ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს ანჯელესში აფრიკული წარმოშობის სანტას შეხვდებით


ლოს ანჯელესის სავაჭრო ცენტრში ბავშვებს ლათინო-ამერიკელი და აფრიკული წარმოშობის სანტა კლაუსები ართობენ

ბევრ ევროპულ ქვეყანაში სანტა კლაუსი ტრადიციულად წარმოსახულია, როგორც თეთრკანიანი მამაკაცი, თეთრი წვერით და წითელი მოსასხამით. თუმცა შეერთებულ შტატებში სხვადასხვაგავრად გარდასახულ შობის სიმბოლოსაც შეიძლება შეხვდეთ. პროდუსერი დეინ მოსესი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ესტუმრა, სადაც ტრადიციულად არატრადიციული გარეგნობის სანტა კლაუსები არიან.

მას სხვადასხვა სახელით იცნობენ: წმინდა ნიკოლოზი, კრის კრინგლი, თოვლის პაპა ან უბრალოდ:

"სანტა კლაუსი. დიახ ის კარგი პიროვნებაა. მას ბავშვებისთვის მხიარულება მოაქვს და მინდა მას ამისთვის მადლობა ვუთხრა," ამბობს პატარა ჯეისონი.

ჯეისონ მატა და მისი ოჯახი ბოლდვინ ჰილს ქრენშაუს სავაჭრო ცენტრში ყოველ წელს მოდიან იმისათვის, რომ თავიანთ საყვარელ სანტა კლაუსს შეხვდნენ, რომელიც ესპანურად საუბრობს.

ლათინო-ამერიკელი სანტა ვასქუეზი: ბავშვებს ვეუბნები რომ იარონ სკოლაში, მშობლებს კარგად მოექცნენ, აკეთონ სკოლის დავალებები, ისიამოვნონ ცხოვრებით და უბრალოდ კარგი ბავშვები იყვნენ.

სადღესასწაულო დღეებში შეერთებული შტატების სავაჭრო ცენტრებში შექმნილია სპეციალური საახალწლო კუთხეები, სადაც ბავშვები სანტა კლაუსს ხვდებიან და საშობაო საჩუქრებთან დაკავშირებით თავიანთ სურვილებს უთქვამენ. სანტა კლაუსების უმრავლესობის როლს, რომელთაც წითელი ფერის მოსასხამები აცვიათ, ძირითადად თეთრკანიანი ბაბუები ირგებენ. თუმცა სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის განყოფილების უფროსის, რეიჩელ ერიქსონის თქმით, ესპანურ-ენოვანი კრის კრინგლი სანტა კლაუსების მულტიკულტურულ პროგრამაში ათ წელზე მეტია რაც მონაწილეობს. უბანში, სადაც სავაჭრო ცენტრი მდებარეობს, მრავალეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

რეიცელ ერიქსონი: დემოგრაფიული მდგომარეობა თავად მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სანტას პროგრამა. ჩვენ გვსურს რომ ჩვენი სანტა კლაუსები წარმოადგენდნენ იმ ქვეყნების კულტურას, რომლის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ ამ უბანში.

ბოლდვინ ჰილსის, ქრენშაუს სავაჭრო ცენტრი ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარეობს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ლათინური ამერიკიდანაა ან აფრიკული წარმოშობისაა. ასე რომ, სავაჭრო ცენტრში ორი სანტა კლაუსია, ერთი ესპანურ-ენოვანი, მეორე აფრიკელი. ლენგსტონ პეტერსონი შავკანიან სანტა კლაუსს განასახიერებს. ის ამბობს, რომ ბავშვები მასთან შეხვედრით ძალიან ერთობიან.

ლენგსტონ პეტერსონი: ძალიან სახალისოა როდესაც ბავშვებს უყურებ როგორ დარბიან გარშემო, როგორ ცელქობენ . მათ სანტას დანახვა ძალიან უხარიათ. ბავშვების მშობლებსაც უხარიათ სანტას დანახვა, რაც მეც ძალიან მსიამოვნებს.

სანტა კლაუსი, რომელსაც პეტერსონი ასახიერებს, შილა ფორდის ვაჟიშვილისთვის ერთადერთი სანტაა, რომელსაც ის შეხვედრია.

შილა ფორდი: ყოველ წელს სპეციალურად მოვდივართ ამ სავაჭრო ცენტრში სანტა კლაუსის სანახავად. ეს ნამდვილი სიურპრიზია. ჩემს შვილს ისევ სჯერა სანტა კლაუსის არსებობის, და ამიტომაც მათ შორის გარკვეული ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ის ნამდვილად ჰგავს სანტა კლაუსს.

ასეთი მეგობრობა დღესასწაულს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.
XS
SM
MD
LG