კუომო.

ძეგლების დემონტაჟის შესახებ, ნიუ-იორკელებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია. ნიუ-იორკის მკვიდრი სერგეი ტროიანოვსკი ამბობს, რომ ის მსგავსი გადაწყვეტილებების მომხრე არ არის.

„საბჭოთა კავშირში დავიბადე, სადაც მისმა დამფუძნებლებმა, ძეგლები დაამხეს და ისტორია გადაწერეს. ამიტომ, მე მსგავსი ქმედებების წინააღმდეგი ვარ,“ - ამბობს ტროიანოვსკი.

როგორც ჩანს, სავსებით შესაძლებელია, ზოგიერთი ისტორიული ფიგურა უძეგლოდ დაიკარგოს. ყოველ შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია იმ ფიგურების ძეგლები გაქრეს, რომელთა განსჯა, ნებისმიერი დროების მორალური სტანდარტით, სამართლიანი იქნება. მაგრამ, როგორც ჩანს, ასევე დროის საკითხია, გადაურჩება თუ არა ბრძოლას დიდებული ადამიანების ძეგლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG