ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთში პოლიტიკურ ცვლილებებს არ მოელის


საგარეო ურთიერთობათა საბჭო, ნიუ იორკი, 27 ივნისი, 2013

ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველო-რუსეთს შორის სიტუაციის გამოსწორებას ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ მოელიან

ნიუ-იორკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში რუსეთის და შეერთებული შტატების პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს. თავის მოხსენება რუსეთში არსებულ სიტუაციაზე და პრეზიდენტ პუტინის საგარეო პოლიტიკაზე „ნიუ იორკერის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილმა კორესპონდენტმა ჯულია იოფმა და ჰარვარდის უნივერისტეტის ეკონიმიკის პროფესორმა ანდრეი შლეიფერმა წარმოადგინეს. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი რუსეთში საკმაოდ მაღალია, თვლიან ანალიტიკოსები, რაც მათი აზრით, პუტინის პრეზიდენტის კაბინეტში ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ ოპოზიციის და მასმედიის მიმართ ზეწოლის შედეგია. ექსპერტები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო მოელიან. შეხვედრა ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილიც ესწრებოდა.

ეკონომიკური სტაგნაცია, გაჭირვებული ხალხი, დაქსაქსული ოპოზიცია, ციხეში გამოკეტილი ბიზნესმენები, უფლებაშელახული უმცირესობების წარმომადგენლები, დაშინებული მას-მედია და ამის ფონზე, ვლადიმერ პუტინის გაზრდილი რეიტინგი. ასე გამოიყურება რუსეთი დღეს, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტის კაბინეტში ხელმეორედ შესვლიდან ათი თვის თავზე. ჟურნალ „ნიუ იორკერის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტი ჯულია იოფი რუსეთის რეგიონებში მოგზაურობიდან გაოცებული დარჩა.

ჯულია იოფი: ქალაქებში სხვა სიტუაციაა, მაგრამ თუკი პროვინციებში გახვალთ და ხალხის აზრს მოისმენთ იქ განსხვავებული სიტუაცია დაგხვდებათ. ისინი ამბობენ, რომ იციან, რომ პუტინი ფულს იპარავს, მისი ხელისუფლება კორუმპირებულია, თუმცა ამის მიუხედავად, ამბობენ, რომ უმჯობესია ისევ მათთვის ნაცნობი პოლიტიკოსი მართავდეს ქვეყანას, ვიდრე ვინმე ახალი მშიერი მოვიდეს და ჭამა დაიწყოს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიციები ქვეყანაში ძალიან მყარია. იგი სრულად აკონტროლებს რუსეთის სახელმწიფო დუმას, მასმედიას და პრობლემებს უქმნის არასამთავრობო სექტორს. ისინი თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი თავის პოსტს დიდი ხნით შეინარჩუნებს, მისი დამარცხება მხოლოდ რევოლუციას შეუძლია, თუმცა ამის ნიშნები რუსეთში ჯერ არ არის. პრობლემა შეიძლება ეკონომიკურმა კრიზისმა შექმნას, თუმცა რუსეთი, რომელიც საკუთარ ენერგომატარებლებს ევროპულ ქვეყნებს საკმაოდ მაღალ ფასში აწვდის, ფიქრობენ რომ ვიდრე ევროპისთვის ენერგორესურსების ალტერნატიული წყარო არ გამოჩნდება, რუსეთს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი არ ელოდება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ანდრეი შლეიფერი თვლის, რომ რუსეთის ძალაუფლება საბჭოთა კავშირის ეგრეთ წოდებულ „დერჟავასთან“ შედარებით სუსტად გამოიყურება. ამის მაგალითად მას 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენები მოჰყავს.

ანდრეი შლეიფერი: არ მიმაჩნია, რომ რუსეთს მსოფლიოში განსაკუთრებული ამბიციები აქვს. თვალშისაცემია ის, რომ პუტინის ხელისუფლება ექსტრემალურად წინდახედულია. მაგალითისთვის, საქართველოში ომის დროს, რუსეთის ჯარები არ შესულან თბილისში. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ ინტერვენციას, თუმცა დედაქალაქში არ შესულან. რუსეთი საზღვარზე უფრო აგრესიული იყო, თუმცა რუსეთი დღეს არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. ეს ნაკლები აგრესია რისკის ნაკლებობით არის გამოწვეული.

რუსეთში ისევ თვლიან, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ინსპირირებული იყო. ამ შეხედულებას იზიარებს ნიუ იორკში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მამა ლეონიდიც.

მამა ლეონიდი: იმედი მაქვს უკეთესი ურთიერთობების, თუმცა შეიძლება ეს იმედი არც იყოს რეალისტური, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი სადავო საკითხია, რაზეც უნდა შეთანხმდნენ. საქართველოს ომის წინ უნდა გაეთვალისწინებინა რუსეთის პოლიტიკა. თუმცა მისი აზრით ომის ინიციატივა სააკაშვილს ეკუთვნის, შესაძლოა მან პროვოკაციაც მოაწყო, მაგრამ რისი იმედი ჰქონდა, რომ ამერიკა იბრძოლებდა საქართველოსთან ერთად ამ ომში?

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის სასიკეთო სიგნალებზე ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი თომას გრაამი საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გამოსწორება მანამდე არ მოხდება, ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება.

თომას გრაამი: პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. ივანიშვილი უფრო პრაგმატული ჩანს, ვიდრე სააკაშვილია. ბოლო დროს ქვეყნებს შორის ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. გ ვგულისხმობ იმ კომუნიკაციის ფორმას, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერს, ორ უმაღლეს პირს შორის არსებობდა. რუსების ჯარები ისევ რჩებიან სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ახალი პრეზიდენტი მოვა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ - კონსტიტუციით ძალაუფლება ისევ პრემიერ-მინისტრის ხელშია. ამდენად რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება.

შეერთებული შტატები საქართველოს მოკავშირედ კვლავ რჩება. ყურადღების მოდუნების მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს შესახებ პრობლემები ახლა აქტუალური არ არის, თვლის გრაამი. შეერთებული შტატების პრიორიტეტი საშინაო საკითხები უფროა, ფისკალური, საბიუჯეტო პრობლემები, საგარეო კუთხით ახლო-აღმოსავლეთი და სირია, სადაც რუსეთი მოქმედი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია. გრაამის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ ინტეგრაციას და დამოუკიდებლობას კვლავაც უჭერს მხარს და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების დროს ამერიკის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.
XS
SM
MD
LG