ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში, კლიმატის სამიტის მოლოდინში პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა


კვირას, ათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებში გარემოსდაცვითი კონტროლის გამკაცრების მოწოდების მოთხოვნით გამოვიდა. ეს მაშინ, როცა მსოფლიოს 150 ქვეყნის ლიდერი პარიზში გაეროს კლიმატის სამიმტზე იკრიბება. სამიტი ორშაბათს იხსნება, თუმცა არაოფიციალური მოლაპარაკებები კვირას დაიწყო.

დემონსტრაცია არასანქცირებული იყო, რადგან პარიზში ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. უსაფრთხოების გამკაცრებული პირობების ფონზე, ხელჩაკიდებულმა აქტივისტებმა “ცოცხალი ჯაჭვი” მოაწყვეს. თუმცა, მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციამ მანიფესტაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დააკავეს ორასზე მეტი დემონსტრანტი.

ასობით დემონსტრანტმა, მათ შორის გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რესპუბლიკის მოედანზე 20 000-მდე წყვილი ფეხსაცმელი დატოვეს. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ გამოტანილ ფეხსაცმელებს შორის იყო ვატიკანიდან, პაპ ფრანცისკეს მიერ გაგზავნილი წყვილი ფეხსაცმელი.

კვირასვე პერტში, ბერლინში, ლონდონში, სან-პაოლოსა და ნიუ-იორკში ანალოგიური ხასიათის ორიათასამდე დემონსტრაცია გაიმართა.

გაეროს კლიმატის სამიტს პარიზში 150 ლიდერი დაესრება, მათ შორის იქნებიან ბარაკ ობამა, სი ძინპინი, ნარენდრა მოდი და ვლადიმირ პუტინი.

სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მიიწვია, რომელიც უკვე საფრანგეთის დედაქალაქშია.

XS
SM
MD
LG