ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტი როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საზოგადოებამ დადებითად შეაფასა. თუმცა ანალიტიკოსების რიგებში გარკვეული სკეპტიციზმი გამოიკვეთა. ვიზიტის თემაზე ჯეიმსტაუნის ფონდის უფროს მკვლევარს ვლადიმირ სოკორს და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორს კევინ ჯოუნსს კომენტარი ვთხოვეთ.
ვიზიტის შეფასებისას ბატონმა სოკორმა აღნიშნა:
„ვიზიტი გრძელ რიტორიკას მოივცავდა, მაგრამ შინაარსობრივად საკმაოდ მწირი იყო. პირველ რიგში ველოდი იმას, რომ აქტიურად განახლებულიყო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ამ ეტაპზე ქარტია, ფაქტიობრივად, არ ხორციელდება. ქალბატონმა კლინტონმა ქარტია მხოლოდ ვიზიტის დასასრულს ახსენა და ისიც მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ორჯერ გაამახვილა ყურადღება საკუთარ გამოსვლაში.“
პროფესორი ჯოუნსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მიმართ ამერიკის უწყვეტი მხარდაჭერის დასადასტურებლად, ის მაინც არ წარმოადგენდა პოლიტიკის მნიშვნელოვანი შეცვლის გამოხატვას არც საქართველოს და არც რუსეთის მიმართ.
თუმცა, ბატონი სოკორი ამ მხარდაჭერის რეალურობასაც კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ საქართველოსთვის შეიარაღებით დახმარება სიტყვიერი მხარდაჭერის გამყარება იქნებოდა:
„საქართველოს ჯარს თავიდან შეიარაღება, კონკრეტულად კი ტანკ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები სჭირდება. საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს ტრადიციული თავდაცვის საშუალებები და ქართული ჯარი არ იწვრთნება ქვეყნის დასაცავად. მათი მომზადება მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლად ხდება და ისიც სხვა ქვეყნებში.“
ბატონმა სოკორმა აღნიშნა, რომ კლინტონმა კვლავ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც საქართველო გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ამ კონტექსტში საკითხავი ის არის, როდის შეძლებს საქართველო ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების მიწოდების გარეშე. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რაც იმას ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების მომხმარებლები არიან, არამედ თავადაც შეუძლიათ ამ გარანტიების გაცემა. საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ უშიშროების მომხმარებელია.
კლინტონის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ის, რომ ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა. პოფესორი ჯოუნსის თქმით, „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან ფრთხილად არჩევს ისეთ სიტყვებს როგორიცაა ოკუპაცია, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა.“ შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საერთშორისო ფორუმებზე საქართველოს ამერიკის მხარდაჭერა ექნება ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით უკვე მნიშვნელოვანი განვითარებაა.
ბატონი სოკორი კი ამის შესახებ აცხადებს:
„ოკუპაციის აღიარება იმასაც ნიშნავს, რომ თეორიულად და პოტენციურად ისახება ამ სიტუაციის შებრუნების შესაძლებლობა. ახლა არავინ იცის რა მოხდება მომავალში, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის დაშლა გამორიცხული არ არის, რადგანაც მე-20-ე საუკუნეში ის ორჯერ დაიშალა. გარდა ამისა, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბერლინის კედელი დაინგრეოდა.“
რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით ბატონმა სოკორმა აღნიშნა, რომ არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში არ აქვს სურვილი რუსეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის იმის შეთავაზებას, რომ ორ ქვეყნას შორის დიალოგი უპირობოდ განახლდეს რუსეთის მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია, დიპლომატიური თვალსაზრისით ეს თბილისის მიერ კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო, რადგანაც რუსეთის პასუხმა მსოფლიოს დაანახა, რომ მოსკოვი უარს აცხადებს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან საუბარზე. აქედან კი მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ კონფლიქტის გადაწყვეტაში რუსეთი არა-კონსტრუქციული როლის თამაშს აგრძელებს.
პროფესორმა ჯოუნსმა ვიზიტის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა სცადოს.“ ცხადია თბილისი და მოსკოვი ამ ეტაპზე ვერაფერზე შეთანხმდებიან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საუბარიც ნაადრევი იქნება, მაგრამ დიალოგი უნდა დაიწყოს, რომ სამომავლო შეთანხმებებისთვის გარკვეული საწყისი მომზადდეს.
ჰილარი კლინტონი საქართველოში ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. ბატონი სოკორის თქმით, კლინტონი იმ ოპოზიციას შეხვდა, რომელიც მოსკოვში არ გარბის დახმარების მისაღებად და რუსეთს მომსახურებას არ სთავაზობს. ამერიკა დემოკრატიულად არჩეული რეჟიმის გადატრიალებას მხარს არ დაუჭერს და ოპოზიციასთან ასეთი შერჩევითი საუბარიც სწორედ ამის ნიშანი იყო. ბატონი სოკორისგან განსხვავებით ბატონმა ჯოუნსმა აღნიშნა, რომ კლინტონის თბილისში ყოფნისთვის გამოყოფილი რამდენიმე საათი ლოგისტიკურად რთული დასაგეგმი იქნებოდა და ის, რომ ქალბატონი მდივანი ოპოზიციის მხოლოდ ორ წარმომადგენელს შეხვდა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს.
ჰილარი კლინტონი საქართველოში რამდენიმე საათი დარჩა, მაგრამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული ბევრი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება როგორც არასდროს დღეს ისე სჭირდება, მაგრამ ამერიკის მხრიდან გადაიზრდება თუ არა სიმბოლიზმი კარგად ჩამოყალიბებულ პოლიტიკაში ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.