ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი დიპლომატები იწონებენ ამერიკის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის გადაწყვეტილებას


ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატები იცავენ გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოყვანის შესახებ. ისინი არ ეთანხმებიან იმ კანონმდებლებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ კოალიციური ჯარის ავღანეთიდან უკან გაწვევა ქვეყანას კვლავ ტერორისტების თავშესაფრად აქცევს.

ხუთშაბათს, ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ მოსმენაზე, დიპოლომატებმა ჩვენებები მისცეს და თავიანთი აზრი დააფიქსირეს. ისინი ამბობენ, რომ ჯარების უკან გაწვევის რამდენიმე საკითხი კვლავ დაუზუსტებელია და ამ თემაზე მუშაობა საჭიროა.

"პროგრესი გვაქვს", -თქვა ელჩმა ზალმაი ხალიზადმა, ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში. მან წარმომადგენელთა პალატის წევრებს უთხრა, რომ დეტალურ ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით მათ ვერ მიაწვდიდა იმ მიზეზის გამო, რომ ეს კლასიფიცირებული ინფორმაციაა.

დეივიდ ჰელვიმ, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ინდოეთ-წყნარი ოკეანის საკითხებში, კონგრესმენებს შემდეგი უთხრა: "ვმუშაობთ ჩვენი ანტიტერორისტული შესაძლებლობების განგლაგებისა და რეგიონში რესურსების შენარჩუნების მიმართულებით". ჰელვის თქმით, ისინი რეგიონის შიგნით "ეძებენ სხვადასხვა შესაძლებლობებს".

მას შემდეგ, რაც ჯერ დონალდ ტრამპმა, შემდეგ კი ჯო ბაიდენმაც, განაცხადეს თანხმობა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ, ამერიკელი კანონმდებლების ნაწილს კითხვები გაუჩნდა. მათ აწუხებთ არა მარტო ის ფაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკულ ჯარს გაუჭირდება ავღანეთში დაბრუნება, არამედ ისიც, რომ ქვეყანა, შესაძლოა კვლავ გახდეს ტერორისტების ადგილსამყოფელი. ამერიკელ კანონმდებლებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებითაც, შეძლებს თუ არა ავღანური ჯარი გაუმკლავდეს თალიბანისგან მომავალ საფრთხეს, ადგილზე ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნის გარეშე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG