ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი პრეზიდენტის ქმედებით უკმაყოფილოა


კონგრესი პრეზიდენტის ქმედებით უკმაყოფილოა

ჰილარი კლინტონის თქმით, ლიბიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდება გაეროს არასაფრენი ზონის რეზოლუციის ფარგლებშიც არის შესაძლებელი.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩართვა ლიბიის კრიზისში კოალიციის მხრიდან სარაკეტო და საჰაერო შეტევების გააქტიურებით აღინიშნა. როგორც იცით, ოთხშაბათს ალიანსმა არასაფენი ზონის კონტროლი გადაიბარა. მეამბოხეები ჯერ კიდევ უკან იხევენ. მათ პროკადაფისტურ შენაერთებს ინდუსტრიული ცენტრი, ნავთობით მდიდარი ქალაქი - რას ლანუფი დაუთმეს.

კადაფის არმიამ ფლანგებიდან შემოუარა გამოუცდელ ლიბიურ ოპოზიციურ საჯარისო ფორმირებებს და მძიმე არტილერიის მეშვეობით ისინი რას ლანუფიდან უდაბნოსკენ გააძევა. მეამბოხეები ქალაქ ბრეგასთან გამაგრდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათ გამარჯვებისთვის საკმარისი ცეხლსასროლი იარაღი არ აქვთ.

პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თქმით, ლიბიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდება გაეროს არასაფრენი ზონის რეზოლუციის ფარგლებშიც არის შესაძლებელი.

ქალბატონი კლინტონი და სხვა უმაღლესი ოფიციალური პირები ოთხშაბათს კონგრესის წევრებს შეხვდნენ და ლიბიაში მდგომარეობა განიხილეს. მრავალი ამერიკელი კანონმდებელი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტი ობამა ლიბიის შესახებ გადაწყვეტილებებს მათთან შეუთანხმებლად იღებს.

„კონგრესზე მოხსენების გაკეთება კონგრესთან შეთანხმებას არ ნიშნავს“ - განაცხადა დემოკრატმა ჯერალდ ნადლერმა. იმავე აზრისაა რესპუბლიკელი გრეგ ვალდენი:

„თუკი მათ გამონახეს დრო კონსულტაციები არაბთა ლიგასთან გაევლოთ, ასევე შეთანხმებოდნენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს და გაეროს, ვერ ვხვდები, რით ვერ მოახერხეს ჩვენთან შეხვედრა“ - კითხულობს ის.

დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ნორმ დიკსი აცხადებს, რომ ლიბიის საკითხი ქვეყანას უკვე 550 მილიონი დაუჯდა და თვეში მინიმუმ 40 მილიონი დაჯდება. „ამას თანამშრომლობა აღარ ქვია“ - აცხადებს იგი.

ლიბიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა, საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი უშიშროების სისტემის ლიდერი მუსა კუსა ამჟამად ლონდონში იმყოფება და ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ მან სამუდამოდ დატოვა კადაფის მთავრობა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ლიბიელი ლიდერი საკუთარი სურვილით ჩაფრინდა ლონდონში. ლიბიის მთავრობის პრესცენტრის მონაცემებით, მუსა კუსა იქ ოფიციალური დიპლომატიური მისიის ფარგლებში იმყოფება.

XS
SM
MD
LG