ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა განწყობები რელიგიის მიმართ


ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნებიდან დღემდე, მუდამ მსჯელობენ სად უნდა გადიოდეს ხაზი ხელისუფლებასა და რელიგიას შორის. კვლევების მიხედვით, ამერიკელთა რაოდენობა, რომლებიც თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკთვნებენ იზრდება. სახელმწიფო და ეკლესია კი, ბევრი თვალსაზრისით, მაინც ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ხშირად, ეს სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით ხდება.

წარმოგიდგენთ რვა ფაქტს, როგორია ჩვენი დროის ამერიკაში, კავშირი მთავრობასა და რელიგიას შორის, კვლევითი ცენტრის, „პიუს“ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით.

ფაქტი I

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუციაში ღმერთის ცნება მოხსენიებული არ არის, თითოეული შტატის კონსტიტუციის ტექსტი მოიხსენიებს ღმერთს, ან საღვთოს. ღმერთის ცნება, ასევე ნახსენებია აშშ-ის დმოუკიდებლობის დეკლარაციაში, ერთგულების ფიცში და ეროვნულ ვალუტაზეც კი.

ფაქტი II

კონგრესმენთა აბსოლუტური უმრავლესობა, ყოველთვის იყო ქრიტიანი. უხეში დათვლით, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვენი დროის 10 კონგრესმენიდან 9 რელიგიურ იდენტობად ქრისტიანობას ასახელებს.

კონგრესმენთა მრწამსი, პროცენტული მაჩვენებლებით. "პიუს" კვლევითი ცენტრი
კონგრესმენთა მრწამსი, პროცენტული მაჩვენებლებით. "პიუს" კვლევითი ცენტრი

ეს კონგრესმენთა 88%-ია. უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, იმ კონგრესმენთა რაოდენობა შემცირდა, რომლებიც საკუთარ რელიგიურ რწმენად ქრისტიანობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, პროცენტული მაჩვენებლით, კაპიტოლიუმის ბორცვზე იმაზე მეტი ქრისტიანია წარმოდგენილი, ვიდრე ამერიკის მოსახლეობაში.

ფაქტი III

აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტი ქრისტიანი იყო. მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პრეზიდენტთა ნაწილი თავს, პრესვიტარიანად და საეპისკოპოსო ეკლესიის მიმდევრად მიიჩნევდა. განსაკუთრებით ცნობილ პრეზიდენტთაგან ორი, თომას ჯეფერსონი და აბრაამ ლინკოლნი, ფორმალურად თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებდა. აშშ-ის პრეზიდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა, ინაუგურაციაზე ფიცს ბიბლიაზე სდებს. ფიცის ტექსტი კი სრულდება სიტყვებით - „So help me God”, “ღმერთო, დამეხმარე.“ არის შემთხვევები, როცა პრეზიდენტს ფიცი ბიბლიაზე არ დაუდევს. ასე მოხდა, მაგალითად, თეოდორ რუზველიტის შემთხვევაში, 1901 წელს. პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის მკვლელობის შემდეგ, ის ამერიკის რიგით 26-ე პრეზიდენტი გახდა. ფიცი ბუფალოში, ნიუ-იორკში, მხოლოდ მარჯვენა ხელის აღმართვით დადო. ასევე მოხდა ჯონ ქუინს ადამსისა და ფრანკლინ პირსის შემთხვევაში. მათ ფიცი სამართლის წიგნზე დადეს, კონსტიტუციისადმი პატივისცემის ნიშნად.

ფაქტი IV

ამერიკელთა დაახლოებით ნახევარი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ძლიერი რელიგიური რწმენა უნდა ჰქონდეს.

თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 20%-თვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 32%-თვის კი გარკვეულწილად მნიშვნელოვანი. მხოლოდ, 10 დან 4 ამერიკელი, 39% ამბობს, რომ პრეზიდენტი მათ რელიგიურ რწმენას უნდა იზიარებდეს. თუ მონაცემებს პარტიული ნიშნით დავყოფთ, უფრო მეტ რესპუბლიკელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი რელიგიური ადამიანი უნდა იყოს, ვიდრე დემოკრატს - 65% და 41%, შესაბამისად.

ფაქტი V

უნდა აისახებოდეს თუ არა ბიბლიური სწავლებები კანონებში - ეს არის საკითხი, რომელზეც ამერიკელთა მოსაზრებები მკვეთრად იყოფა. ამერიკელ ზრდასრულთა დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ ბიბლიას გავლენა უნდა ჰქონდეს ამერიკის კანონებზე. მათგან 23%-ს მიაჩნია რომ ეს მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იყოს, 26% გარკვეულ გავლენაზე საუბრობს. 28% კი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის ნება და ბიბლიური სწავლება წინააღმდეგობაშია, უპირატესობა ბიბლიას უნდა მიენიჭოს.

ამ ფონზე, ამერიკელთა ნახევარი ფიქრობს, რომ ბიბლიას, აშშ-ის კანონებზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. თებერვალში გამოკითხულ ამერიკელთა 19% ამბობს, რომ ბიბლიას კანონმდებლობაზე დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს. 31%-ს კი მიაჩნია, რომ ბიბლიას, კანონმდებლობაზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

ფაქტი VI

ათიდან, ექვსზე მეტი ამერიკელი ამობობს, რომ ეკლესია და სხვა რელიგიური ინსტიტუტუტები, პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს. მათი რაოდენობა 63%-ია. 2019 წლის გამოკითხვის მიხედვით, 76% ამბობს, რომ არჩევნების დროს, რელიგიური ინსტიტუტები და მათი წარმომადგენლები, კანდიდატებს ღიად მხარს არ უნდა უჭერდნენ. გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ ეკლესია და სხვა რელიგიური ინსტიტუტები, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარ შეხედულებებს უნდა გამოხატავდნენ.

ჯონსონის სახელით ცნობილი შესწორება, რომელიც 1954 წელს ამოქმედდა, სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლებული ინსტიტუტების წარმომადგენლებს, პოლიტიკური კამპანიებში ჩართვას, ან რომელიმე კანდიდატის მიმხრობას უკრძალავს.

ფაქტი VII

ამერიკელთა მესამედი, 32% ამბობს, რომ მთავრობის პოლიტიკა მხარს უნდა უჭერდეს რელიგიურ ღირებულებებს. გამოკითხულთა ორი მესამედი, 65% ფიქრობს, რომ რელიგია მთავრობის პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამ შედეგებს, „პიუს“ მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს.

ფაქტი VIII

აშშ-ის საჯარო სკოლებში, მასწავლებელთა მიერ, ლოცვისკენ მოწოდება და წარმართვა, არაკონსტიტუციურადაა აღიარებული. გადაწყვეტილება ამის შესახებ 1962 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლო მიიღო. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2019 წელს, ამერიკელ მოსწავლეთა 8 პროცენტი აცხადებდა, რომ სკოლებში, ლოცვის გამოცდილება აქვთ. საუბარია 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებზე. თუმცა, კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსწავლეები, შესაძლოა რელიგიურ კერძო სკოლებზე საუბრობდნენ, სადაც მასწავლებელთა ხელმძღვანელობით ლოცვა კონსტიტუციურად მიიჩნევა.

ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ეს გამოცდილება განსაკუთრებით დამახასიათებელი სამხრეთის შტატებისთვისაა. ათიდან ოთხი სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ მათთვის მისაღებია სკოლაში ლოცვა. მათ შორის არიან ის მოსწავლეები, ვინც იციან, რომ ეს პრაქტიკა არაკონსტიტუციურია, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის სკოლებში ლოცვა მისაღებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG