ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IMF: ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი გლობალურ წარმოებას შეამცირებს


კრისტინ ლაგარდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი და ამის შედეგად დაწესებული და მოსალოდნელი ტარიფები 2020 წლისთვის გლობალურ ეკონომიკურ წარმოებას 0.5 პროცენტით შეამცირებს, აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ იაპონიაში დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალურ ბანკთა მმართველების შეხვედრისთვის მოამზადა, ნათქვამია, რომ სავაჭრო ომები და პროტექციონიზმის ზრდა მსოფლიო მთლიან შიდა პროდუქტს შეამცირებს. ფინანსური ლიდერები ერთმანეთს იაპონიაში ამ უქმეებზე შეხვდებიან.

საერთაშორიო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ყველა სახის სავაჭრო გაცვლაზე ტარიფების დაწესება, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკური წარმოებიდან 455 მილიარდ დოლარს გააქრობს, რაც ფონდის დირექტორის თქმით, სამხრეთ აფრიკის ეკონომიკას უდრის.

„ესენი თვითმიყენებული ჭრილობებია, რომლებიც თავიდან უნდა ავიცილოთ“, - თქვა ლაგარდმა სავალუტო ფონდის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. „როგორ? ბოლო დროს დაწესებული სავაჭრო ბარიერების დანგრევითა და დამატებით ნებისმიერ ფორმის ბარიერების თავიდან აცილებით“, - ამბობს ის.

ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფების მიზანი ამერიკელი მუშახელის დაცვაა, თუმცა ლაგარდი ამბობს, რომ შედეგები დაბალი შემოსავლების ოჯახებს ავნებს რადგან, ტარიფები სამომხმარებლო საქონელზე ფასების გაზრდას გამოიწვევს.

მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებისა, პრეზიდენტი ტრამპი პოზიციას არ იცვლის. ის ცოტა ხნის წინ ტარიფების დაწესებით მექსიკასაც დაემუქრა, თუ მექსიკის მთავრობა არ მიიღებს ზომებს მექსიკიდან შეერთებულ შტატებში იმიგრანტთა ტალღის შესაჩერებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG