ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინაცია კერძო სექტორში


აცრის ცენტრი კომპანია "ამაზონის" ოფისში. სიეტლი, ვაშინგტონის შტატი, აშშ.

ამერიკაში ბევრი კერძო კომპანია თუ პროფესიული კავშირი ცდილობს თანამშრომლების კოვიდ-19-ის ვაქცინებით უზრუნველყოფას. კერძო კომპანიები ამ გზით ჩვეული ცხოვრების და ბიზნესის ფუნქციონირების აღდგენას ცდილობენ.

მერი უოტსონი თავის ორგანიზაციაში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აცრაზე ჩაეწერა. მას მამა კოვიდ-19-ით დაეღუპა. გასულ შემოდგომაზე კოვიდ-19 თვითონაც გადაიტანა. მერი კოლორადოში კვების მრეწველობის კომპანიაში „მიშენ ფუდს“ მუშაობს, რომელსაც სხვადასხვა შტატში 6 ათასამდე თანამშრომელი ჰყავს.

როგორც კი ადგილობრივმა პროფკავშირებმა გამოაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი 200 მუშაკისთვის ვაქცინებს ხელმისაწვდომს გახდიდა, დიდხანს აღარ უფიქრია. აცრის შემდეგ „ერთგვარი შვების გრძნობა დამეუფლა“ - ამბობს მერი. “თითქოს ეს დადასტურება იყო, რომ ძველებური ცხოვრების დაბრუნების გზას დავადექით“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს საკუთარი თანამშრომლების კოვიდ-19-ზე აცრას. მათ შორის ისეთი დიდი და ცნობილი კომპანიაც არის, როგორიცაა „ამაზონი“. ინტერნეტ-გიგანტმა საკუთარ ოფისებში აცრის ცენტრები მოაწყო და ადგილზე ლიცენზირებული სამედიცინო დარგის სპეციალისტები მიიწვია.

გამოცდილებამ დაადასტურა, რომ რაც მეტი ადამიანი იცრება, ვაქცინაციაზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება. უკვე ისეთი ადამიანებიც ცდილობენ აიცრან, ვინც კოვიდ-19-ზე იმუნიზაციას თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა. როცა ნახულობენ, რომ თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი იცრება, თვითონაც იღებენ გადაწყვეტილებას. მითუმეტეს, რომ ვაქცინა სამსახურშივე ხელმისაწვდომია და გზის დროს და ხარჯებს ზოგავს.

კომპანიების ხელმძღვანელების აზრით, ვაქცინაციის ასე ორგანიზება არამარტო მათ ბიზნესს, არამედ საერთო ჯამში, ქვეყანასაც ეხმარება. ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ჯანდაცვის ამგვარ ხელმისაწვდომობას მინიმუმზე დაჰყავს რასობრივი და სოციალ-ეკონომიკური განსხვავებები თანამშრომლებს შორის.

თუმცა, ყველას „ამაზონის“ მსგავსი რესურსები არ გააჩნია. მაგალითად, ილიანა დე ლა ვეგამ, რომელიც ტეხასის ქალაქ ოსტინში მექსიკური რესტორანი აქვს, ვაქცინაციით მხოლოდ 12 თანამშრომლის უზრუნველყოფა შეძლო.

ზოგიერთი თანამშრომელი ორჭოფობდა, ყვება ილიანა. „ზოგი ამბობდა, არ ვარ დარწმუნებულიო. მე ვუთხარი: ან აიღე, ან კიდევ დაანებე თავი და უარი თქვი. ვინ იცის, კიდევ როდის გექნება ასეთი შანსი“? რესტორნის მეპატრონის თქმით, თანდათან ბევრს მოუნდა იმუნიზაცია და საბოლოო ჯამში, მან 12 თანამშრომლის აცრა შეძლო.

მარტში, როცა ვაქცინების ხელმისაწვდომობა ამერიკაში თანდათან იზრდებოდა, საკონსულტაციო ფირმამ „გარტნერი“ 300 კომპანიას შორის გამოკითხვა ჩაატარა. მაშინ ვაქცინაციის ორგანიზების მსურველი დამსაქმებელთა მხოლოდ 30% აღმოჩნდა. თუმცა, „გარტნერის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიტუაცია იცვლება. გამოკითხულთა 2/3 წლის ბოლომდე კომპანიების სრულად ამუშავებას გეგმავს და უმეტესობა ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობას ამაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ფორდ მოტორსმაც“ ავტომწარმოებელთა პროფკავშირების დახმარებით, ორშაბათს, ვაქცინაციის ცენტრი მიჩიგანის, კანზასის და ოჰაიოს ოფისებში გახსნა. „ფორდის“ მსგავსად, რამდენიმე შტატში აქვს ვაქცინაციის ცენტრი „ამაზონსაც“: კანზასში, მისურიში და ნევადაში. ვაქცინის მიღება „ამაზონში“ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, მძღოლებით დაწყებული, საწყობის თანამშრომლებით გაგრძელებული და კომპიუტერული პროგრამისტებით, თუ ლიდერებით დამთავრებული.

დიდ კომპანიებს შორის, რომელმაც თანამშრომელთა აცრა დაიწყო, არის „ჩობანიც“, რომელიც ამერიკაში პოპულარულ ბერძნულ მაწონს აწარმოებს. მან ადგილობრივ აფთიაქთან პარტნიორობით, ასობით თანამშრომელი აცრა აიდაჰოს შტატში, სადაც 2 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

„ამერიკული ავიახაზები“ და „სუბარუც“ არიან ამერიკის იმ 40-ზე მეტ ცნობილ დამსაქმებელს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ თანამშრომლებს ვაქცინაცია შესთავაზოს. „ამერიკულმა ავიახაზებმა“ ვაქცინაციის ცენტრები პირდაპირ აეროპორტებში გახსნა: ჩიკაგოში, შარლოტსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.

„ტაისონ ფუდს“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკვების მწარმოებელი კომპანიაა. მისი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ 16 შტატში უკვე 40 000-მდე თანამშრომელი აცრეს. ახლახან „ტაისონ ფუდსში“ გადაწყვიტეს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა თანამშრომელთა ოჯახის წევრებსაც შესთავაზონ.

აცრა ამ კომპანიებში ჯერჯერობით ნებაყოფლობითია. თუმცა, „ჩობანი“, რომელმაც ყველაზე კრიზისულ თვეებშიც კი შეძლო პანდემიის აფეთქებისთვის თავის არიდება და მუშაობის გააგრძელება, არ გამორიცხავს, რომ რაღაც ეტაპზე ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს. კომპანიის ერთ-ერთი უფროსი ოფიცერი გრეის ზუნჩიკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დისკუსია „ისევ გრძელდება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG