ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციის რეფორმა - ნიუ-იორკში კრიმინალი რეკორდულ მაჩვენებელზეა 


ნიუ-იორკში კრიმინალური მაჩვენებლები გაიზარდა. სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულებზე პროცენტული ზრდა 100-დან 200%-მდე მერყეობს. განსაკუთრებით გაიზარდა მკვლელობები და ყაჩაღობა. პარალელურად კი ნიუ-იორკის მერი პოლიციის რეფორმირებას განაგრძობს და ქალაქის პოლიციას ბიუჯეტს 1 მილიარდით უმცირებს. გადაწყვეტილება ახალი ბიუჯეტის შესახებ ქალაქმა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ბიუჯეტი თუ აქამდე 6 მილიარდი დოლარი იყო, ახალი მოცემულობით, ბიუჯეტი მილიარდი დოლარით შემცირდა. ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მომზადებულ ცვლილებებს მხარი 32-მა კანონმდებელმა დაუჭირა 17-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნიუ-იორკის პოლიცია დროებით აღარ აიყვანს ახალ თანამშრომლებს.

მიუხედავად ამისა, ქალაქის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ისინი ითხოვენ, რომ მერიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის და მოითხოვენ გაგრძელდეს დამატებით რეფორმებზე მუშაობა და ქალაქის პოლიციის ბიუჯეტი კიდევ შემცირდეს.

ცვლილებების მიხედვით, მცირდება სამართალდამცავთა რაოდენობა; იზრდება პოლიციელების კონტროლი; პოლიციელები, რომლებიც კარიერის განმავლობაში იყვნენ შემჩნეული სხვადასხვა ტიპის გადაცდომებში, ვალდებულები არიან, გაიარონ დამატებითი გადამზადების კურსები; იცვლება დაკავების წესიც. ასევე პოლიცია ვალდებულია გამოძახებაზე მისვლის დროს, წარადგინოს სამკერდე ნიშანი, ცვილებებით მცირდება ე.წ. სკოლის პოლიციელთა რაოდენობა.

პოლიციის რეფორმირება ნიუ-იორკში გამოძახილია ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციის რეფორმას ითხოვდნენ.

მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში 64 ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული. შეტაკებებსა და ქუჩურ გარჩევებში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კი გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ტელეარხმა "ფოქს-ნიუს" (FoxNews) გაავრცელა ნიუ-იორკის ერთ-ერთი საგრაფოს, საფოლკის შერიფის, ეროლ ტულონის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ პოლიცია ქალაქზე "კონტროლს კარგავს". მეტიც, შერიფი "ფოქს-ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ვითარება ასეთი მძიმე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

"როცა შენ უყურებ ვანდალიზმის ფაქტებს, როცა შენ ხედავ ათობით დაშავებულს ჩხუბის დროს, როცა ხედავ, როგორ ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ესხმიან თავს პოლიციას, როგორ წვავენ პოლიციის მანქანებს მოქალაქეები, ამ დროს აცნობიერებ, რომ შენ დგახარ გზაზე, სადაც ხვდები, რომ პოლიცია კონტროლს კარგავს ქალაქზე,"- ამბობს ტულონი.

ის რასაც შერიფი ტელეარხ "ფოქს ნიუსთან" საუბრის დროს აღნიშნავს, მხოლოდ მისი პოზიცია არ არის. ბოლო დღეების განმავლობაში ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ქალაქში გაზრდილი კრიმინალის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა.

"ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს იმის, რომ კრიმინალური მაჩვენებლები გაიზრდა. შეიძლება ეს იყოს პანდემია, მიმდინარე საპროტესტო აქციები, მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიციის მიმართ და რეფორმები. დიახ, შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს თავისი გავლენა გაზრდილ კრიმინალთან. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალაქზე კონტროლი დავიბრუნოთ და გავხადოთ ნიუ-იორკი უსაფრთხო"- ამბობს ნიუ-იორკის პოლიციის ხელმძღვანელი ტერენს მონაჰანი ჟურნალისტებთან საუბრისას.

რესპუბლიკელები და დემოკრატები პოლიციის რეფორმაზე ვერ თანხმდებიან
რესპუბლიკელები და დემოკრატები პოლიციის რეფორმაზე ვერ თანხმდებიან

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას, ქალაქ ნიუ-იორკში 21 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს. დაჭრეს 49 ადამიანი და 8 მოკვდა.

ნიუ-იორკში მიმდინარე პროცესებს პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა. ის ნიუ-იორკის დემოკრატი მერის, ბილ დე ბლაზიოს საქმიანობას ცუდად აფასებს და ფიქრობს, რომ ბლაზიოს გადადგმული ნაბიჯებით ქალაქი დაზარალდება.

"ქ. ნიუ-იორკმა 1 მილიარდი ამერიკული დოლარით შეამცირა პოლიციის ბიუჯეტი. პარალელურად კი დიდი რაოდენობით თანხას გამოჰყოფს იმისათვის, რომ მეხუთე ავენიუზე დიდი ასოებით დაწეროს "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ეს არის ანტაგონიზმი. დემოკრატებს სურთ პოლიციის დემორალიზება და დაფინანსების შემცირება. ეს კი მაშინ, როცა კარგად ხედავთ, როგორ იზრდება კრიმინალი! ეს არის სიგიჟე!"- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპი ქალაქ ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს გადაწყვეტილებებს, პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით.

მიუხედავად პრეზიდენტის ამ განცხადებისა, ნიუ-იორკის მერმა მეხუთე ავენიუზე სამუშაოები საზეიმო ვითარებაში გახსნა და მიურალის "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" შექმნაში თავად ჩაერთო. აღასანიშნავია ისიც, რომ წარწერა მეხუთე ავენიუზე ტრამპ-თაუერის წინ გაკეთდა, იქ სადაც პრეზიდენტი ტრამპი ოჯახთან ერთად პრეზიდენტობამდე ცხოვრობდა.

ნიუ-იორკში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მურალი "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია დაახლოებით 10 ადგილას გაკეთდა, უმრავლესობა მანჰეტენზე, რამდენიმე კი - ბრუკლინში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს ლეტიცია ჯეიმსს სურს, რომ ქალაქის მერს პოლიციაზე ზემოქმედების საშუალება შეეზღუდოს. საუბარია ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის შერჩევასა და დანიშვნაზე. ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის რეკომენდაციაა, შეიზღუდოს მერის ძალაუფლება ამ მიმართულებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG