ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონტროლირებადის ორმოცდაათი ელფერი


რუსი მესაზღვრე გუგუტიანთკარში

კონტროლირებადი სიტყვაა, რომელიც საქართველოში კონფლიქტებთან მიმართებით გამოიყენება და აღნიშნავს ტერიტორიას, რომელიც გარკვეულ დროსა და სივრცეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სამართლებრივ კონტროლს ექვემდებარება.

„კონტროლირებადი“ არამდგრად შინაარსს გულისხმობს. დღეს, თუ საქართველოს ფარგლებში გარკვეული ტერიტორია მოიაზრება, ხვალ ეს ტერიტორია, შესაძლოა, მას აღარ ეკუთვნოდეს, მიუხედევად გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მათი წევრი ქვეყნების (რუსეთის გამოკლებით) მიერ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპისა. „კონტროლირებადი“ სიტყვაა, რომელიც მსოფლიო წესრიგის საპირისპიროდ დგას და ნებისმიერ დროს, შეიძლება, ხელებში შემოგეფშვნას. ამის გარანტიას რუსეთის ფედერაცია უბოძებს სიტყვა „კონტროლირებადს“ და ისიც თავისუფლად, ლაღად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. იმდენად ლაღად, რომ სად გადის ზღვარი, ან არსებობს თუ არა ის საერთოდ, „კონტროლირებადსა“ და არაკონტროლირებადს შორის, ფრიად საეჭვო ხდება.

გუგუტიანთკარში ტერიტორია, რომელიც გუშინ საქართველოს კონტროლირებად სივრცეს წარმოადგენდა, დღეს რუსეთის კონტროლირებადია. ხოლო სახლები და სხვა უძრავი ქონება, რასაც იქ საქართველოს მოქალაქეები ფლობდნენ, ყოველგვარი სამართლებრივი რეგულაციების უგულვებელყოფით - წართმეული. ყველაზე უარესი კი ის გახლავთ, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს არანაირი შესაძლებლობა/იძულების მექანიზმი არ გააჩნია შეაჩეროს, ან წინ აღუდგეს ამ უკანონობას მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან.

გუგუტიანთკარელები უიარაღო ომში

6 აგვისტოს გუგუტიანთკარში რუსმა მესაზღვრეებმა ლითონის ბოძების დასობა ქეთინო გუგუტიშვილის დამწვარ სახლთან დაიწყეს. ამ სამუშაოების შესახებ ორი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა. 8 აგვისტოსთვის აქ უკვე რვა, მწვანედ შეღებილი ბოძი გახლდათ დამონტაჟებული და მათი მიმართულებიდან გამომდინარე, ჩანდა, რომ რუსები უფრო ღრმად შემოჭრას აპირებდნენ გუგუტიანთკარის ტერიტორიაზე. 14 და 15 აგვოსტოს სამუშაოებმა უკვე ინტენსიური სახე მიიღო. ოკუპანტები „თავის საქმეს“ სრულიად უპრობლემოდ, ქართველი სამართალდამცავების თვალწინ აკეთებდნენ. მათ განაგრძეს ბოძების მონტაჟი და მათ შორის ლითონის ცხაური გაავლეს.

ლავრენტი გუგუტიშვილის, გივი რაზმაძისა და ამირან გუგუტიშვილის მიწის ნაკვეთები შეღობილ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ლავრენტი გუგუტიშვილის სახლი ომის დროსაა გადამწვარი, ისევე როგორც გივი რაზმაძის, თუმცა ისინი სახლ-კართან მაინც მიდიოდნენ ამ დრომდე და საკარმიდამო ნაკვეთსაც იყენებდნენ მოსავლის მისაღებად. რუსმა მესაზღვრეებმა მათ სამი დღე მისცეს იმისთვის, რომ გაიტანონ, რასაც მოერევიან ტერიტორიიდან, სადაც მათი სახლებია, რადგან ამის შემდეგ სახლთან მიახლოვება აეკრძალებათ. გივი რაზმაძეს სახლის ნაწილ-ნაწილ დაშლაში მეზობლები ეხმარებიან. როდესაც კომენტარს სთხოვს ვინმე, არ იცის, რა თქვას, რადგან სათქმელი რაც არსებობდა, უკვე ყველაფერი ნათქვამია, ახლა ამბავს მხოლოდ სასოწარკვეთილებაჩამდგარი თვალები ყვება.

ამირან გუგუტიშვილის სახლიც ომის შემდგომ განადგურდა და ოჯახი სოფელში, ძველი სკოლის შენობაში იქცა დევნილად. იმ ნაკვეთიდან, რომელიც ამირან გუგუტიშვილის ოჯახს ახლა რუსები ართმევენ, სამი წლის წინ, თავად ამირანი გაიტაცეს. თინა ბიძინაშვილი, მისი მეუღლე გვიყვება, როგორ უმოწყალოდ სცემეს დაკავების დროს და რა ტრაგედია დატრიალდა მის თავს იმ ხუთი დღის განმავლობაში, რაც დაკავებული იყო. ამირან გუგუტიშვილის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მის ბაღში სახლი აღარ დგას, სათავსოებიღა დარჩა და სოფლის სარწყავი სისტემის მარეგულირებელი მოწყობილობა. ახლა ეს უკვე აღარაა „კონტროლირებადი“.

გუგუტიანთკარში ომი 11 წლის წინ მხოლოდ დაიწყო და ის დღემდე გრძელდება. ადგილობრივების სათქმელი უთქმელადაც ჩანს, რა შეიძლება იყოს. ცასა და ქვეყანას შორის გამოკიდებულები, ისინი მიტოვებულად გრძნობენ თავს, მარტო დარჩენილებად და განწირულებად საკუთარი ქვეყნის მიერ, რომელიც უძლურია.

ყელში გაჩხერილი სამოქალაქო მოძრაობა

8 აგვისტოს გუგუტიანთკარში სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ გამოჩნდა. მათ აქტივშია სამოქალაქო პატრულის ორგანიზება ატოცსა და ჩორჩანაში, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა ასევე დაიწყეს ტერიტორიების მონიშვნა. ორი წელია მოძრაობის წევრები ატოციდან ფეხს არ იცვლიან. „ჩვენ იქ ვართ, რუსებს ვეუბნებით, რომ თუ უნდათ, გვესროლონ, მაგრამ არ მივცემთ უფლებას დაარჭონ მორიგი, 49-ე ბოძი. ასე ღიად სროლას, როდესაც თან „ლაივი“ გაქვს ჩართული, ვერ ბედავენ, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქმედებები ეფექტიანია და შიშველი ხელებით, ჩვენი აქტიურობით, იმის დემონსტრირებით, რომ აქ ვართ და არ დავთმობთ, ჩვენ შევაჩერეთ ოკუპაცია ატოცსა და ჩორჩანაში“,- გვეუბნება დათო ქაცარავა, მოძრაობის ლიდერი.

ხელისუფლებას სამოქალაქო მოძრაობის აქტიურობა ბოლო დროს პრობლემებს უქმნის. თავდაპირველად, როდესაც რუსი და ოსი თანათავმჯდომარეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრებზე „ქაცარავას პრობლემაზე“ საუბრობდნენ, ქართველი კოლეგების პასუხი გახლდათ, რომ „ისინი საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლებას ვერ შეუზღუდავენ“, თუმცა შემდგომმა ქმედებებმა ეს სიტყვები ეჭვქვეშ დააყენა.

მიმდინარე წლის 15 მარტს სოფელ ხურვალეთში მცხოვრებმა ლუდა სალიამ როდესაც თვითნებურად გადმოსული რუსი მესაზღვრეები ნახა და სოციალურ ქსელში შველა ითხოვა, პოლიციამ სოფელთან მისასვლელი გზები გადაკეტა და სამოქალაქო აქტივისტებს გადაადგილების უფლება არ მისცა. ეს ქმედება შსს-მ უსაფრთხოებისთვის მიღებული აუცილებელი ზომებით ახსნა. ამგვარმა მდგომარეობამ ხურვალეთში რამდენიმე თვეს გასტანა. გარკვეული პერიოდის მანძილზე იქ ჟურნალისტების შესვლაც კი შეზღუდული გახლდათ.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს გადაადგილების უფლება შსს-მ გუგუტიანთკარშიც შეუზღუდა. იქ მისასვლელ გზაზე, კარბის საგუშაგოსთან მოძრაობის წევრები რამდენიმე დღეა იცდიან. 16 აგვისტოს სოფელში შესვლის უფლება არ მისცეს აგრეთვე მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს. ამავე დღეს, ახლადგავლებულ „საზღვართან“ ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით იხილეს ბორდერიზაციის პროცესი.

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოს აჩვენოს უკანონობა, რაც ხდება გუგუტიანთკარში, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოიყვანოს უამრავი ჟურნალისტი, ვინც ასახავს შექმნილ ვითარებას, ჩვენ გვიზღუდავს გადაადგილების უფლებას. ჩვენ ხომ შიშველი ხელებით შევდივართ და უბრალოდ გვინდა, რომ ადგილობრივებს ვაგრძნობინოთ თანადგომა, ვუთხრათ, რომ მარტო არ არიან და ჩვენც მათ გვერდით ვართ,“- გვეუბნებიან კარბის საგუშაგოსთან შეკრებილი აქტივისტები, რომელთაც პოლიცია სოფელში არ უშვებს.

გუგუტიანთკარში განსაკუთრებული მდგომარეობა ჟურნალისტებისთვისაც მოქმედებს. სოფელში შესვლისთვის შსს პრესსამსახურთან შეთანხმებაა საჭირო, ეს იმ დროს, როდესაც არც პოლიციელისგან აპირებ ინტერვიუს აღებას და არც შსს-ს სხვა წარმომადგენლისგან.

ხელისუფლება და გუგუტიანთკარელები

ცალკე საკითხია ხელისუფლების პასიურობა გუგუტიანთკარის პრობლემატიკაზე გამოხმაურების თვალსაზრისით. „ქართული ოცნების“ წამომადგენელმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გუგუტიანთკარის დღევანდელი ბორდერიზაცია სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებების შედეგია და რომ ის კონსტრუქცია, რითაც რუსები ავლებენ ღობეებს უფრო მსუბუქია, ვიდრე ბერლინის კედლის მშენებლობისას გამოყენებული მასალა.

"სირცხვილია" გორის მერის წინააღმდეგ
"სირცხვილია" გორის მერის წინააღმდეგ

მას შემდგომ, რაც გუგუტიანთკარში რუსი მესაზღვრეები გააქტიურდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროცესის შეუმჩნევლად გატარება სცადეს. მხოლოდ 15 აგვისტოს, გვიან საღამოს ესტუმრა სოფელს შერიგების მინისტრი. გორის მერი ამ დროს კუთვნილი შვებულებით სარგებლობდა, თუმცა მწვავე კრიტიკისა და სარკასტული გამოხმაურებების შემდგომ, ის იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ გორში ორი დღის შემდეგ ჩავა. ამასობაში, სამოქალაქო აქტივისტებმა, ვინც გუგუტიანთკარში შესვლას ამაოდ ითხოვდა, გორის მერიასთან აქცია გამართეს. „სირცხვილია“, „რა დროს დასვენებაა“, „რუსეთი ოკუპანტია“ - ასეთი მესიჯები გახლდათ დატანილი საპროტესტო პლაკატებზე.

„კონტროლირებადი“ წყალი?

სასმელი და სარწყავი წყლის კონტროლირებადობის საკითხი გუგუტიანთკარში არანაკლებ პრობლემატურია, ვიდრე სახლების დაკარგვა, რადგან ეს, პირდაპირი მნიშვნელობით სასიცოცხლო არტერიაა არა მხოლოდ გუგუტიანთკარისთვის, არამედ მერეთის, კოშკასა და ზარდიაანთკარისთვისაც. ახლა იქ ყველა შიშის თვალით შეჰყურებს პროცესს და სვამენ კითხვას: შემოღობავენ თუ არა რუსები წყლის ავზებს? სოფლის გამგებელმა მესაზღვრეებს, ვინც უშუალოდ აწარმოებს ბორდერიზაციას, სთხოვა, იქნებ წყალი მაინც დაგვიტოვოთ და არ მოაქციოთ ღობის იქითო. იქნებიან რუსები „კეთილები“ და არ შეღობავენ სარწყავ სისტემას? მათი განზრახვის შესახებ გუგუტიანთკარში არ იციან, არც ხელისუფლებამ იცის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG