ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები განახლდა


ჩინეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტების უქმეებზე შეხვედრის პასუხად, აზიის და ევროპის ბაზრები გააქტიურდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრამ დაძაბულობის შემცირებას შეუწყო ხელი, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული.

ორშაბათს, ტოკიოში ჩინეთში და ევროპაში, აქციებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ჩინეთის სახელმწიფო მედია ამ შედეგებს მიესალმა და ირწმუნება, რომ ამან ყურადღება მუქარიდან და საპასუხო მუქარიდან, კვლავ დიალოგზე დააბრუნა.

კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული

შაბათს პრეზიდენტი ტრამპი დათმობაზე წავიდა და დათანხმდა არ აემოქმედებინა დამატებითი ტარიფები, რომელიც კიდევ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელს მოიცავდა. ეს ტარიფები ამერიკული კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა. მან ასევე შეარბილა ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია „ჰუავეისთვის“ ამერიკული კომპონენტების მიყიდვას ეხება.

ჩინეთმა პირობა დადო, რომ შეისყიდის, როგორც ტრამპმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „ჩვენი დიდებული ფერმერების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დიდ რაოდენობას.“ თუმცა პეკინს არავითარი დაპირება არ გამოუცხადებია იმ „შავი სიის“ შესახებ, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობის მიერ „ჰუავეიზე“ დაწესებული აკრძალვის საპასუხოდ ამზადებს.

ორშაბათს გამართულ გეგმიურ პრეს-კონფერენციაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა კითხვაზე, თუ ჩინეთმა რა დათმობებზე წასვლის პირობა დადო, რიტორიკული პასუხი გასცა: „ნამდვილად ფიქრობთ, რომ ჩინეთს დათმობებზე წასვლა მართებს?“

სახელმწიფოს კუთვნილ ჩინურ ყოველდღიურ გაზეთში გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოწვევები რჩება, მაგრამ ორი ლიდერის შეხვედრა და თითქმის გარდაუვალი დაპირისპირების თავიდან აცილება თავისთავად მიღწევაა.

ჩინური სახელმწიფო ბანკის, მთავარი ეკონომისტი ლიაო ქუნი ამბობს, რომ შეხვედრის შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი და იმის მიმანიშნებელი იყო, რომ სავაჭრო დავის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება, თუმცა პრობლემა არ გადაჭრილა. ჩინელი ეკონომისტი ასევე ამბობს, რომ ბაზრები სიახლეს ამჟამად დადებითად ეხმაურებიან, მაგრამ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათი შეშფოთების მიზეზად რჩება. ჩინელი ეკონომისტი აცხადებს, რომ ბევრი ექსპერტის თქმით, ტრამპმა შესაძლოა ხვალ აზრი შეიცვალოს და ეს დიდ გაურკვევლობას ქმნის.

უარყოფითი სია

დიდი ოცეულის შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვაში ჩინეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ჩინეთის გახსნის ძალისხმევას გააგრძელებს და გლობალურ ეკონომიკას ერთობლივად გააძლიერებენ, თუმცა ჩინეთი ხშირად დებს პირობას და მას აღარ ასრულებს. კვირას ჩინეთმა გამოაქვეყნა შემოკლებული „უარყოფითი სია“ იმ სექტორებისა, სადაც ინვესტიცია აკრძალულია. უცხოური ინვესტიციებისთვის 48 სექტორის ნაცვლად 40 სექტორი იქნება მიუწვდომელი.

ლესტერ როსი, ამერიკის სავაჭრო პალატის ჩინეთის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შემცირებამ სია შეავიწროვა, მაგრამ ბევრი კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა. როსმა თქვა, რომ ასეთი მოკრძალებული ნაბიჯი ვერ დაარწმუნებს ჩინეთთან მოლაპარაკებებში ჩართულ ადამიანებს, რომ ჩინეთი სწრაფი და დიდი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

ინვესტიციების გარკვეული შეზღუდვა ყველა ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც აქვს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში „უარყოფითი სია“ ყველა წევრმა უნდა წარადგინოს, თუმცა როსი ამბობს, რომ ჩინური სიის მოცულობა საკმაოდ დიდია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG