ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შეიცვალა შეხედულება რელიგიაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახზე, მრავალფეროვნებაზე - გლობალური კვლევა


მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ გარშემო მყოფ ადამიანებში გენდერული თანასწორობა და მრავალფეროვნება იზრდება, მაშინ როცა რელიგიის და ოჯახური კავშირების მნიშვნელობა მცირდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნების მიხედვით, მდგომარეობა ზოგჯერ დრამატულად განსხვავებულია, განსაკუთრებით - რელიგიის საკითხებთან მიმართებაში.

რელიგია წარსულთან შედარებით უფრო დიდ როლს თამაშობს, თუ ნაკლებს? გაღრმავდა გენდერული თანასწორობა? საზოგადოების მრავალფეროვნება (ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი) აღმავლობის გზაზეა? ოჯახური კავშირები უფრო განმტკიცდა თუ დასუსტდა? ეს კითხვები პიუს კვლევითმა ცენტრმა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, 27 ქვეყანაში მცხოვრებ 30 133 ადამიანს დაუსვა. გამოკითხვის შედეგები ორგანიზაციის ვებგვერდზე 22 აპრილს გამოქვეყნდა.

საერთო შედეგები ძალიან მოკლედ, ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 69 პროცენტი, ანუ საშუალოდ ათი ადამიანიდან შვიდი ფიქრობს, რომ მისი ქვეყანა უფრო მრავალფეროვანი გახდა, ვიდრე 20 წლის წინ იყო (10% საპირისპირო აზრისაა). თითქმის ამდენივე, 68% თვლის, რომ გენდერული თანასწორობაც თანდათან იზრდება (ამ აზრს 8% ეწინააღმდეგება). საშუალოდ ათიდან ექვსი ადამიანი (58%) მიიჩნევს, რომ ოჯახური კავშირები სუსტდება (15% პირიქით თვლის).

უარყოფით და დადებით პასუხებს შორის ყველაზე ნაკლებია განსხვავება რელიგიის საკითხებში. გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის მნიშვნელობა უფრო და უფრო მცირდება. 27% კი აცხადებს, რომ პირიქით, ბოლო 20 წლის მანძილზე რელიგიის როლი თანდათან გაიზარდა. პიუს კვლევითი ცენტრის კითხვაში კონკრეტული რელიგია არ იყო მითითებული.

ოთხივე კითხვაზე გაცემულ პასუხებს ერთი ტენდენცია აერთიანებს: ყოველი 10 გამოკითხულიდან 2 ფიქრობს, რომ ყველაფერი ისევ ისეა. მათი აზრით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მათ ქვეყანაში სიტუაცია არ შეცვლილა.

მკვლევარები მხოლოდ ამ 4 კითხვით არ შემოფარგლულან. გამოკითხულთა პასუხების უკეთ გასაანალიზებლად, მეცნიერებს დამატებითი კითხვებიც ჰქონდათ გამზადებული. მაგალითად ასეთი: კარგია თუ ცუდი ეს ფაქტი თქვენი ქვეყნისთვის?

ზოგადად, განწყობები ასე შეიძლება შეჯამდეს: გლობალურად, ადამიანების დიდი უმრავლესობა ამჯობინებს გენდერული თანასწორობის გაღრმავებას. პირველთან შედარებით, უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენს და ნაკლებად უჭერს მხარს საზოგადოებაში ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი მრავალფეროვნების ზრდას.

სეკულარული ტენდენციების მიუხედავად, ხალხი არ არის წინააღმდეგი გაიზარდოს რელიგიის მნიშვნელობა და გავლენა მათ ცხოვრებაზე. და ბოლოს, გამოკითხულთა უმრავლესობა ოჯახური კავშირების დასუსტებას უარყოფით მოვლენად მიიჩნევს.

პიუს კვლევითი ცენტრი რამდენიმე საინტერესო ტენდენციას გამოყოფს: ევროპის სახელმწიფოებში, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და ავსტრალიის მოსახლეობაში მტკიცე კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ქვეყნებში მრავალფეროვნება იზრდება და ისინი უმეტესად მიესალმებიან ამ ფაქტს.

მაგრამ, არსებობს ორი გამონაკლისი: საბერძნეთი, სადაც 62% ეწინააღმდეგება მრავალფეროვნების ზრდას და იტალია, მოწინააღმდეგეების 45%-ით. ეს მაშინ, როცა ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში და ესპანეთში ათიდან ექვსი ადამიანი თვლის, რომ მრავალფეროვნების ზრდა მათი ქვეყნისთვის კარგია.

ამ კითხვაზე გაცემულ პასუხებში მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ასაკი, განათლება და პოლიტიკური შეხედულებები. ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ავსტრალიაში მრავალფეროვნებას უფრო მეტად ემხრობიან ახალგაზრდები, მოსახლეობის უფრო განათლებული ნაწილი და ის ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში უფრო მარცხნივ იხრება.

საინტერესოა აგრეთვე სქესის ფაქტორი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებში. გამოკითხული ქვეყნების უმეტეს ნაწილში, კაცები უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით მდგომარეობა ბოლო 20 წლის მანძილზე თანდათან უმჯობესდება, ვიდრე ქალები.

მაგალითად, გერმანელი კაცების 78% თვლის, რომ ამმხრივ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება, გერმანელ ქალებში კი მსგავს აზრს მხოლოდ 62 პროცენტი იზიარებს. ანალოგიური განსხვავება დაფიქსირდა იაპონიაში, კანადაში, ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში, შვედეთში, შეერთებულ შტატებში, კენიაში და კანადაში.

რაც შეეხება რელიგიას, აზრთა სხვადასხვაობა აქ ყველაზე მეტად იკვეთება. მაგალითად, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი, ესპანელების 7% და იაპონელების 8% ფიქრობს, რომ რელიგია უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე 20 წლის წინ. ამ აზრს ემხრობა რამდენიმე ქვეყნის დიდი უმრავლესობა. მაგალითად, ინდონეზიელების 83% და ნიგერიელების 65%.

აქაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური მიკერძოებულობა. ამერიკელ მემარჯვენეებში 42%-ით მეტი შანსია, რომ გამოკითხულები რელიგიის მნიშვნელობის და მისი როლის გაზრდას ემხრობოდნენ, ვიდრე მემარცხენეები.

ახალგაზრდები და უფრო მეტად განათლებული ადამიანები, ისევე როგორც მემარცხენეები, ნაკლებად რელიგიურები არიან. ასაკში ყველაზე დიდი სხვაობა იტალიაში დაფიქსირდა, სადაც 50 წლის ზევით გამოკითხულებში 25%-ით მეტი ემხრობა რელიგიის როლის გაზრდას, ვიდრე 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.

მთელ მსოფლიოში გაცილებით მეტი ერთსულოვნება ჩანს ოჯახის სიმტკიცის და ოჯახური ფასეულობების კლებასთან დამოკიდებულებაში. თითქმის ყველა ქვეყანაში ათიდან ექვსი ადამიანი თვლის, რომ ოჯახური კავშირები ბოლო 20 წლის მანძილზე თანდათან სუსტდება.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა გამონაკლისის გარეშე, მიიჩნევს, რომ ოჯახური კავშირების დასუსტებას საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენა აქვს. 27 გამოკითხული ქვეყნიდან გამონაკლისი მხოლოდ ინდონეზია და ფილიპინებია, სადაც უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოჯახური ფასეულობები მათ ქვეყანაში ძლიერდება და განმტკიცების გზაზეა.

მოცულობითი კვლევის დეტალების გაცნობა შესაძლებელია პიუს კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე. მისი ავტორები არიან ჯეიკობ პუშტერი, ჯენილ ფეტეროლფი და ქრისტინ ტამირი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG