ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაია ფანჯიკიძე ნიუ იორკში კონსულტაციებს მართავს


ამ ეტაპზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს მანდატის სრულად აღდგენის საკითხი არ განიხილება - თეა თუაშვილი, ნიუ იორკი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:18 0:00
ბმული


პროტოკოლით გათვალისწინებული ნახევარ საათიანი შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბან კი მუნს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო, საუბრის ძირითადი ნაწილი ბოლო დროინდელ მოვლენებს, გამყოფ ზოლზე მავთულხლართების გაბმის საკითხს დაეთმო.

გენერალური მდივანი ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობით, ჟენევის ფორმატით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებით და ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრით დაინტერესდა.

მაია ფანჯიკიძე რომელიც გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან პირადად ატარებს კონსულტაციებს, აცხადებს რომ რეზოლუციის მიღების იმედი აქვს. ერთი წლის წინ ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების პროცესს მხარი სამოცმა ქვეყანამ დაუჭირა. მაია ფანჯიკიძემ ბან კი მუნს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მაია ფანჯიკიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეზოლუციის მხარდაჭერა. რეზოლუცია გადის 13 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გენერალურ მდივანს მადლობა გადავუხადე მისი ძალისხმევისთვის და ვისაუბრეთ ამ რეზოლუციის მნიშვნელობაზე. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ის ტენდენცია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება ყოველწლიურად წელსაც შენარჩუნდება და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა.

რეზოლუციასთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძე უკვე შეხვდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლებს. დღეს კი ლათინური და კარიბის აუზის ქვეყნების მისიებთან გამართა კონსულტაციები. ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონებში მხოლოდ ევროკავშირის მისია ხორციელდება, თუმცა ქართული მხარე დაინტერესებულია რომ იქ გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც გააქტიურდნენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დროს საერთაშორისო მექანიზმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მაია ფანჯიკიძე: უნომიკი როგორც მოგეხსენებათ და ეუთოს მისია აღარ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი გარკვეული სახით აღდგენა რასაკვირველია სასურველი იქნებოდა, მაგრამ ამჯერად ალბათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა რომელიც არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი და რომელიც ვერ აღწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი მანდატის გაფართოება და მათთვის იმ საშუალების მიცემა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაღწიონ, არის უფრო მნიშვნელოვანი.

შეხვედრის დროს ასევე ისაუბრეს ჟენევის სამშვიდობო ფორმატში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლის გაზრდის თაობაზე. ამ დროისთვის გაეროს მისიის სრული ფორმატით აღდგენის საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ განიხილება.

მაია ფანჯიკიძე: გაერო არის ძალიან აქტიური ჟენევაში. ეს როლი უნდა გაიზარდოს ჟენევის ფორმატში. გაეროს წევრი გახლავთ რუსეთი, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, აქედან გამომდინარე ბევრად უფრო რთული საკითხია.

გაეროს გენერალური მდივანი მაია ფანჯიკიძესთან საუბრის დროს საქართველოს საშინაო საკითხებითაც დაინტერესდა. როგორ მიდის კოჰაბიტაციის პროცესი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფონზე, რა საარჩევნო გარემოა შექმნილი საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ისევ იყაროს კენჭი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ხვალ დასრულდება.
XS
SM
MD
LG