ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პერსპექტივები რუსეთთან


რუსეთი მზადაა საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს

დღეს ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს. საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს მისი საქმიანობის შედეგია. ამ დროისთვის მხოლოდ ჩარტერული ავია რეისები ხორციელდებოდა რუსეთის რამდენიმე ქალაქში. რეგულარული მიმოსვლა რუსთის ფედერაციასთან კი ომის შემდგომ შეწყვეტილია. ლუკაშევიჩმა პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის შესაძლებლობის თაობაზეც განაცხადა, რაც მომავალი მოლაპარაკებების თემა შეიძლება იყოს.

„ჩვენ სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენაზე, სავაჭრო კავშირების აღდგენაზე, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ პირველი დღიდან ვსაუბრობთ და ახლაც, როდესაც ჩვენ პრაღაში შეხვდით, ყველა ეს თემები გავიარეთ. ბატონი ლუკაშევიჩის განცხადება, ერთგვარი გამოძახილია, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებისა, რაც ექვსი თვის მანძილზე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები ექსპერტებისა საავტომობილო და საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენი შეხვედრა ცოტა მოგვიანებით გაიმართება. ალბათ ჩვენ უკვე ვიფიქრებთ, იმაზე, თუ შემდგომ ეტაპზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რა პრობლემებზე ვიმსჯელოთ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისი მარიოტში კი დღეს კონფერენცია გაიმართა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაახლოებით ოცი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. კონფერენცია პრესისთვის დაიხურა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საუბრობს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ განხორციელებული პოლიტიკისა და არსებული გამოწვევების თაობაზე.

„მიმაჩნია, რომ თანამშრომლობის ეს ფორმები არასამთავრობო ორგანიზაციებთან უაღრესად წაადგება სახელმწიფოს, რათა ახლა მაინც არ დავუშვათ შეცდომები, რასაც ადრე უშვებდნენ. წინათ არ ტარდებოდა ამ ტიპის ღონისძიებები, შეხვედრები. ჩვენი კრიტიკა ჰაერში რჩებოდა, როდესაც მე ვიყავი ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოებიდან მოვუწოდებდი ხელისუფლებას ამა თუ იმ ღონისძიებისთვის. სამწუხაროდ, მერე მართლები აღმოვჩნდებოდით ხოლმე, როდესაც ძალიან გვიან იყო, დრო აჩვენებდა ამას. ამიტომ, რომ გამოირიცხოს შეცდომები, ჩვენ გვიჭრდება მუდმივი კონტაქტები საექსპერტო საზოგადოებასთან და მე მივესალმები ამგვარ შეხვედრებს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანლი შოთა უტიაშვილი ერთ-ერთია, ვინც შეხვედრას ესწრება. მისი თქმით, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენთან საუბრისას შოთა უტიაშვილი ამბობს:

„ვისაუბრეთ მავთულხლართების გაბმის საკითხზე, სოჭის ოლიმპიადის საკითხზე, ზოგადად ცვლილებებზე, რომელსაც სამინისტრო მომავალში გეგმავს. იყო ძალიან პროდუქტიული და ნაყოფიერი შეხვედრა და იმედია ეს გაგრძელდება. რამდენადაც შეხვედრა დახურული იყო, არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო. იმედი მაქვს, შეხვედრა ორივე მხარისთვის დადებითი აღმოჩნდება.“

პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მურატ ჯიოევი გამოეხმაურა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს „დევნილების შესახებ აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო“. ჯიოევი ამბობს: „საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2009 წლიდან ყოველწლიურად გამოაქვს ეს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მიჰყვება რა პირველ რიგში, პოლიტიკურ მიზანს, გაესვას ზახი დოკუმენტში, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, თითქოსდა წამოადგენს საქართველოს ნაწილებს. ეს სავსებით არ შეეფერება რეალობას, რადგან 2008 წლის შემდგომ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი და რესპუბლიკა აფხაზეთი წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მიერ აღიარებულ სუბიექტებს და საქართველოსთან მათ არ აქვთ არავითარი შემხებლობა. ეს რეზოლუცია არ შეიტანს არაფერს კონკრეტულსა და დადებითს დენილების პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. პირიქითაც, რეზოლუცია ამწვავებს ვითარებას, რადგან დენილებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა წარმოადგენს საეთაშორისო დისკუსიების ამოცანას ჟენევაში...

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკთხი გამოიტანა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ არიან წარმოდგენილნი, ამდენად შეუძლებელია საკითხი განხილულიყო იბიექტურად და მიღებულიყო ობიექტური დოკუმენტი. ეს რეზოლუცია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჟენევაში არ იყოს განხილული დევნილების საკითხი. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ გასულ წლებშიც. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, უახლოეს დროში, ჟენევაში ეს საკითხი აღარ დადგება. ასევე, სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს დევნილების პრობლემა პოლიტიკურ საკითხად აქციოს, მაშინ სამხრეთ ოსეთელი ოფიციალური წარმომადგენლები მზად არიან ჩავიდნენ ნიუ იორკში და გენერალური ასამბლეის წარმომადგენები საქმის კურსში ჩააყენონ მათი მოსაზრებების თაობაზე“. ციტატის დასასრული. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებაში ბოლოს აღნიშნულია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ატარებს მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათს და რომ მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG