ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეულის შეხვედრაზე 2 ინდოელს კოვიდი დაუდასტურდა


დიდი შვიდეულის საგარეო უწყებათა ლიდერების შეხვედრა ლონდონში

ლონდონში, დიდი შვიდეულის საგარეო უწყებათა ლიდერების შეხვედრაზე, ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრიტანეთი მასპინძლობს მათ პირველ პირისპირ შეხვედრას ბოლო ორი წლის მანძილზე, რასაც მონაწილე სახელმწიფოები პირდაპირი შეხვედრებით დიპლომატიის განახლების შანსად აღიქვამენ. დასავლეთის სურვილია, გამოიყენოს ეს შანსი იმისთვის, რომ ისინი ერთიანი ფრონტით წინ აღუდგნენ ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს.

ინდოეთი დიდი შვიდეულის შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრება და ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ლანკასტერის მთავარ შეხვედრაში. დელის დელეგაცია სამშაბათს საღამოს და ოთხშაბათს მთელი დღის მანძილზე გამართულ შეხვედრებს უნდა დასწრებოდა, თუმცა გადაწყდა, რომ ინფიცირებულები 10-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი სხდომებში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს.

ლონდონის შეხვედრა დიდი შვიდეულის მთავარი სამიტის ერთგვარი პრელუდიაა. ივნისში, უმაღლესი დონის შეხვედრები ბრიტანეთის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარე კურორტზე იგეგმება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მსოფლიოს სხვა ლიდერებიც დაესწრებიან. დიდი შვიდეულის ქვეყნებია: აშშ, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია. სტუმრის სტატუსით წელს შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ: ავსტრალია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა და ბრუნეი.

სამშაბათს გამართული შეხვედრების ფოკუსში იყო ჩინეთის საკითხები და სირიაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი რეზოლუციით დასრულების გზაზე არსებული პრობლემები. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მინისტრებს შორის ფართო ურთიერთგაგებაა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ ჩინეთი საერთაშორისო მოწყობის განუყოფელი ნაწილი იყოს, თუმცა ამისთვის პეკინმა "საერთაშორისო მოწყობის წესებით უნდა ითამაშოს". ჩინეთი გააკრიტიკეს ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის და სამხრეთ ჩინეთის, თუ მის სხვა საზღვრებთან გაგრძელებული აგრესიის გამო.

ამას გარდა, სამდღიანი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა კოვიდ-19 და ინფექციის საწყინააღმდეგო ვაქცინებია. საგარეო უწყებების ლიდერებს შორის ასევე იგეგმება საუბარი კლიმატურ ცვლილებებზე, ქალების განათლების პრობლემებზე და ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხზე.

დიდი შვიდეულის ფარგლებში, კერძო შეხვედრებიც იმართება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მასპინძელი ქვეყნის ლიდერს, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა. დაუნინგ სტრიტის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ "ვაქცინების გლობალური მიწოდება კორონავირუსის პანდემიის დამარცხების გზაზე გადამწყვეტი იქნება. მათ ხაზი გასუვეს დიდი შვიდეულის მუშაობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით, რომელიც მოიცავს საერთაშორისო წარმოების მოცულობის გაზრდასაც".

დიდი შვიდეულის დასრულებისთანავე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გაემართება. ენტონი ბლინკენი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადების მიხედვით, ბლინკენი "კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის პირისპირ".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG