ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი ვაშინგტონში ბრუნდება


კონგრესი ვაშინგტონში ბრუნდება

კანონმდებლებმა ვაშინგტონი აგვისტოს დასაწყისში ცხარე დებატებით დატოვეს. გამწვავებული და გაჭიანურებული საბიუჯეტო განხილვების სერია როგორც იქნა შეთანხმებით დასრულდა. საბიუჯეტო საკითხი დროებით მოგვარდა და დღეს ქვეყანას დეფოლტი აღარ ემუქრება.

კონგრესმენების ვაშინგტონში დაბრუნება უმუშევრობის საკითხში კრიზისულ პერიოდს ემთხვევა. აგვისტოს თვეში შეერთებულ შტატებში არცერთი ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. უმუშევრობა კვლავ 9 პროცენტიან ნიშნულზეა და სპეციალისტების ვარაუდით ამ მაჩვენებელს ყველაზე ცოტა 1 წელი მაინც შეინარჩუნებს.

ვეტერანი პოლიტოლოგი -ნორმან ორნშტეინი- ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან თვლის, რომ წლევანდელი აგვისტო კანონმდებლებისთვის მართლაც განსხვავებული იქნება.

კონგრესის წევრებს კარგად მოეხსენებათ, რომ მათი რეიტინგი ამ წუთას ყველაზე დაბალია. მათ უმრავლესობას არ გაუკეთებია ის, რასაც ისინი წესით აგვისტოს თვეს უთმობენ. შინ, საკუთარ შტატებში შეკრებების მთელი ციკლი უნდა მოეწყოთ, რათა ამომრჩეველთა პულსისთვის მოესმინათ. ეს ყოველივე მათ აირიდეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ კრებებზე უამრავი განაწყენებული ადამიანი მოვიდოდა და ხელისუფლების მიმართ საკუთარ აგრესიას ღიად გამოხატავდა“ - აღნიშნავს ექსპერტი.

კონგრესის დღევანდელი რეიტინგი შემაშფოთებელია. ამერიკელთა 80 პროცენტი მათ მუშაობას უარყოფითად აფასებს. ეს კარგად ჩანდა იმ რამდენიმე კონგრესმენის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე, რომელთაც მოვალეობის შესრულებას თავი არ აარიდეს და საკუთარ ამომრჩევლებს შეხვდნენ.

„ჯოჯოხეთზე უფრო მეტად გაავებული ვარ თქვენზე“- ამბობს აღელვებული ამომრჩეველი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს, ფლორიდელ -ჯეფ მილერს- მიმართავს.

საბიუჯეტო კრიზისის საბოლოოდ დასაძლევად პრეზიდენტმა ობამამ კონგრესის ლიდერებთან ერთად 6 რესპუბლიკელი და 6 დემოკრატისგან შემდგარი სპეციალური კომიტეტი შექმნა, რომელსაც სუპერ-კომიტეტი უწოდეს.

სწორედ ამ კომიტეტს დაევალა დეფიციტის ტრილიონნახევარი დოლარით შემცირება. მათ პროგრამების შეკვეცა ისე უნდა მოახდინონ, რომ თან ამომრჩევლის აზრიც გაითვალისწინონ, თუ რომელი პროგრამა უნდა შენარჩუნდეს და რომელი - არა. უნდა გადაწყვიტონ, ჩართონ თუ არა საგადასახადო რეფორმა ამ პროცესში. ყველაფერი ეს ახალი ფისკალური წლის დასაწყისამდე, ანუ პირველ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ ჯერ მათ არაფერი გაუკეთებიათ“ - განმარტავს გაზეთ „პოლიტიკოს“ პოლიტიკური მიმომხილველი -ჯონათან ალენი.

ამერიკული საზოგადოება ფისკალური საკითხიდან ყურადღების გადატანას უმუშევრობის პრობლემაზე მოითხოვს. პრეზიდენტმა ობამამ კონგრესის სპეციალური გაერთიანებული სხდომის ჩატარებაც კი მოითხოვა და ხუთშაბათს კანონმდებლებს ეკონომიკური განვითარების ახალ გეგმას წარუდგენს.

პოლიტოლოგი ორნშტეინი თვლის, რომ კონგრესი ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და ამბობს, რომ პოლიტიკაში რამდენიმე დეკადის მოღვაწეობის მანძილზე მას მსგავსი უუნარო მთავრობა არასოდეს უნახავს. „რესპუბლიკელები ოპოზიციაში პრეზიდენტის წინააღმდეგ ასე გაერთიანებულნი არასოდეს ყოფილან“, აღნიშნავს ის. „იქ მარტო ე.წ. „ჩაის პარტია“ არ არის, არამედ დაწინაურებულ რესპუბლიკელთა ბევრად უფრო დიდი ჯგუფია“ - აცხადებს ის.

პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით მომზადებული ეკონომიკური განვითარების გეგმა ორივე პარტიის ინტერესებს დააკმაყოფილებს და იმედს გამოთქვამს, რომ კონგრესი მას გვერდში დაუდგება. ის კიდევ ერთხელ შეეცდება მოუწოდოს პოლიტიკოსებს პარტიული პრინციპები დროებით გვერდზე გადადონ და ამერიკელი ხალხის ინტერესები მათზე წინ დააყენონ.

თუმცა, ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ წინ ამერიკის პრეზიდენტის მომავალი არჩევნებია და მისთვის რესპუბლიკელები ისეთივე ენთუზიაზმით ემზადებიან, როგორც დემოკრატები.

XS
SM
MD
LG