ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსები გუგუტიანთკარის ტერიტორიას იტაცებენ


რუსი ოკუპანტები გუგუტიანთკარში ახალ ღობეს ავლებენ

იმ დროს, როდესაც საქართველოში ომის წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიები იმართება, საზოგადოება, ხელისუფლება გარდაცვლილი მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სულებს პატივს მიაგებს, რუსმა მესაზღვრეებმა, ეგრეთ წოდებულ, გამყოფ ზოლთან დემარკაციის ახალი ტალღა წამოიწყეს.

სამუშაოები 7 აგვისტოს დაიწყო გუგუტიანთკარში, სადაც გუგუტიშვილების დამწვარი სახლის ეზოში ლითონის ბოძები დაამონტაჟეს. ინფორმაცია ოკუპანტების გააქტიურების თაობაზე მხოლოდ 8 აგვისტოს გაჟღერდა.

"ამერიკის ხმამ" გასული წლის ნოემბერში ვიდეო სიუჟეტი სწორედ ამ ადგილას, გუგუტიშვილების გადამწვარ სახლთან მოამზადა და ის ისტორია მოყვა, როგორ იქცა ფაქტობრივ დევნილად სოფლის ერთიდან ადგილიდან მეორეზე ქეთევან გუგუტიშვილი.

კონფლიქტის სიმძიმე გუგუტიანთკარში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:54 0:00

რეპორტაჟის მთავარი გმირი წუხდა, რომ გადამწვარი სახლის რეაბილიტაცია არ შეეძლო ერთის მხრივ უსახსრობის, მეორეს მხრივ კი უსაფრთხოების არარსებობის გამო. თუმცა სახლის სანახავად მისვლას მაინც ახერხებდა. რუსი მესაზღვრეების „მანევრირების“ შედეგად, ახლა ოჯახი გადამწვარ სახლთან მისვლის პერსპექტივასაც კარგავს.

დღეს გუგუტიანთკარში შერიგების მინისტრის მოადგილე ზვიად ზვიადაძე იმყოფებოდა. ის ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და განაცხადა, რომ რუსეთი სიტუაციის გამწვავებას ცდილობს. „დღევანდელი დღე ალბათ ფაქტია იმისა, რომ რუსეთი არ ჩერდება, საოკუპაციო ძალა უკან არ იხევს და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია გაამწვავოს. პროვოკაციებს აწყობს, სხვას ვერაფერს დაარქმევ გუშინდელ და დღევანდელ დღეს მსგავს საქმიანობას, როდესაც ჩვენ 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ამ დიდი ტრაგედიის 11 წლისთავს აღვნიშნავთ. ინფორმაცია, რომ აქ რუსი სამხედროები რაღაც გაურკვეველ კონსტრუქციებს აწყობდნენ, გუშინ საღამოს გვქონდა,“ თქვა ზვიადაძემ.

სამინისტროში არკვევენ კონკრეტულად რამდენი მოსახლისა და რა ოდენობის ფართობი მოექცა ახალი ოკუპაციის ფარგლებში. ასევე აცხადებენ იმასაც, რომ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინფორმაცია გადაეგზავნათ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

გუგუტიანთკარში რუსი მესაზღვრეების გააქტიურების საპასუხოდ დავით ქაცარავა და მის მიერ შექმნილი სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებას დაიწყებს. აქტივისტები უკვე გუგუტიანთკარში იმყოფებიან და ატოცსა და ჩორჩანაში პატრულირების პარალელურად, გუგუტიანთკარშიც დაბანაკდებიან. ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინფორმაცია რუსების მანევრირების თაობაზე იმავე დღეს არ გაახმაურა, მეორე დღეს კი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის თაობაზე მინიმალური ყურადღება გამოხატა.

გუგუტიანთკარს ოკუპირებული და გადამწვარი ქართული სოფელი დისევი ესაზღვრება. ამ ადგილას ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი ისედაც არსებობდა და ის ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებს შემოვლებულ ღობეს მიუყვებოდა. ამჯერად რუსი მესაზღვრეები გუგუტიანთკარის სიღრმეში შემოსვლას ცდილობენ და ლითონის ბოძებს იმ ადგილებზე ამონტაჟებენ, სადაც მისვლა ამ დრომდე შესაძლებელი იყო.

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მიიჩნევს, რომ შიშველი ხელებით ის მაინცაა შესაძლებელი, რუსი მესაზღვრეების მიერ გაგრძელებული სამუშაოები შეაფერხონ. ამიტომაც, გუგუტიანთკარი „ძალა ერთობაშიას“ მორიგი პატრულირების სიაში აღმოჩნდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი საზოგადოების განწყობა საკმაოდ სკეპტიკურია. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსებთან წინააღმდეგობა აზრს მოკლებულია და მხოლოდ უარესი შედეგის მოტანა შეუძლია.

ქაცარავა ამბობს, რომ ნახევარი დღე გუგუტიანთკარელებთან მხოლოდ იმის მტკიცებაში გაატარა, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობა და მტკიცე სულის გამოვლენა ატოცში ეფექტიანი აღმოჩნდა და რომ იქ რუსებმა, ეგრეთ წოდებული, ბორდერიზაცია დაამუხრუჭეს. „მე მინდა აქაურებმა ნახონ, რომ არსად გავრბივარ და ისევე ვიცხოვრებ მათ გვერდით, როგორც ატოცში ვცხოვრობ,“ უთხრა "ამერიკის ხმას" ქაცარავამ.

სამოქალაქო აქტივიზმი ე..წ. გამყოფ ხაზთან რუსებისთვის რომ პრობლემად იქცა, ამის თაობაზე მათ რამდენჯერმე დააფიქსირეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე.

თავდაპირველად, შსს-ის წარმომადგენლები ერგნეთის შეხვედრებზე აცხადებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერავინ შეუზღუდავს გადაადგილების თავისუფლების უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მოგვიანებით სამოქალაქო აქტივიზმი ქართული პოლიციისთვისაც პრობლემატური აღმოჩნდა.

ხურვალეთის ინციდენტის დროს, როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ რუსი მესაზღვრეების საქართველოს მიერ კონტროლირებულ სივრცეში მანევრირების თაობაზე განაცხადა და შველა ითხოვა, „ძალა ერთობაშიას“ ჯგუფს სოფელში შესვლა ქართველმა სამართალდამცავებმა აუკრძალეს.

გუგუტიანთკარი, როგორც ჩანს, სამოქალაქო წინააღმდეგობის მორიგ ადგილად იქცევა. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს კამპანია, ამის თაობაზე „ძალა ერთობაშიას“ ოპტიმისტური ხედვა აქვს, ადგილობრივი მოსახლეობა კი „უცხოებს“ ეჭვის თვალით უმზერს.

დავით ქაცარავა გუგუტიანთკარიდან საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG