ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთს ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი ტოვებს


ახლო აღმოსავლეთს ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი ტოვებს
ახლო აღმოსავლეთს ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი ტოვებს

ისრაელის ოკუპაცია და ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა წმინდა მიწიდან ქრისტიანების მასობრივ მიგრაციას უწყობს ხელს

ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების ბედ-იღბალი მიმდინარე თვის მანძილზე კათოლიკური ეკლესიის ეგიდით ვატიკანში ორი კვირის მანძილზე შეკრებილი ეპისკოპოსების მსჯელობის საგანი გახლდათ. ახლო აღმოსავლეთს ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი ტოვებს. მათ შორის ბევრი მთავარ მიზეზად რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის ზრდას ასახელებს. ხოლო წმინდა მიწაზე კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ქრისტიანების წასვლას ხელს უწყობს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლუის რამირესი ბეთლემიდან იუწყება, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამოცი წლის მანძილზე ქრისტიანების რიცხვი რვა პროცენტიდან ერთ პროცენტამდე შემცირდა.

სუშა ასფური ბეთლემში დაიბადა და იგი ძველი ქრისტიანული გვარის შთამომავალია. საკუთარ საგვარეულოში სუშა ერთადერთია, ვინც ჯერ კიდევ ბეთლემში ცხოვრობს. დანარჩენები საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ.

მის მეუღლეს ბეთლემში ცნობილ ექიმს ახლა ქალაქიდან წასვლა სურს.

„ფინანსური მდგომარეობა ძალიან ცუდია. ისრაელის მიერ აშენებული კედელი ბევრ პრობლემას გვიქმნის, გვირთულებს ცხოვრებას და ერთი ქალაქიდან მეორეში ყოველდღიურ გადაადგილებას. ეს კი ყველა პალესტინელისთვის, ქრისტიანების ჩათვლით, ცხოვრებას ამწარებს,“ აღნიშნა ექიმმა სამირ ასფურმა.

ისრაელმა უსაფრთხოების კედელი და გამშვები საკონტროლო პუნქტები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოქმედი პალესტინელების ტერორისტული თავდასხმებისგან დასაცავად ააგო.

სუჰა ასფურისთვის კედელი და შეზღუდული გადაადგილება წამების ტოლფასია. სიმწრის გრძნობით აღსავსე სუჰა ძალიან ნანობს, რომ მას წინაპართა სახლის მიტოვება უხდება, მაგრამ იგი გრძნობს, რომ მას სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გააჩნია.

„აქ მდგომარეობა ციხეს წააგავს. ბეთლემიდან გარეთ გასვლა ძნელია. ეს ქალაქი ციხედ გადააქციეს. გალიაში გამომწყვდეული ფრინველივით ჩვენ გარეთ გასვლა არ შეგვიძლია. ამდენად აქ ცხოვრება ძალიან რთულია. აქ არც ახალი სამუშაო ადგილები და არც განათლების მიღების შესაძლებლობები არსებობს,“ აღნიშნავს სუჰა ასფური.

ოდესღაც ქრისტიანები ბეთლემსა და მიმდებარე ქალაქებში უმრავლესობას შეადგენდნენ. 1948 წლის შემდეგ, როცა ისრაელის დამოუკიდებლობის ომმა ათასობით მუსლიმი არაბის გადაადგილება გამოიწვია, ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქებსა თუ დევნილთა ბანაკებში დასახლდა. შედეგად ბეთლემის შემოგარენში აიდას დევნილთა ბანაკი დაარსდა.

მართალია მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს ხანდახან უპირისპირდებოდნენ, ისინი ბეთლემში ყოველთვის თანაარსებობდნენ. საჯაროდ ორივე მხარე რელიგიურ დაძაბულობას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. აიდას ბანაკის მუსლიმი მცხოვრები, ბევრი ქრისტიანის მსგავსად, პალესტინელებს შორის შუღლის გაღვივებაში ისრაელის ოკუპაციას ადანაშაულებს.

„თუ თქვენ ქრისტიანებთან ერთად გამშვებ პუნქტებზე გადიხართ, ზოგჯერ ისრაელის ჯარისკაცები გაჩერებენ იმის გამო, რომ მუსლიმი ხარ, ხოლო ქრისტიანებს ისინი არ აჩერებენ. ზოგჯერ კი პირიქით, ისინი ქრისტიანებს აჩერებენ, მუსლიმებს კი არა,“ აღნიშნა აიდას ბანაკის მცხოვრებლმა.

მუსლიმ პალესტინელებთან შედარებით ქრისტიანი პალესტინელები უფრო მდიდრები და განათლებულები არიან. მათთვის დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია ადვილია და სწორედ ამის გამო ბევრი იქ საცხოვრებლად გადადის.

მაგრამ შორეულ ქვეყანაში უცხოელი იმიგრანტის ბედ-იღბალი ბევრს აფიქრებს. მაგრამ ასფურების ოჯახი მზად არის გაუძლოს ყველაფერს შემდეგი თაობის საკეთილდღეოდ.

სუჰა ასფურს იმედი არ გამოელია, რომ შეიძლება ცხოვრების პირობები შეიცვლება და მის ოჯაცს ბეთლემიდან წასვლა აღარ მოუხდება.

„მე ღმერთს ვეხვეწები, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ყოველთვის იმის იმედი გვაქვს, რომ ქრისტიანებს, პალესტინელებს, ჩვენს ბავშვებს უკეთესი მომავალი გვექნება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ბავშვები მსოფლიოში სხვა ბაშვების მსგავსად ცხოვრობდნენ. რათა მათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა იგემონ და საკუთარი ცხოვრება სიამოვნებით გაატარონ,“ დასძინა სუჰა ასფურმა.

ასფურისთვის ერთადერთი რამ, რომელიც ამ მიწაზე მდგომარეობას შეცვლის, ეს არის მშვიდობა.

XS
SM
MD
LG