ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკლესია მთავრობის წინააღმდეგ - პანდემია, რელგია და პოლიტიკა


“სარანგ ჯეილის ეკლესია“, სამხრეთ კორეა
“სარანგ ჯეილის ეკლესია“, სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა კორონავირუსის ახალ ტალღასთან ბრძოლაში ჩაერთო. თუმცა, ვირუსთან ბრძოლა პოლიტიკურ და რელოგიურ საკითხებზე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“სარანგ ჯეილის ეკლესია“ სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ხელახალი გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრში მდებარეობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეკლესია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაბრკოლებას ქმნის - არ აწვდის მრევლის სიას, რომელიც მსახურებაზე იკრიბება. გარდა ამისა, მთავრობა ამტკიცებს, რომ ეკლესია ვირუსის შესახებ, მცდარ ინფრომაციას ავრცელებს, რაც თავისმხრივ, თავად ვირუსის გავრცელებასაც ხელს უწყობს.

„კუდიანებზე ნადირობა“ - ასე აფასებს ეკლესია ხელისუფლების ნაბიჯებს. წინამძღვარი იუნ კვან-ჰუნი აცხადებს, რომ მთავრობა მათ „ვუჰანის ვირუსით“ ატერორებს. თავად იუნს კოვიდ-19 ივნისში დაუდასტურდა. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, ეკლესიის მრევლიდან ვირუსი 739 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტირება 3 415 ადამიანს ჩაუტარდა.

ინფიცირებულთა კონტაქტების დასადგენად ხელისუფლებამ ეკლესიას მსახურებებზე დამსწრეთა სრული სია მოსთხოვა. ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს და სიის მიწოდებას აღარ გეგმავენ.

ტესტირების შედეგების ფაბრიკაცია?

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეკლესიის წინამძღვრის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა თვითიზოლაციის წესების დრღვევისა და სამედიცინო გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. სამინისტრო აცხადებს, რომ იუნ კვან-ჰუნმა სოციალური დისტანციის დაცვის უგულვებელყოფით, მრევლთან ერთად, მასშტაბურ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. წინამძღვრის უფლებადამცველი ამბობს, რომ ეკლესიის მიერ ორგანიზებული მსვლელობა, სოციალური დისტანცირების დაცვით წარიმართა, წინამძღვარი კი მასში მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში მონაწილეობდა.

ამ ფონზე, მრევლისა და ეკლესიის წარმომადგენლები ხელისუფლებას ტესტირების შედეგების ფაბრიკაციაში სდებენ ბრალს. ისინი აცხადებენ, რომ ეკლესიის წევრად იდენტიფიცირების შემდეგ, კლინიკები მათ ტესტებზე მხოლოდ დადებით შედეგებს აჩვენებენ.

„როდესაც ტესტის გასაკეთებლად სადმე სხვაგან მივდივართ და არ ვამბობ, რომ მრევლის წევრი ვართ, პასუხები ნეგატიურია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ისინი ტესტირების შედეგებს აყალბებენ“ - აცხადებს მრევლის წარმომადგენელი.

იგივეს ამბობს ეკლესიის ერთ-ერთი პასტორი ლი ჰეი-სუკი. მისი თქმით, მას ჯერ უთხრეს, რომ კორონავირუსი არ აქვს, მოგვიანებით კი, სატელეფონო ზარით შეატყობინეს, რომ ინფიცირებულია.

მრევლის ნაწილი, მიმდინარე მოვლენებს, „ტერორისტულ აქტადაც“ კი განიხილავს. ისინი ამბობენ, რომ ეკლესიის წევრებს განგებ აინიფიცირებენ, მათ შორის, ხელის სადეზინფექციო საშუალებებითაც.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ყველაფერს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება უბრალოდ მოსახლეობის ვირუსისგან დაცვას ცდილობს.

რელიგია და პოლიტიკა - დაძაბულობის ფონზე

იონ-გიონგი, სეულის ქრისტიანული სწავლების სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „სარანგ ჯეილის“ ეკლესია უფრო პოლიტიკური ორგანიზაციის მსგავსია, ვიდრე რელიგიური საზოგადოების.

„წინამძღვარი იუნ კვან-ჰუნი პოლიტიკური ფიგურაა, პოლიტიკური ლიდერი. ის პასტორია, მაგრამ სახელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობის დახმარებით მოიხვეჭა“ - აცხადებს იონ გიონგი.

სამხრეთ კორეაში, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი პირველი კერა ეკლესია იყო. მაშინ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში „შინჩონჯის ქრისტეს ეკლესია“ მოექცა. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ეკლესიას უკავშირდებოდა, ქვეყანაში ჯამური პოზიტიური ტესტების მესამედი იყო.

სამართალდამცავებმა მოგვიანებით "შინჩონჯის ქრისტეს ეკლესიის“ დამფუძნებელი ლი მან-ჰი, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მტკიცებით, მან-ჰიმ ხელისუფლებას, ინფიცირებულთა კავშირების დასადგენად, მრევლის სია არ გადასცა. დაკავებული ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG