ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ჩინეთში


სინჯანის პროვინციის დედაქალაქ -ურუმჩის- ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის დასავლეთში მდებარე სინჯანის პროვინციაში უცნობი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები ეთნიკურად მრავალფეროვანი პროვინციის დედაქალაქ -ურუმჩიში- ხალხით სავსე ბაზრობაზე მოხდა. „შინხუა“, ჩინეთის ოფიციალური სააგენტო, იუწყება, რომ დაშავებულთა რიცხვი 90-ს აღწევს. თვითმხილველთა მონათხრობის მიხედვით, ხალხით სავსე ბაზრობაზე ორი მანქანა შევარდა, საიდანაც ასაფეთქებელი მოწყობილობების სროლა დაიწყეს. დაახლოებით თორმეტამდე აფეთქების შემდეგ თავდამსხმელთა ერთ-ერთი მანქანა აფეთქდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჰონგ ლი შეტევას „ანტიჰუმანურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია იმაში, რომ ის ტერორისტებს გეგმებს ჩაუშლის და მათ საბოლოო დამარცხებას შეძლებს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პირობას დებს, რომ „ტერორისტები მკაცრად დაისჯებიან“.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას აუღია. რეგიონი უიღურ მუსლიმთა უმცირესობით არის დასახლებული. ტრადიციულად ჩინეთის ხელისუფლება მსგავს ქმედებას უცხოეთის მხარდაჭერით მოქმედ მუსლიმ სეპარატისტებს აბრალებს.
XS
SM
MD
LG