ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური ბიუჯეტი - ბარაკ ობამას დილემა


2013 წლიდან შესაძლოა ავტომატური სეკვესტრის მექანიზმი ჩაირთოს

ახლადარჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას. მან კონგრესის წარმომადგენელთა პალატასთან სამთავრობო დანახარჯების და გადასახადების საკითხები უნდა შეათანხმოს. წარმომადგენელთა პალატაში კი, უმრავლესობას ისევ რესპუბლიკელები ფლობენ. პრეზიდენტის და კანონმდებლების ურთიერთობის პერსპექტივის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, სინდი სეინი არკვევდა.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობა გადასახადების გაზრდის საკითხის განხილვას არ აპირებს. დემოკრატები კი დაჟინებით ითხოვენ, რომ თუკი კომპრომისზე წავლენ და სამთავრობო დანახარჯებს შეკვეცენ, რესპუბლიკელებმა მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდას დაუჭირონ მხარი.

არჩევნების დასრულებისთანავე პრეზიდენტმა ობამამ კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში ბიუჯეტის საკითხზე სასაუბროდ მიიწვია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კომპრომისისთვის მუდამ მზად არის. ამავე დროს, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მდიდარ ამერიკელებს ან დაუწესებენ გადასახადებს, ან მიიღებენ პრეზიდენტის ვეტოს.

„მე უარი განვაცხადე ნებისმიერ დაუბალანსებელ გადაწყვეტილებაზე. მე არ ვაპირებ ვთხოვო სტუდენტებს, პენსიონრებს და საშუალო კლასს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი თავის ჯიბიდან დაფარონ, როდესაც ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც წელიწადში 250 ათას დოლარზე მეტი აქვს, 10 ცენტის გადახდასაც კი არ თხოვენ. მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ ის თეთრ სახლთან პროდუქტიულ საუბარს ელოდება, თუმცა მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდაზე კომენტარი გააკეთა.

„საარჩევნო პერიოდში ნომერ პირველი საკითხი ეკონომიკა და სამუშაო ადგილები იყო. ყველას სურს რომ ჩვენი ეკონომიკა ისევ ამოძრავდეს, ყველას უნდა რომ უფრო მეტი ამერიკელი იყოს დასაქმებული. გადასახადების გაზრდა სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს,“ - განაცხადა ბეინერმა.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის დროს მიღებულ კანონს გადასახადების შემცირების შესახებ, ვადა წლის ბოლოს გასდის. ამდენად, ეს რესპუბლიკელებს კომპრომისის ძიებისკენ უბიძგებს. რონალდ ბრონსტეინი „ნეიშენალ ჯორნალის “ რედკოლეგიის დირექტორია. ის ამბობს, რომ ბეინერი ვეღარ გაარძელებს თანამშრომლობაზე უარის თქმას.

„ყველაფრის გათვალისწინებით, ეს უკვე ვეღარ იქნება მისი არჩევანი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბუშის დროინდელ კანონს ვადა გასდის და კლინტონის პერიოდის კანონი შევა ძალაში, ვიდრე პრეზიდენტი ობამა ხელს არ მოაწერს კანონის ვადის გახანგრძლივებას,“ - ამბობს რონ ბრონსტეინი.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის ყოფილმა მდივანმა და დემოკრატმა კონგრესმენმა დენ გლიკმანმა განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი უახლოეს 45 დღეში შეძლებს გამოსავლის პოვნას და საბიუჯეტო კრიზისს თავიდან აირიდებს.

ანალიტიკოსი დევიდ ვოსერმანი ამბობს, რომ კრიზისის დაძლევის შანსი მოქმედ კონგრესს უფრო აქვს, ვიდრე ახლადარჩეულ შემადგენლობას, რომელიც, მისი თქმით, უფრო მეტად პოლარიზებული იქნება.

ანალიტიკოსები ასევე მიუთითებენ, რომ პრეზიდენტს და კონგრესს ერთი წლის წინ აქვთ შეთანხმება, რომლის თანახმადაც შესაძლოა სეკვესტრის ავტომატური ამოქმედება. ეს მექანიზმი 2013 წლიდან ჩაირთვება, თუკი კონგრესი და პრეზიდენტი კომპრომისის მიღწევას ვერ შეძლებენ.
XS
SM
MD
LG