ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შანხაიში საცხოვრებელი კორპუსები კოვიდ-იზოლაციის ცენტრებად გადაკეთდა


შანხაიში საოფისე ფართიც საველე ჰოსპიტლებად გადაკეთდა
შანხაიში საოფისე ფართიც საველე ჰოსპიტლებად გადაკეთდა

შანხაიმ კორონავირუსით ინფიცირების მზარდი რისკის ფონზე, საცხოვრებელი კორპუსების კოვიდ-იზოლაციის ცენტრებად გადაკეთება დაიწყო. ჩინეთის უდიდესი ქალაქის ოფიციალური პირების ეს გადაწყვეტილება კორპუსებში მცხოვრებთა პროტესტს იწვევს.

„ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მსურს სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, მაგრამ რას იგრძნობდით, თუ იცხოვრებდით ადგილზე, სადაც კორპუსები ერთმანეთისგან მხოლოდ 10 მეტრის დაშორებით დგას, იქ არცერთი კოვიდ-დადებითი არ არის და მათთან კოვიდინფიცირებულს უშვებენ“ - ადგილობრივი ქალის პროტესტის ამსახველი ვიდეო, ჩინურ სოციალურ ქსელ WeChat-ში გავრცელდა. კადრებში ჩანდა, რომ სპეციალური აღჭურვილობით შემოსილმა პირებმა, რომლებსაც ფორმაზე "პოლიცია" ეწერა, ქალი დააკავეს. მოგვიანებით სოციალური ქსელიდან ჩანაწერი გაქრა.

მოგვიანებით მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კორპუსების მართვის კომპანიამ. Zhangjiang Group-მა, რომელიც შანხაიში კომპლექსებს ფლობს, თქვა, რომ ხელისუფლებამ მისი ხუთი სრულად დაუსახლებელი კორპუსი საიზოლაციო ობიექტებად გადააკეთა. მათ ასევე განუცხადეს, რომ კომპლექსში შემავალი კიდევ ცხრა შენობაც საკარანტინე ცენტრად გადაკეთდებოდა. საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად 39 ოჯახის სხვა კორპუსში გადასახლება გახდა საჭირო.

ჩინეთის ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის თანახმად, ყველა ინფიცირებულმა, მინიმუმ 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

მარტის შემდეგ შანხაიში ინფიცირების 300 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამიტომ, ხელისუფლებამ სკოლები და ჯერ კიდევ სრულად დაუსახლებელი კორპუსები კოვიდცენტრებად გადააკეთა. რეგულაციების თანახმად, ჩინეთის ხელისუფლებას საგანგებო სიტუაციებში, აქვს უფლება დაიკავოს შენობები და სხვა საკუთრება.

XS
SM
MD
LG