ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპაცია და საჯარო რეესტრი მოქალაქეების წინააღმდეგ


რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ არცევში

ორ, რევერსულ ისტორიაში, რომლის თაობაზეც "ამერიკის ხმა" გიამბობთ და რაც შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში ვითარდება, მოქალაქეა დაზარალებული. ორივე ამბავი ერთმანეთის მსგავსია იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედება ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფელში ხდება, მონაწილეები კი ადგილობრივი მაცხოვრებლები, საქართველოს სახელმწიფო უწყებები და ოკუპანტები არიან.

ისტორია პირველი:

ილია ბერუაშვილი, რომელიც კონფლიქტის ზონის სოფელ დიცში ცხოვრობს, 2013 წლის შემდგომ საჯარო რეესტრს იმ მიწის დარეგისტრირებას სთხოვს, რომელსაც განკარგავს. პროცესი ამ დრომდე იწელება. რეესტრი ამბობს, რომ ტერიტორია ოკუპირებულია, ამიტომ ვერ დაარეგისტრირებს, ბერუაშვილი კი ამტკიცებს, რომ ამ ადგილის ოკუპირებულობა სინამდვილეს არ შეესაბამება და ამის დამადასტურებლად „ოფიციალურად“ ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიას გვათვალიერებინებს.

დიცში მდებარე ტერიტორია, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ოკუპირებულია, დაახლოებით ათ ოჯახს ეკუთვნის და მთლიანობაში 30 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ამ ადგილას რუსი მესაზღვრეები, მართლაც, აპირებდნენ მავთულხლართის გაბმას, მაგრამ ილია ბერუაშვილმა და მისმა მეზობლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ყოველდღიურად სახეზეა თვითნებობა ოკუპანტების მხრიდან, ეს ისტორია დაუჯერებლად გამოიყურება, მაგრამ რეალობაა. ილია ბერუაშვილის წინააღმდეგობა რუსი მესაზღვრეების მიმართ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ინციდენტი დიცში სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა და მისი მოწმე ამავე სოფლის მცხოვრებლები არიან.

როგორ გადარჩა ამ ამბის შემდგომ ცხინვალის ციხეს? ბერუაშვილი გვიხსნის: „ადამიანებს რუსები მაშინ იტაცებენ, როდესაც მოწმე არ ჰყავთ, ან ის არ წარმოადგენს მათთვის საფრთხეს, ხოლო როდესაც ჩხუბს ბევრი ადამიანი ესწრება, გატაცება და დაპატიმრება არც ისე მარტივია. რუსებმა მითხრეს, „ტი დურნოი მუჟიკო“, მიხვდნენ, რომ ჩვენ ამ ადგილების დამთმობი არ ვიყავით“.

ეგრეთ წოდებული "საზღვრის აღმნიშვნელი" ბანერი ახრისში
ეგრეთ წოდებული "საზღვრის აღმნიშვნელი" ბანერი ახრისში

​რუს მესაზღვრეებთან ჩხუბის შემდგომ, ბერუაშვილისთვის დავის ახალი ეტაპი საკუთარ სახელმწიფოსთან დაიწყო. იმ ტერიტორიას, რაც დიცელებმა რუსებს ხელიდან გამოგლიჯეს, საჯარო რეესტრი კვლავ ოკუპირებულად მიიჩნევს და რეგისტრაციაზე უარს ამბობს.

„აქ იყო ხილის ბაღი, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაიბომბა, შემდეგ კი ურწყავობის გამო გაპარტახდა. არის ასეთი პროექტი „დანერგე მომავალი“, ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ხეხილი ამომეძირკვა და მთავრობის პროექტით მესარგებლა - თანადაფინანსებით ახალი ბაღი გამეშენებინა, მაგრამ ვინაიდან ვერ ვირეგისტრირებ ამ მიწას და ეს დღემდე ასეა, ვერც სახელმწიფო პროექტით ვსარგებლობ“,- გვეუბნება ილია ბერუაშვილი და თავის მიწის ნაკვეთს გვათვალიერებინებს.

ამჟამად აქ ამერიკული ჯიშის კაკლის, ჩანდლერის ნერგებს ვხედავთ, მაგრამ ეს სახელმწიფო გრანტით ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დარგული არ გეგონოთ. ამ ბაღის გაშენებაში ილია ბერუაშვილს ასევე ოკუპაციის ზოლზე მდებარე სოფლის, ნიქოზის მკვიდრი გიორგი მჭედლიძე დაეხმარა, საკუთარი ინიციატივით და უანგაროდ, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა.

საჯარო რეესტრთან უშედეგო კამათმა სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც ილია ბერუაშვილის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს. მისი იურისტი ალექსი მერებაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებასაც დიცში ითხოვენ, ოკუპაციის ქვეშ არაა. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონში მითითებულია კონკრეტული ტერიტორიები, რომლებიც ითვლება ოკუპირებულად. ამ შემთხვევაში, ესაა ერედვის მუნიციპალიტეტი მთლიანად. ჩვენი მოსაზრებით კი შეუძლებელია ეს დანაწესი ერთმნიშვნელოვნად და სწორხაზოვნად იქნას გაგებული იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია კანონმდებელს კოორდინატები მიეთითებინა, თუ სადაა ოკუპაციის ხაზი. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა გამოიკვლიოს თითოეული მიწის ნაკვეთის მდებარეობა საჯარო რეესტრმა“.

გორში სასამართლომ ილია ბერუაშვილი გაამართლა და საჯარო რეესტრს დიცში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დაავალა, თუმცა საქმე რეესტრმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მართალია, სახელმწიფო უწყება მეორე ინსტანციის სასამართლოშიც დამარცხდა, მაგრამ ილია ბერუაშვილის მოლოდინით, რეესტრი უზენაეს სასამართლოშიც იდავებს. „საჯარო რეესტრი სააპელაციო სასამართლოში ამტკიცებდა, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არაა სწორი და რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია.“- გვეუბნება ალექსი მერებაშვილი.

"ამერიკის ხმა" საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, საიდან მიღებული ინფორმაციის თანახმადაც: „ილია ბერუაშვილის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების სრულად შესწავლის შემდეგ, მისი საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდება კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება მეტად სენსიტიურ და რთულ საკითხს, ძალზედ მნიშვნელოვანია სასამართლოს განმარტებაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს არსებული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნორმების თაობაზე, რათა მოხდეს ზედმიწევნით სიფრთხილით ასეთი ნორმების განხორციელების პრაქტიკის დანერგვა.“

ისტორია მეორე:

სოფელი ახრისი, რომელიც ახალუბნის ტერიტორიულ ერთეულში შედის და ჯარიაშენს, ასევე ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ განლაგებულ სოფელს ესაზღვრება, ერთგვარად, დისკრიმინირებულად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიიღო დადგენილება ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, ახრისი სათვალავიდან „გამორჩათ“. არადა ის ისევე მდებარეობს საოკუპაციო ზოლზე, როგორც მაგალითად ჯარიაშენი და სხვა 26 სოფელი გორის მუნიციპალიტეტიდან. ამ „გამორჩენის“ „წყალობით“, ადგილობრივები ვერ სარგებლობენ შეღავათებით, რაც სტატუს-მინიჭებული სოფლების მცხოვრებლებს აქვთ, თუმცა ეს კიდევ სხვა ისტორიაა.

ის, რითაც ახრისი ყურადღებას დამატებით იქცევს, მისი ერთ-ერთი მკვიდრის ბაღში დამონტაჟებული მწვანე ბანერია, წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“. პაატა კორინთელი, მერის წარმომადგენლის ასისტენტი ახალუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში გვეუბნება, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ბანერი 2013 წელს აღმართეს ახრისში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ ბაღში, რომელიც მას, საჯარო რეესტრის მიხედვით, ოფიციალურად ეკუთვნის. მესაკუთრის მფლობელობაში, დაახლოებით 16 ჰექტარი ფართობია, ბანერის გამო მას 6 ჰექტარი „ჩამოეჭრა“, თუმცა ვერც დანარჩენ ნაწილს ამუშავებს, უსაფრთხოების არარსებობის გამო.

იმის გარდა, რომ ახრისის მკვიდრმა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ოკუპაციის გამო, ომის მერე დაკარგა, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურები მის მდგომარეობას დამატებით ართულებენ. მაგალითად იმით, რომ საგადასახადო სამსახური მიწის ნაკვეთის დაბეგვრას განაგრძობს და მხედველობაში არ იღებს მის ოკუპირებულობას. არადა, მესაკუთრეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მიწით და მიიღოს მისგან შემოსავალი. შემოსავლების სამსახური, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, უარს ამბობს მოქალქეს გადასახადები ჩამოაწეროს.

„ილია ბერუაშვილის შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარს აცხადებს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ტერიტორიის ოკუპირებულობის მოტივით, მეორე შემთხვევაში, იგივე, უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე უპრობლემოდ ადებს ყადაღას საგადასახადო დავალიანების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაპირებთ სასამართლოსთან ვიდავოთ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაც მიადგა მოქალაქეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები, საზღვრის კონტროლი სახელმწიფომ უნდა წარმართოს ისე, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებს არ მიაყენოს ზიანი. ამ შემთხვევაში, ეს ვალდებულება ვერ შეასრულა სახელმწიფომ და ის ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი საკუთარი მოქალაქეების წინაშე“- გვეუბნება ალექსი მერებაშვილი.

ორივე ისტორია გვაჩვენებს, რომ მოქალაქე, თუნდაც ის კონფლიქტის ზონაში ცხოვრებდეს და ოკუპაციის გამო ზიანს განიცდიდეს, შესაძლოა მისივე სახელმწიფოსგან დამატებით იქცეს უსამართლობის მსხვერპლად. იმის გამო, რომ ცალკეული ადამიანის წინაშე არსებული პრობლემა ინდივიდუალურად არაა დანახული, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ერთი თარგი აქვს, რომლის მორგებასაც ყველაზე ერთნაირად ცდილობს, ადამიანები ცალკე გრძნობენ თავს დისკრიმინირებულად და სახელმწიფო უწყებები ცალკე იქცევიან დისკრიმინირებულებად საზოგადოების თვალში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG